„ნაბუქოდან“ „სამხრეთის დერეფნამდე“

„ნაბუქოდან“ „სამხრეთის დერეფნამდე“

პროექტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "ნაბუქო", ითვალისწინებს ევროკავშირისათვის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას. იმის გამო, რომ „ნაბუქოს“ კონტექსტში საქართველო ყოველთვის სახელდებოდა სატრანზიტო ქვეყნად, პროექტი საქართველოში, ბუნებრივია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ჩვენს გადაცემებშიც ბევრჯერ გაშუქებულა.

კვირას, 14 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-მ განაცხადა, რომ გერმანიის კომპანია RWE-საგან შეისყიდა ამ უკასნაკნელის წილი „ნაბუქოში“. რას ნიშნავს ძლიერი გერმანული კომპანიის ჩამოცილება „ნაბუქოს“ პროექტიდან, ამის გასარკვევად დავუკავშირდით ენერგეტიკის საკითხების ექსპერტს, გიორგი ვაშაყმაძეს. მან თავდაპირველად აღნიშნა, რომ „ნაბუქოს“ პროექტს აღარ ენიჭება ის მნიშვნელობა, რომელიც დასაწყისში ჰქონდა, როგორც სამხრეთიდან ევროკავშირის გაზით მომარაგების წამყვან პროექტს.

მაშინ როცა, ჯერ კიდევ 2002 წელს ჩასახული გეგმით, „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა 3900-კილომეტრიანი გაზსადენის გაყვანას აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ერზრუმიდან ავსტრიამდე, ბოლოხანს პროექტის მასშტაბი შემცირდა. ახლა დაგეგმილია უფრო მოკლე მილსადენის გაყვანა - ის თურქეთთან ბულგარეთის საზღვრიდან უნდა დაიწყოს და ევროკავშირის ტერიტორიით შემოიფარგლოს. შესაბამისად შეიცვალა სახელწოდებაც. „ნაბუქოს“ ნაცვლად მას „ნაბუქო ვესტ“-ს ანუ „ნაბუქო დასავლეთს“ უწოდებენ.

„ადრე თუ „ნაბუქო“ იყო მთავარი მოქმედი გმირი კასპიის გაზის ევროპასთან მოტანასთან დაკავშირებით, ეხლა უკვე „ნაბუქო“ არის ერთ-ერთი ვარიანტი იმისა, როდესაც გაზი უკვე მოვა ევროპაში, იმის მერე ვინ გადაზიდავს მას. აქედან გამომდინარე, RWE-ს გამოთიშვა ამ პროექტიდან რეალურად არაფერს არ ცვლის. რადგან რეალურად ევროკავშირი საერთო ბაზარს აკეთებს და ყველა ქვეყნის გაზსადენები მაინც იქნება დაკავშირებული, უკვე იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მილსადენით იქნება გადატვირთული გაზი ევროპის შიგნით,“ - განმარტავს ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ვაშაყმაძე.

გერმანიის კომპანია RWE, რომელიც 2008 წელს მიუერთდა „ნაბუქოს“ პროექტს, ადასტურებს აქციების დაახლოებით 16,5%-იანი წილის ავსტრიული კომპანიისათვის მიყიდვას, თუმცა, შეთანხმების დეტალებზე რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რას ნიშნავს „ნაბუქოს“ პროექტში ცვლილებები - ევროკავშირით მისი შემოფარგვლა - საქართველოსათვის? ექსპერტ გიორგი ვაშაყმაძის განმარტებით, საქართველო კვლავაც განიხილება სატრანზიტო ქვეყნად პროექტში, რომელიც ევროკავშირისათვის კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე „ნაბუქოს“ თავდაპირველი ვერსია. ეს არის, ვაშაყმაძის სიტყვებით, „მეგაპროექტი“, რამდენიმე პროექტის კონგლომერატი „სამხრეთის დერეფანი“. კონცეფცია ევროკომისიას ეკუთვნის და არის არა მარტო სტრატეგია ენერგომომარაგების დივერსიფიცირების მიზნით, არამედ უკვე დაფინანსებითაც უზრუნველყოფილია.

რა პროექტებისაგან შედგება „სამხრეთის დერეფანი“, ექსპერტი გიორგი ვაშაყმაძე ჩამოთვლის: „უპირველეს ყოვლისა, ეს არის ორი ე.წ. ერთობლივი ინტერესის პროექტი, თურქმენეთიდან დაწყებული. ერთი თურქეთის გავლით, მეორე - თურქმენეთიდან დაწყებული და აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა და პირდაპირ ევროკავშირი, რუმინეთში დაგეგმილი ტერმინალით. და მესამე - ეს არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ახლად აღმოჩენილი გაზის საბადოების მიტანა ევროპის საზღვრებამდე. აი, ეს სამი მეგაპროექტი, რომელიც მოიცავს მათ შემადგენელ პროექტებს, არის ის, მომავალი „სამხრეთის დერეფანი“.

ამასთან, „სამხრეთის დერეფანი“ ემსახურება თავის დროზე „ნაბუქოს“ პროექტით დასახულ ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც - გვერდის ავლას რუსეთის ტერიტორიისათვის და რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას.

„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ევროპის მომხმარებლებმა მიიღონ გაზი ახალი წყაროებიდან, ახალი დამოუკიდებელი მარშრუტებით. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ითვლება სასარგებლოდ ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებისთვის. არავის არ ჰქონდეს მონოპოლია, არავინ არ გამოიყენოს გაზი, როგორც პოლიტიკური ბერკეტი... კასპიის გაზი არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე სხვა მომწოდებლების, იგივე რუსეთის. რუსული კონტრაქტები დაკავშირებულია ნავთობის ფასთან, რაც არ არის სწორი და არ უნდა იყოს. კასპიის გაზი არ იქნება დაკავშირებული ნავთობის ფასის მერყეობასთან და შესაბამისად, იქნება სტაბილური“, ამბობს ექსპერტი გიორგი ვაშაყმაძე.

როგორც ცნობილია, რუსეთი თავის მხრივ მუშაობს „ჩრდილოეთის ნაკადის“ და „სამხრეთის ნაკადის“ პროექტებზე, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად.

ბოლოს რამდენიმე რიცხვი: მარტო კასპიის ზღვის შაჰ დენიზის საბადოდან ევროკავშირს წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდიან. ამასთან, ევროკავშირს "სამხრეთის დერეფნით" გათვალისწინებული აქვს გაცილებით მეტი, წელიწადში 100 მილიარდი კუბური მეტრის შეძენა.

„თითქმის მთელი გაზი „სამხრეთის დერეფნის“ გაივლის საქართველოზე. მხოლოდ ის გაზი, რომელიც არის ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც ალბათ იქნება „სამხრეთის დერეფნის“ 10-15%, მხოლოდ ის გაზი არ გაივლის საქართველოზე. დანარჩენი ნაწილი "სამხრეთის დერეფნის", ანუ 80 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაივლის საქართველოზე“, ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი, გიორგი ვაშაყმაძე.

გეგმით, „სამხრეთის დერეფანი“ 10-12 წელიწადში ამოქმედდება.