პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.
„სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და ჩვენს საზღვარს დავიცავთ. ბელარუსის რეჟიმი თავს ესხმის პოლონეთის საზღვარსა და ევროკავშირის საზღვარს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.
პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.