ბოლო რამდენიმე კვირაა „საქართველოს ფოსტის“ ირგვლივ მოვლენები გააქტიურდა და დაიძაბა კიდეც. ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზაციაში და მის გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება მდგომარეობა - დაწყებული გადაზიდვებთან დაკავშირებული ტენდერიდან, თანამშრომელთა კონკურსით დასრულებული.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტის“ ახალი ხელმძღვანელობა თანამშრომელთა მორიგ დათხოვნას გეგმავს.
კავშირგაბმულობის პროფკავშირის და „საქართველოს ფოსტის“ პროფკავშირული კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ ფოსტის თანამშრომლებს კოლექტიური ხელშეკრულება უკანონოდ გაუუქმდათ, რითაც გრძელვადიანმა კონტრაქტებმა ძალა დაკარგა.
„შესაბამისად, ფოსტის თანამშრომლებს, რომლებსაც პროფკავშირის მიერ ბრძოლით მოპოვებული კონტრაქტები ერთიდან 3 წლამდე ვადით, ზოგ შემთხვევაში კი უვადოდ ჰქონდა გაფორმებული, ბოლო 5 თვეა ერთთვიან ხელშეკრულებებს უკანონოდ უფორმებენ. ამ თვეების განმავლობაში ორგანიზაციიდან უკვე 120 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი ნაწილი მოულოდნელად დანიშნული ატესტაციის შედეგად გაუშვეს. 27 აპრილს კი (დასაქმებულთა ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ) დათხოვნების ახალი ტალღაა მოსალოდნელი“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირმა, ფოსტის თანამშრომლებთან ერთად ეკონომიკის მინისტრს, ქვეყნის შრომითი დავებისა და სოციალური დიალოგის სახელმწიფო კომისიას და სახალხო დამცველს უკვე მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა. პროფკავშირში აცხადებენ, რომ ფოსტის ადმინისტრაციამ პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად ე.წ. „ფოსტის განვითარების კავშირი“ ჩამოაყალიბა და თანამშრომლებს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.
„ფოსტის განვითარების კავშირის, ამ ყვითელი, ანუ „ჯიბის პროფკავშირის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზნად - დასაქმებულთა უფლებების დაცვა სახელდება. კავშირის დამფუძნებლები კი თავად ფოსტის ხელმძღვანელები დეპარტამენტების დირექტორები, იურიდული და ადმინსტრაციული განყოფილებების ხელმძღვანელები არიან, სწორედ ისინი ვინც თანამშრომელთა უფლებებს ბოლო თვეებია უხეშად არღვევენ. იგივე დამსაქმებლები, კავშირის საწევროს სახით, თანამშრომლებისგან თვეში 5 ლარის გადახდასაც ითხოვენ, რასაც ახალი დირექტორი ლევან ჩიკვაიძეც ახალისებს“, - აღნიშნავენ პროფკავშირებში.
თანამშრომლები ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან, თუმცა ერთთვიანი ხელშეკრულებების გამო სამსახურის დაკარგვის შიშით კავშირში გაერთიანებას თანხმდებიან. არსებული გარემოებების გამო, დასაქმებულები პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო ღონისძიებებში ღიად და აშკარად ვეღარ მონაწილეობენ. პროფკავშირებში არ გამორიცხავენ, რომ ფოსტის გენერალური დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრან. ასევე, მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი საჩივრით, თუ აღნიშნული დანაშაული დროულად არ აღიკვეთება.
„საქართველოს ფოსტაში“ პროფკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უარყოფენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, 120 თანამშრომელი ტესტირების საფუძველზე გათავისუფლებული არ არის.
„ტესტირება ჩატარდა იმისთვის, რათა ხელმძღვანელობას ამ პირების კვალიფიკაციის დონე გამოევლინა და ცოდნოდა, რა კუთხით სჭირდებოდათ მათ გადამზადება. ამ მიზნით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისსა და დასავლეთ საქართველოში ოპერატორებისა და კურიერებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ახალი ატესტაცია კი 27 აპრილს გაიმართება და იგი შეფასებითი იქნება.
ვინც ვერ ჩაბარებს, სამუშაოდან გათავისუფლდება. ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით საფოსტო მომსახურეების სერვისცენტრების 300-მდე თანამშრომელს შეეხება“, - აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო 5 თვეა, ერთთვიანი ხელშეკრულებებით მუშაობენ და ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულებები თანამშრომლებს ავტომატურად შემდეგ უგრძელდებათ.
„საქართველოს ფოსტის“ ირგვლივ ბოლო პერიოდში ბევრი სხვადასხვაგვარი გაურკვევლობაა. მაგალითად, დიდი დაპირისპირება გამოიწვია ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადაზიდვებთან დაკავშირებით, რომელიც ფოსტას, გარკვეულწილად, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ასე ფიქრობენ გადამზიდავები, არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი ექსპერტებიც.
„ჩემი აზრით, ეს არის გადაზიდვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სხვა ადგილობრივ გადამზიდავებთან შედარებით, „საქართველოს ფოსტა“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა. ასეთი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ მიეღო, ის ამაზე, დიდი ალბათობით, თვალს დახუჭავდა, ან უკეთეს შემთხვევაში, ძალზედ ზომიერი მითითებით შემოიფარგლებოდა. და მაინც, მე ვთვლი, რომ კარგი იქნება თუ ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება ნაწილობრივ მაინც გადაისინჯება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ.
პაპავას იმ შეფასებას მალევე გამოეხმაურა თავად ფინანსთა მინისტრი. „საქართველოს ფოსტა“ არანაირ უპირატეს მდგომარეობაში არაა. სამი თუ ოთხი კომპანია მუშაობს საქართველოში ამ მიმართულებით და ყველა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. მხოლოდ ფოსტა არაა ბაზარზე“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ ბრძანების გადახედვა არ იგეგმება.