„რეჟიმის მსხვერპლნი“

„რეჟიმის მსხვერპლნი“

„ძმები ახალაიები სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მკაცრი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ“, - ექსპერტ გია ხუხაშვილის ამ ნათქვამმა საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა მოლოდინიც, რომ მათდამი ლმობიერი გამონათქვამებისა და სავარაუდო დაპირებების ფონზე, ახალაიები ალაპარაკდებიან და იტყვიან იმას, რაც ნაციონალების იმიჯს კიდევ უფრო შეარყევს.  

კერძოდ, ექსპერტის განმარტებით, დათა ახალაიას ყოველივეს გასაცნობიერებლად და იმის დასანახად, რომ ეს ყველაფერი სხვების მიზნების ასრულებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, გარკვეული დრო დასჭირდა. დღეს კი, როდესაც მისი ძმა ციხეშია და ძალიან ბევრი დანაშაულის გამო მასაც მსგავსი სანქციები ემუქრება, იგი დადგა რეალობის წინაშე და გააცნობირა, რომ ის მიზანი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ემსახურებოდნენ, სინამდვილეში, ძალაუფლების მოყვარული ადამიანების მანიპულირების ინსტრუმენტი ყოფილა. 

გია ხუხაშვილის ამგვარი შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დათა ახალაიას სახელით საგანგებო მიმართვა გავრცელდა, რომლის ავტორიც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ქვეყანაში მომხდარ არაერთ უბედურებაში შს ექს–მინისტრსა და ყოფილ პრემიერს, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.

მოგვიანებით, გია ხუხაშვილმა საკუთარი ნათქვამი განმარტა და დააკონკრეტა, რომ მართალია, ძმები ახალაიები, როგორც დამნაშავეები, უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამ ქვეყანაში მათზე დიდი დამნაშავეები მოიძებნებიან და დამკვეთი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე შემსრულებელი. ახალაიები კი უბრალო შემსრულებლები იყვნენ.

ეს პირველი შეფასება არ არის, როცა ცალკეული ნაციონალები სისტემის მსხვერპლად მოიაზრებიან. უფრო ადრე მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი უწოდა. მეტიც, ბიძინა ივანიშვილს არ სმენოდა, რომ კუბლაშვილს ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ქრთამები აეღოს ან სიმდიდრე დაეგროვებინოს. პრემიერის დახასიათებით, როცა საქმე სისტემის და სააკაშვილის მოთხოვნებს ეხებოდა, კუბლაშვილი ამას ვერ უმკლავდებოდა, თუმცა ის საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ადამიანია, გაკეთებული აქვს ბევრი კარგი საქმე და ამიტომ ყველაფრის ხაზის გადასმა არ შეიძლება. ამიტომაც ივანიშვილი კუბლაშვილს თავისი ვადის ბოლომდე დასრულებას უწინასწარმეტყველებდა.

პრემიერის ეს ნათქვამი საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, როგორც ინდულგენცია ნაციონალებისთვის, თუმცა კოტე კუბლაშვილმა თავადვე იუარა, რომ ის სააკაშვილის იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და აღნიშნა, რომ ცდებოდა პრემიერი. ამასთან, განმარტა, რომ მისთვის ერთადერი იდეოლოგია სასამართლოს დემოკრატიაა.

რას ნიშნავს ბოლოდროინდელი განცხადებები სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთან დაკავშირებით და გახდება თუ არა ასეთი შეფასებები ინდულგენცია დამნაშავე ნაციონალებისთვის? როგორ გაიგებს ნაციონალების მიმართ ასეთ ლმობიერ შეფასებებს სამართლის მოლოდინში მყოფი ჩვენი საზოგადოება?

ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფალთა მხრიდან ამჩნევს მცდელობას, რომ რაღაცნაირად შემოისაზღვროს ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ბოლო ათწლეულში განვითარებულ მოვლენებზე.

გარდა ამისა, ექსპერტი ფიქრობს, რომ, გარკვეულწილად, ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ პირველ და მეორე ეშელონებში მოღვაწე პირთა შორის გააჩინოს გარკვეული დაპირისპირების ელემენტი და ეს ადამიანები უფრო ადვილად და გახსნილად წამოვიდნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. კერძოდ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ, თუ სიმართლეს იტყვიან და რეალურ ფაქტებს დადებენ, მაშინ ისინი, მათი დანაშაულის მიუხედავად, არ იქნებიან წარმოჩენილნი, როგორც ნაციონალური რეჟიმის ინიციატორნი და შემქმნელნი.

ამდენად, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფალთა ასეთ მიდგომას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, რომ ასეთ ვითარებაში რეჟიმის სრულად წარმოჩინება მოხდება ყოველგვარი ძალდატანების, რეპრესიებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე. ასეთი მიდგომა კი, გარკვეულწილად, ამართლებს.

„შესაძლოა, ეს მართლაც იმას ნიშნავდეს, რაზედაც საზოგადებაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ პირადად ჩემთვის, ასეთი მიდგომა სრულიად მისაღებია, რადგან ჩვენი საზოგადოება დაინახავს, რომ მთლიანად მოხდება რეჟიმის გამოვლინება. ეს მარტო შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი აუცილებელი პირობა არ არის, არამედ გარე მოხმარებაზეცაა გათვლილი.

მოდით, სიმართლე ვთქვათ, ნებისმიერ მათგანს, რა თქმა უნდა, შეეძლო, დაკავებულ თანამდებობაზე უარი ეთქვა და არ ყოფილიყო თანამონაწილე იმისა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა ეს საკმაოდ რთულია. მთავარია, ის ადამიანები, ვინც ქმნიდა ამ რეჟიმს და მას რეპრესიულ ხასიათს აძლევდა, დასჯილნი და გასამართლებულნი იყვნენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, ვარაუდობს, რომ მეორე ეშელონიც სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აცდება, ხოლო მესამე და მეოთხე ეშელონი - ზნეობრივ პასუხისმგებლობას. მთლიანობაში კი, ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ და გავიაზროთ ეს რეჟიმი. ამიტომ შესაძლოა, ეს ხელისუფალთა მხრიდან იყოს გარკვეული ინდულგენციების მიცემა ვიღაცებისთვის.

„არა მგონია, ეს სახიფათო, ან ცუდი მოვლენა იყოს. პირიქით, ეს ნორმალური პროცესია და ხელს შეუწყობს რეჟიმის წარმოჩინებას სრული სახით, რათა შეფასება მივცეთ  ქვეყანაში ბოლო ათწლეულში დამკვიდრებულ მმართველობას“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.       

ადვოკატი ლია მუხაშავრია ახალაიებისა და კოტე კუბლაშვილის რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას უფრო პოლიტიკურ შეფასებად მიიჩნევს, ვიდრე - სამართლებრივად. თუმცა, მისთვის, როგორც იურისტისა და ადვოკატისთვის, მხოლოდ გამოძიების ჩატარების შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ არის მსხვერპლი, ვინ - ორგანიზატორი, დამკვეთი და შემსრულებელი.

ამ ყველაფერს ლია მუხაშავრია ასოციაციით უკავშირებს ნიურნბერგის პროცესს, სადაც ჰიტლერის გარდა კიდევ რამდენიმე ათეული ბრალდებული იყო და ისინი გაასამართლეს არა როგორც შემსრულებელი და მსხვერპლი, არამედ, როგორც დამნაშავე. ამდენად, თუკი ამ ლოგიკით მივუდგებით, მაშინ ახალაიები ვერ იქნებიან მსხვერპლნი. თუმცა, ვიდრე გამოძიებას არ უთქვამს თავისი სიტყვა, ადვოკატს წინმსწრებად რაიმეს თქმა უჭირს.

მისი თქმით, სისხლის სამართალი დანაშაულში სხვადასხვა ხარისხისა და მონაწილეობის ტერმინებს ცნობს. ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება დანაშაულის ორგანიზატორი, შემდეგ მოდის შემსრულებელი, შემდეგ - დამხმარე და ყველა ისინი დანაშაულში თანამონაწილეები არიან და ეს იმის კვალობაზე განისაზღვრება, თუ ვინ რა როლი შეასრულა დანაშაულის ჩადენისას.

უფრო მეტიც, ლია მუხაშავრიას განმარტებით, ერთ ეპიზოდში შეიძლება, კაცი ორგანიზატორი იყოს, მეორეში ეპიზოდში - დამხმარე, ან აღმასრულებელი. ამიტომ, ეს ყველაფერი გამოძიების საქმეა და ამის შემდეგ სასამართლომ უნდა შეაფასოს.

„ასეთი შეფასებების გაკეთება, შეიძლება, რაიმე მიზანს ემსახურებოდეს, მაგრამ არამც და არამც სამართლიანობის აღდგენის მიზანს, ან ჩვენი უახლოესი დანაშაულებრივი წარსულის სამართლებრივ შეფასებას. ამ შემთხვევაში, ინდულგენცია უვარგისი ცნებაა. სისხლისმსმელი და მკაცრი მართლმსაჯულების მომხრე არ ვარ და ვფიქრობ, მართლმსაჯულება ჰუმანური უნდა იყოს. არც იმის მომხრე ვარ, უამრავი ადამიანი დავიჭიროთ, რადგან ეს ადამიანები იმდენნი არიან, რომ შეიძლება, ისევ ჩემპიონები გავხდეთ ევროპაში პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მაგრამ მე მინდა, ყველას ბრალეულობა, ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ და დადგენილ იქნეს, მტკიცებულებებით უტყუარად გამყარდეს და მერე თუნდაც ვაპატიოთ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ამ ადამიანების ნაწილს შანსი უნდა მივცეთ, აღიარონ დანაშაული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ვაპატიებთ. ვინც მძიმე დანაშაულის ჩამდენია, მას ვერ ეპატიება. 

ადვოკატის აზრით, სანამ არ გაირკვევა, ვინ რა დააშავა, ინდულგენციებზე საუბარი შეუძლებელია. სამართლებრივ ჭრილში ინდულგენცია ვერ შეუწყობს ხელს, რომ ჩვენ უახლოესი უბედურება და ჯოჯოხეთი სწორად გავაანალიზოთ. ამიტომ დღესდღეობით უპირველესი ამოცანაა, გავარკვიოთ, ვინ რა დააშავა და რა ზომით, რათა მომავალში იგივე არ დაგვემართოს.

„დამნაშავემ უნდა აღიაროს და გაისიგრძეგანოს, რაც ჩაიდინა. თუ მან ვერ გაისიგრძეგანა რაც ჩაიდინა და ასეთი ადამიანები არ დავსაჯეთ, ხვალ შეიძლება, უარესი გააკეთონ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების მსხვერპლად მოხსენიება არავის არ ათავისუფლებს კონკრეტული დანაშაულისგან. მით უფრო, ახალაიებს არ ათავისუფლებენ იმ პასუხისმგებობისგან, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებზე დადგა.

„ვეთანხმები გია ხუხაშვილს, დიახ, დანაშაულს ჰყავს თავისი არქიტექტორები და შემსრულებლები, მაგრამ კონკრეტულ დანაშაულში ყველა ადამიანის დანაშაულის სიმძიმე უნდა განსაზღვროს სასამართლომ. ჩვენ ინდულგენციის არანაირი უფლება არ გვაქვს და სიტყვა „მსხვერპლი“ არ ნიშნავს უდანაშაულოს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.     

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაულის მსხვერპლს უწოდებენ, სისხლის სამართლის ენაზე ჩვეულებრივი დამნაშავეა და პასუხისმგებლობას ექვემდებარება. თუმცა არის მეორე საკითხიც, ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს, თუკი ესა თუ ის დამნაშავე თავისი მოქმედებით ხელს უწყობს უფრო დიდი დამნაშავეების და დიდი დანაშაულის გახსნას, მაშინ იგი გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განსაკუთრებით, ანგლო-ამერიკულ სამართალშია ეს ინსტიტუტი განვითარებული და ჩვენთანაც შემოვიდა 2004 წლის თებერვლიდან.

ამიტომ, სახელმწიფომ სასწორის ერთ პინაზე უნდა დადოს დამნაშავე ადამიანის ქმედებები, მაგრამ მეორე პინაზე უნდა დადოს ის, თუ რა კრიმინალური მოქმედებების სიმართლის მოფენას ემსახურება ამა თუ იმ ადამიანებთან, დამნაშავეებთან თანამშრომლობა.

„თუ სახელმწიფო მივა დასკვნამდე, რომ ახალაიას ან ნებისმიერი სხვა პიროვნების თანამშრომლობა სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ სახელმწიფოს აქვს უფლება, ასეთ დამნაშავეებს თანამშრომლობა შესთავაზოს, სასჯელი შეუმსუბუქოს, ან პასუხისმგებლობისგან მთლიანად გაათავისუფლოს. პირადად მე კონკრეტულად არ ვიცი, რომ ის ადამიანი, რომელსაც მსხვერპლს უწოდებს ჩვენი სახელმწიფო, რა ინფორმაციის მატარებელია და რა სიკეთეს მოუტანს გამოძიებას?“- ამბობს მერაბ ტურავა.

მისი თქმით, თუ დამნაშავე პირი გამოძიების ინტერესებისთვის არსებითი მოვლენებისა და ფაქტების გამომზიურებელი არ არის, მაშინ მასთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, ის, რომ ცალკეული ადამიანი დამნაშავეა და მას არაფერი არ უნდა ეპატიოს, სამართლებრივად სწორია, მაგრამ სამართალი ყოველთვის არ ემსახურება ნებისმიერი დამნაშავის დასჯას. ამდენად, შესაძლოა, მოქალაქეებმა ეს უფრო დადებითად მიიღონ, ვიდრე ის, რომ ერთი „კინკილა“ დამნაშავე დაისაჯოს და მასზე უფრო დიდი დამნაშავეები თავისუფლად დადიოდნენ.

მერაბ ტურავას განმარტებით, სწორედ ეს არის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არსი ანგლო-ამერიკულ სამართალში კონტინენტალური ევროპის ქვეყნებში.