„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილისთვის დიდი ხანია ემზადება. აქციის იდეა საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია, საქართველოში ევროპას არავინ არ ემიჯნება, მითუმეტეს დღევანდელი ხელისუფლება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყველა ის შეთანხმება, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ეხება, ოფიციალურად დამტკიცებულია, ერთობლივი დოკუმენტები შემუშავებული და მიღებული. თუ ევროპაზეა სწორება, არანაციონალიც საკმაოდ ბევრი მოიძებნება საქართველოში, ვინც ევროპულ კურსს ემხრობა, ასეთ შემთხვევაში, აქციას თავისუფლად შეიძლებოდა დღევანდელი ხელისუფლება და სხვა დასავლური ორიენტაციის პარტიებიც შეერთებოდნენ, მაგრამ რატომღაც ეს მხოლოდ ნაციონალების აქციაა.
მოკლედ, ამ აბსურდზე ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებში აქტიურად მიდიოდა მზადება ძალოვანი მინისტრების გადასაყენებლად. ყოველ შემთხვევაში ასე იგეგმებოდა მანამ, სანამ დათა ახალაიამ თავდაყირა არ დააყენა ნაციონალური პოლიტიკა. მოკლედ, ნაციონალების მთავარი სამიზნე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ჯერჯერობით, ღარიბაშვილის, როგორც მინისტრის მტკიცე ხელზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მინისტრთა კაბინეტში ის არის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ნდობით სარგებლობს. კულუარული ინფორმაციით, ასევე აქტიურად მზადდება საკმაოდ ბინძური პროვოკაცია, რომელიც 19 აპრილის აქციაზე განხორციელდება. ეს საიდუმლო არავისთვის არ არის, ინფორმაციას ფლობს ხელისუფლებაც. კონკრეტულად რა იგეგმება ამ ეტაპზე უცნობია, for.ge-ს წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, სცენარში აქციის მსხვერპლით დასრულებაზეა საუბარი. უფრო მასშტაბური ფინალი მთლად მინისტრთა კაბინეტის გადაყენება არა, მაგრამ ჯოხის შინაგან საქმეთა მინისტრზე გადატეხვა უნდა ყოფილიყო. ეს ნაციონალური გეგმებია, თუმცა რამდენად შეძლებენ მის განხორციელებას, ისევ ღარიბაშვილის უწყებაზეა დამოკიდებული.
ნაციონალების სავარაუდო სცენარების შესახებ ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, ნაციონალები დიდ იმედს ამყარებენ, რომ შეძლებენ 19 აპრილის აქცია მათთვის შედეგიანი აღმოჩნდეს და სააკაშვილმა ძალოვანი მინისტრების გადაყენება მოახერხოს. რამდენად განხორციელებადი გეგმაა?
- ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, გაუვათ თუ არა ის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი აქვთ. 19 აპრილის აქცია მართლა იმისთვის ხომ არ ტარდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპა მოსწყურდა?! ეს აქცია იმიტომ დაიგეგმა, რომ ხელისუფლების წინაშე ძალის დემონსტრირება მოეხდინათ, საკუთარი ამომრჩევლებისთვის ჩაენერგათ რწმენა, რომ ჯერ დაკარგული არაფერი არ არის. რეალურად კი, შეეცდებოდნენ ისეთი პროვოკაციების მოწყობას, რითაც გამოკვეთავდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის სისუსტეს.
რეალური დარტყმის წერტილი, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილია, რადგან ძალიან კარგად იციან შს მინისტრის პორტფელის შესაძლებლობები. არ აწყობთ ღარიბაშვილი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირია. მისი სკამის შერყევას ყველა შემთხვევაში შეცდებიან, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა დონის პროვოკაციის მოწყობას შეძლებენ და გაუვათ. ნაციონალებს უცხოეთთანაც დასჭირდებათ დასაბუთება, რატომ იღებს პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას.
თუ პროვოკაცია იქნება მასშტაბური, გამოვა პრეზიდენტი და იტყვის, რომ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს და გადააყენებს შინაგან საქმეთა მინისტრს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ვერ გაბედავს, მაგრამ „ოცნებას“ შესთავაზებს, ახალი კანდიდატურის დასახელებას. ესეც არ იქნება იოლი, რადგან ყველა პარტია ცალ-ცალკე შეეცდება, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის სისწორეში დაარწმუნოს ივანიშვილი.
ამ ყველაფრის უკან დგას მხოლოდ ის, რომ ღარიბაშვილი, პრემიერის ნდობით აღჭურვილი ადამიანი, აღარ იყოს შს მინისტრი - ეს მასშტაბური პროვოკაციის შემთხვევაში. თუ მასშტაბური პროვოკაცია ვერ გამოუვათ, მაშინ, ესეც არ იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად პრევენციულად იმოქმედებს შს სამინისტრო და არ მისცემს ჩაფიქრებული პროვოკაციის განხორციელების საშუალებას ნაციონალებს.
რაც შეეხება წულუკიანს და ალასანიას, ისინიც არიან ნაციონალების სამიზნეები?
- წულუკიანი ნაციონალებისთვის ასე მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან უკვე მეორე მოსმენით იხილება პროკურატურის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც წულუკიანის უფლებები სერიოზულად იზღუდება და მთავარი პროკურორი დამოუკიდებელი ფიგურა ხდება. ამდენად, პოლიტიკური სამიზნე წულუკიანი აღარ არის.
რაც შეეხება ალასანიას, ამ შემთხვევაში, არც ის არის სამიზნე, რადგან მას გაფუჭებული აქვს ურთიერთობა ივანიშვილთან, ყოველ შემთხვევაში, ეს ურთიერთობები ბოლომდე დალაგებული არ არის, რადგან უკვე განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ის ალასანიაში ვერ ხედავს საპრეზიდენტო კანდიდატს, რაც ალასანიასთვის სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას ნიშნავს. ამიტომ, ნაციონალებს დღეს უჩევნიათ კიდეც, რომ თავდაცვის მინისტრი ალასანია იყოს.
პრემიერს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა თავდაცვის მინისტრის დამოუკიდებლად დანიშვნისა, შესაძლოა, აქამდეც მიეღო ეს გადაწყვეტილება და ალასანია გადაეყენებინა.
რაც შეეხება ახლა უკვე დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვილ კბილაშვილს?
- კბილაშვილის მთავარი პროკურორობა ნაციონალებისთვის კომფორტულია, ისინი ხედავენ, რომ პროკურატურის მხრიდან მათ პრობლემები არ ექმნებათ, რადგან ერთადერთი, ახალაია აღმოჩნდა ციხეში და მეორე - 19 აპრილს კბილაშვილის თემას ვერ მიაბამენ, ამისი დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ, მთავარ პროკურორს არანაირი ვალდებულება არ აქვს, უზრუნველყოს წესრიგი აქციის დროს.
ღარიბაშვილის შს სამინისტროდან ჩამოცილებით რას იგებს „ნაციონალური მოძრაობა“?
- დღეს ნაციონალებს მხოლოდ და მხოლოდ ღარიბაშვილი აინტერესებთ, რადგან იციან შს სამინისტროს ტექნიკური შესაძლებლობები, იციან ისიც, თუ რას ნიშნავს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი შენი ერთგული კადრია. იმიტომ გაძლო სააკაშვილმა 9 წელიწადი ხელისუფლებაში, რომ მისი ერთგული კადრი იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც არ იყო იმდენად ამბიციური, რომ პირველობა მოენდომებინა და რა პრობლემა შეექმნა, როდესაც ახალაია დანიშნა შს მინისტრად. სწორედაც რომ კარგად იციან შს მინისტრის ფასი.
შევარდნაძის ხელისუფლებაც თარგამაძის გადაყენებით გატეხეს წელში. იმაზეც კი წავიდნენ, რომ ჟვანიამ თავისი პარლამენტის თავმჯდომარეობა გაცვალა ამაში. დღესაც იგივე ვითარებაა.
როგორ შეიძლება განვითარდეს სცენარი, თუ სააკაშვილი ღარიბაშვილს გადააყენებს?
- სააკაშვილი არგუმენტებად გამოიყენებს იმას, რომ არ გადააყენა მინისტრთა კაბინეტი მაშინ, როცა ამისი საშუალება ჰქონდა და სტაბილურობისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებზეც კი დათანხმდა. იტყვის, რომ ხსნის მხოლოდ ერთ მინისტრს, რომელმაც ვერ უზრუნველყო სტაბილურობის დაცვა. იტყვის, რომ არ ცდილობს თავისი გუნდის წევრის დანიშვნას მინისტრად და კოალიციას სთავაზობს ისევ საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება პროვოკაციის მასშტაბურობაზე. თუკი ისეთი პროვოკაცია იქნება, რომ ხელისუფლებას გასამართლებელი არგუმენტებიც კი არ ექნება, მაშინ ეს ადვილად გამოუვათ ნაციონალებს. თუმცა, 8 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო, კოალიციაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ღარიბაშვილი დაადანაშაულეს.
რა შეიძლება იყოს ეს მასშტაბური პროვოკაცია, დარბევა?- ხელისუფლება ვიცით, რომ ამაზე არ წავა...
- არ მინდა ვიფიქრო იმ სისაძაგლეებზე, რაც შეიძლება ნაციონალების თავში მოიხარშოს. არ მინდა დავუშვა, რომ იქნება მსხვერპლი და ეს დღე ერთ-ერთ ტრაგიკულ დღედ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. შეიძლება, ძალიან ბევრის გაკეთებაც უნდოდეთ თავის გადასარჩენად, პოლიტიკაში დასარჩენად და შემდეგ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ შს სამინისტრო არის ის უწყება, ვისაც შეეძლება ამ ყველაფრის აღკვეთა. ვიცი, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გეგმავენ, მაგრამ რას, ეს ყველაზე უკეთ თვითონ ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად მიიღებენ თვითონ შს სამინისტროს კადრები მონაწილეობას ნაციონალების სცენარში. ხშირად ვსაუბრობდით, რომ წამყვან თანამდებობებზე ნაციონალების კადრების დატოვება სახიფათოა. დღეს შეიძლება, ვინმემ გამოიყენოს ეს კადრები საკუთარი მიზნებისთვის. თვითონ შს სამინისტროშიც ძალზე მძიმე სიტუაციაა, სულ ახლახან გათავისუფლდნენ წამყვანი თანამდებობის პირები, არეულობაა, სამინისტროში კადრების ცვლილებათა მოლოდინში არიან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შს სამინისტროს ქვედა და საშუალო რგოლებში ბოლომდე ამ მთავრობის გადაწყვეტილებებით კმაყოფილები არ არიან და ვის თამაშს ითამაშებენ, ესეც საკითხავია.
დავუშვათ, მოახერხეს ნაციონალებმა ამ პროვოკაციის მოწყობა, სააკაშვილმა გადააყენა ღარიბაშვილი, შემდეგ რა ხდება, პარლამენტი ამტკიცებს, ან არ ამტკიცებს კანდიდატურებს...
- შესაძლებელია, ისეთი ვითარებაც იყოს, რომ გარკვეულწილად უკან დახევაც კი მოუხდეს „ოცნებას“, იმ ელჩებთან კონსულტაციების საუძველზე, რომლებიც აუცილებლად ჩაერთვებიან ამ პროცესში სიტუაციის დასალაგებლად.
საფუძვლებია ჩემთვის ძალზე საინტერესო, რა საფუძვლები ექნება სააკაშვილს, რომ მიიღოს, ან არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება - ეს უფრო მნიშვნელოვანია.
თუ პარლამენტი წინააღმდეგი წავიდა და არ დაამტკიცა ახალი კანდიდატი, ერთი მინისტრის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა საქმე მივიდეს პარლამენტის დათხოვნამდე?
- არა, არ ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე მივა, პირველ რიგში, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს არის პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“. ისეთ პროვოკაციაზე არ წავლენ, რომ ისიც დაკარგონ, რაც დღეს აქვთ.
ეს გახდება, უბრალოდ, ვაჭრობის საგანი და ხომ იცით, ვაჭრობაში როგორაა, იგებს ის, ვინც უფრო პრინციპული და თანმიმდევრულია. ისიც არ მეგონა, რომ სარეიტინგო კენჭისყრას დაუთმობდნენ, მაგრამ დათმეს და საბოლოოდ, რას გადაწყვეტენ, ეს არ ვიცი.
დავუშვათ, კოალიცია წავიდა დათმობაზე და დაამტკიცა ახალი მინისტრი, შემდეგ როგორი სცენარით იმოქმედებენ ნაციონალები?
- შეეცდებიან ნელ-ნელა დაშალონ მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მართული ჯგუფების მეშვეობით მიაყენონ პერმანენტული დარტყმები სხვადასხვა უწყებებს, მოახდინონ უწყების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების დემორალიზაცია და ნელ-ნელა ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში დაამყარონ დაუსჯელობის სინდრომი.
აუცილებლად იქნება განხილული გეგმა, რომ „ნაცმოძრაობას“ გამოეყოს ლიბერალური ფრთა, რომელიც ცალკე პარტიას შექმნის. ამიტომ ემიჯნებიან ახალაიებს ადეიშვილს და მეგის ქარდავას. რეალურად, მივიღებთ ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას. დღეს უკვე 20 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება 19 აპრილის მიტინგს. შემდეგ ნებისმიერ თემაზე შეეძლებათ გამოვიდნენ და განაცხადონ, რომ რაღაც საკითხზე 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ რაღაც მანიფესტი გამოაქვეყნა.
დააკვირდით, რა აქტიურად მუშაობენ სტუდენტებთან და ა.შ. მთელი მექანიზმი იმუშავებს იმაზე, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების პარალიზება მოახდინონ. თუ ისეთი ვითარება შენარჩუნდა ქვეყანაში, როგორიც დღეს არის, ამას აუცილებლად მიაღწევენ, თუ ასე გაგრძელდა, 5-6 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება. თუ დღეს ლიბერალები გამოეყოფიან ნაციონალებს, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღარ გაერთიანდებიან.
თანაც, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას ვერავის ვერ აუკრძალავ...
- თან ეს არ იქნება ქაღალდზე დაუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ექნებათ დიდი დაფინანსება და ნაციონალები შეეცდებიან, რეალურად დააკავშირონ უცხოელებთან. ეს არასამთავრობოები აქტიურად იმუშავებენ და მუდმივად იქნებიან პროცესებში ჩართულები. სამინისტროები ან პარლამენტი როდესაც რაღაც პროექტებზე მუშაობას შეუდგებიან, ისინი განხილვაში ჩართვას მოითხოვენ და ა.შ. ნელ-ნელა მოიპოვებენ გავლენას და მედიასივრცის ოკუპირებას მოახდენენ, საზოგადოებას დამოუკიდებელ ექსპერტებად შეაჩვევენ თავს, პარალელურად კი, როცა დრო მოვა, „ნაცმოძრაობის“ თამაშს ითამაშებენ და ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესასუსტებლად და ჩამოსაშლელად.
მე ვსაუბრობ ნაციონალების გეგმაზე, გამოუვათ ეს ყველაფერი თუ არა, ისევ და ისევ დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ახალაიების ფაქტორი გამოიწვევს თუ არა განხეთქილებას ნაციონალებში ჩაშლის თუ არა მათი 19 აპრილის გეგმებს და იქნება თუ არა ეს ნაციონალების დასასრულის დასაწყსი?
- არ იქნება, რადგან ისინი დიდი ხანია, ცდილობენ გაემიჯნონ ახალაიებსაც და ადეიშვილსაც, ცდილობენ მთელი ეს 9-წლიანი ბოროტება ამ ოთხ ადამიანს გადააბრალონ, - სამ ახალაიას და ერთ ადეიშვილს. სააკაშვილმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა კიდეც, ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა და ამან დაგვანგრიაო. ნაცმოძრაობა თვითონ ცდილობს მათთან დისტანცირებას, ფიქრობენ, რომ ხალხის აგრესია მხოლოდ ამ ოთხ ადამიანზე გადავა და თვითონ მეტ-ნაკლებად, სუფთა პოლიტიკოსებად დარჩებიან. ახლაც იმედი აქვთ, დათა ახალაია ჩამოვა, რაღაცეებს იტყვის, მაგრამ მტკიცებულებები არ იარსებებს. მართლაც ახალაიას ჩვენება მხოლოდ მაშინ იქნება ფასეული, თუ ექნება მტკიცებულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც არსებობს ქვეყანაში, რამდენად მასშტაბური იქნება 19 აპრილის აქცია?
- ვიცი, რომ ნაციონალები სერიოზულად მუშაობენ, მართავენ შეხვედრებს, გამოიყენებენ, ალბათ, ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსებსაც, ვიღაცეებს სამსახურების დაკარგვით დაემუქრებიან და ძალით გამოიყვანენ. იქნებიან ფუნდამენტალი ნაციონალებიც, ასე რომ, ხალხი იქნება, მაგრამ არა იმ რაოდენობის, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია.