ისევ ახალი სამუშაო ადგილების მოლოდინში

ისევ ახალი სამუშაო ადგილების მოლოდინში

რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია - ახალი სამუშაო ადგილები არ ჩანს და ვაკანსიების რაოდენობაც შემცირებულია. ჯერჯერობით არც ბიზნესი გააქტიურებულა იმ დონეზე, რომ ამ კუთხით შედეგები ახლო მომავალში მოვიმკათ.

დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე წინა წლებისგან განსხვავებით ვაკანსიების რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო hr.com.ge-ზე, შარშანდელთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 20%-ით შემცირდა. დასაქმების სააგენტო „პერსონალი“ ვაკანსიების შემცირების ფაქტს ადასტურებს. თუმცა ისინი დეფიციტს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია.

„ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ ვითარება გაუარესდა და ქვეყანაში დასაქმების პრობლემა გაჩნდა. გარდა იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილი არ არის, არც დასაქმების მოლოდინია. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგადაა, რეალურად სხვა სიტუაციაა. 

როგორც ყოველთვის, ახლაც „ნაცნობობით დასაქმებას“ მეტი პერსპექტივა აქვს. ამიტომ ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიების კლება. ამ პროცესს მიზეზად აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საფუძველიც“, - განმარტავენ „პერსონალში“.

ბიზნესასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე დასაქმების პორტალებზე ვაკანსიების შემცირებას ქვეყანაში არსებული დაბალი ეკონომიკური აქტივობით ხსნის. ამასთან ვაკანსიების შემცირება ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილების თანმდევიცაა. ლაშა ახალაძის თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, ძირითადად, არა ინფრასტრუქტურულ, არამედ სოციალური პროექტებზეა გათვლილი, რაც სამუშაო ადგილებს არ ქმნის.

ახალაძის აზრით, იმისთვის, რომ ბიზნესი გააქტიურდეს და დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნას, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს, ხოლო მოლოდინის რეჟიმის დასრულება ახალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს ბიზნესასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დასამტკიცებლად გამზადებული შრომის კოდექსმა, შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. კერძოდ, დამსაქმებლები გაცილებით კონსერვატიულად მოეკიდებიან სამსახურში ახალი კადრების აყვანის საკითხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილი პერსონალების აყვანას, რასაც შედეგად მოჰყვება ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდა, ასევე ვაკანსიების შემცირება.

ბიზნესასოციაციაში თვლიან, რომ საბოლოო ჯამში, შრომის ბაზარზე კონკურენცია შემცირდება, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის გაზარმაცებას, რადგან წარმოდგენილი პროექტი გარანტიას აძლევს დასაქმებულებს კვალიფიკაციის მინიმალური შესაბამისობის პირობებშიც კი უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ადგილით. შემცირდება სამუშაო ძალის როტაცია კომპანიებს შორის, რადგან დასაქმებულსაც გაუჭირდება სხვა კომპანიაში სამუშაოდ გადასვლა, ვინაიდან კომპანიები ზედმეტად კონსერვატიულები იქნებიან ახალი კადრების აყვანისას, რაც ასევე ცუდია შრომითი ბაზრის განვითარებისათვის.

ამ მოსაზრებას არ იზიარებენ გაერთიანებულ პროფკავშირებში. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დასაქმების მაჩვენებლის გაუარესება არ შეიძლება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდებოდეს. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას აზრით, ვაკანსიების შემცირება ჩვეულებრივი სეზონური ცვლილებაა, რომელიც წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება ხოლმე.

„დასაქმების სააგენტოები არ აქვეყნებენ მონაცემებს, რის გამოც დასკვნის გაკეთება გვიჭირს. ეს მათ, როგორც კერძო კომპანიებს, არც ევალებათ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური კი ასეთ მონაცემებს არ ფლობს. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო, ვაკანსიების შემცირებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ვერ დავუკავშირებ. მიზეზად უფრო ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას მივიჩნევ.

საერთოდ კი, ჩვეულებრივი სეზონური ცვლილებაა, რომელიც წლის პირველი კვარტლისთვისაა დამახასიათებელი. ჩემი აზრით, განგაშის საფუძველი არ უნდა იყოს, დასკვნების გამოტანას არ ვიჩქარებდი“, - ამბობს გოჩა ალექსანდრია.