საავტომობილო ზეთების ბაზარზე ვითარება სულ უფრო მძიმდება. ბრენდირებული პროდუქციის იმპორტიორები უკვე საგონებელში არიან ჩავარდნილები. ისინი საცხებ-საპოხი მასალების სპეციალურ მარკირებასაც კი მოითხოვენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა და იმპორტიორებმა საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ერთიანი საავტომობილო ადმინისტრაციის, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, დამოუკიდებელი ლაბორატორიები, საავტომობილო ზეთების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების ხელმძღვანელობა.
დღეს საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან რთული. ბოლო წლებში პრობლემაა ზეთის ფალსიფიკაცია და სხვისი სამარკო ნიშნის გამოყენება. ამ მხრივ ვითარება უფრო და უფრო მძიმდება. ფალსიფიკაციის მასშტაბები არათუ მცირდება, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ იზრდება. აღნიშნული პრობლემა აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე მომხმარებელს და თვით კომპანიებს.
ფალისფიკაციის სქემა ასეთია: დაინტერესებული პირები იძენენ უკვე გამოცვლილ ზეთებს, შემდეგ ხდება მათი გაფილტვრა, მცირელიტრაჟიან, ასევე 200-ლიტრიან ჭურჭელში დაფასოება და რეალიზება, როგორც ბრენდირებულის. ამ საქმიანობით ძირითადად დაკავებულები არიან საავტომობილო ზეთების გამოცვლის ობიექტები.
თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2012 წელს იმპორტირებულ იყო 10 153 461,59 კგ საავტომობილო ზეთი. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი - 2 926 309 კგ შემოვიდა ირანიდან, შემდეგ მოდის თურქეთი - 2 507 658,02 კგ; გერმანია - 2 028 219,94 კგ. იმპორტის დანარჩენი წილი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე.
რაც შეეხება 2013 წელს, I კვარტლის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოში საავტომობილო ზეთის იმპორტმა შეადგინა 2 108 364,14 კგ, მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მოდის თურქეთზე - 613 451,43 კგ, ირანზე - 390 819 კგ, გერმანიაზე - 331 769,82 კგ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო პარკის რაოდენობა დინამიურად იზრდება. კერძოდ, შსს-ის მონაცემების მიხედვით, 2007 წელს საქართველოში რეგისტირებული მსუბუქი ავტომობილების ოდენობა შეადგენდა 517 574 ერთეულს, 2008 წელს - 603 380 ერთეულს, 2009 წელს - 647 209 ერთეულს, 2010 წელს - 693 873 ერთეულს, 2011 წელს - 745 232 ერთეულს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ, რომ საჭიროა, საავტომობილო ზეთებზე გარკვეული ხარისხის სტანდარტის დაწესება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში აღნიშნულ სტანდარტზე დაბალი კატეგორიის ზეთის რეალიზაცია აიკრძალება.
კომპანია „ვიანორის“ აღმასრულებელი დირექტორის გურამ დაფქვიაშვილის თქმით, დღეს სხვადასხვა კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ საქართველოში დაბალხარისხიანი პროდუქტი შემოიტანონ.
„გამოსავალი არის, რომ დაინერგოს ახალი სტანდარტი, თუნდაც იგივე, რაც არის ევროპაში. არის ორი ძირითადი ინსტიტუტი - ამერიკული და ევროპული, რომლებიც ყველა საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელს ანიჭებენ სერტიფიცირებას და ამ სერტიფიცირების მიხედვით მოხდეს პროდუქტის იმპორტი“, - განაცხადა დაფქვიაშვილმა.
პრობლემაა ასევე ის, რომ მეორადი ზეთების გაყიდვა დანიშნულების მიხედვით უნდა მოხდეს და ის არ დაბრუნდეს ისევ პირველად ბაზარზე. აუცილებელი აღნიშნული პროდუქტის ჩაბარება-გატანა, ან იმ ორგანიზაციებზე ჩაბარება, რომლებიც მას დაწვის მიზნით გამოიყენებენ.
როგორც „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავა განაცხადა, საქართველოში შემოსული 10 000 ტონა ზეთიდან დაახლოებით, 8 ათასი მეორადი ზეთი ხვდება, რომელიც მომხმარებელს გამოცვლის შემთხვევაში, უკან არ მიაქვს. მისი თქმით, უნდა აღიწეროს სად მიდის 8 000 ტონა მეორადი ზეთი. თუ ვინმე მას გაყიდვაში გაუშვებს ახალი ზეთის დამატებით, ეს დანაშაულია.
„ჯერ ერთი საზღვარზე კონტროლი უნდა მოხდეს, რომ არ გადმოვიდეს უხარისხო ზეთი და შემდეგ კომპანიებმა დაიწყონ ხარისხის შესაბამისი კონტროლი. ჩვენს ობიექტებზე, ზეთის გამოცვლის შემთხვევაში მას ვიღებთ შემოსავალში, შემდეგ ხდება აღრიცხვა და ოფიციალურად ვყიდით სხვა ორგანიზაციაში.
მინდა ისეთი მეთოდოლოგია მოიფიქროს სახელმწიფომ, რომელიც დამნაშავედ მოაზროვნე ადამიანს ჩაუკეტავს გზას. პირველ რიგში, საზღვარი უნდა ვაკონტროლოთ. შემდეგ, მეორადი ზეთი რაც რჩება ის გაკონტროლდეს. ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს“, - განაცხადა ხორავამ.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საავტომობილო ზეთებზე საქართველოში სტანდარტი არ არის და სხვა ქვეყნიდან შემოსული ზეთის 30% არ იყიდება იმ ქვეყნის სახელით, საიდანაც შემოდის. მეორადი ზეთის გადამუშავებით მიღებულ ზეთს ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტური მინიშნება, რომ მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს.