გერმანია ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა.
ჰაიკო მაასის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტებს უსინდისოდ იყენებს და პოლონეთთან საზღვარზე აგზავნის.
„სანქციებს დავუწესებთ ყველას, ვინც მიგრანტების მიზანმიმართულ უკანონო გადაყვანაში მონაწილეობს. ლუკაშენკომ უნდა გაიგოს, რომ მისი გათვლები არ მუშაობს. ევროკავშირის შანტაჟი არ შეიძლება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ბელარუსში 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები შეიძლება დაუწესოს. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება შეიყვანონ. შეზღუდვები, სავარაუდოდ, ასევე შეეხება იმ პირებს, ვინც ევროკავშირის საზღვრებთან საიმიგრაციო კრიზისს უწყობს ხელს.
9 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაცია მიუღებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაფართოებული რეჟიმი საბოლოოდ დაამტკიცონ.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.
პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.