სააკაშვილი აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს „ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევაა, რაც პირდაპირ მიმართულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.
ასეთნაირად გამოეხმაურა პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე. მისი თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული, არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში და ახლა ეს გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„გასაგებია, წინა მთავრობა გაასამართლო ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის, ან მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის, მაგრამ უყენებდე ბრალს წინა მთავრობას იმისთვის, რომ წინააღმეგობა გაუწია მტერს და უკან არ დაიხია, ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ არ მივეცით მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის და სახელმწიფო დამოუკიდებლობის ნიველირების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ გვბობმავდნენ და გვაშინებდნენ, არ ვთქვით უარი ჩვენს ყველაზე მთავარ ატრიბუტებსა და პოზიციებზე. საქართველომ 1921 წელს ეს ვერ შეძლო. ეს ვერ შეძლეს ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა მეოცე საუკუნის განმავლობაში. საქართველომ მსხვერპლისა და დროებითი ტერიტორიული ოკუპაციის ფასად მაინც შეძლო მთავარის შენარჩუნება“, - განაცხადა სააკაშვილმა და „ახალ ორჯონიკიძეებს“ მოუწოდა, არ ჩააბარონ მტერს ჩვენი დამოუკიდებლობის გასაღები და თავადვე არ დაუშვან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.
ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რადგან ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ სიმართლე, რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს და მრავალი სხვა.
გამოძიებასთან მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობაზე უარის თქმას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი იმით ხსნის, რომ სააკაშვილს პასუხისმგებლობის ეშინია. თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული და ეს ყველას მოუწევს.
რეინტეგრაციის მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს არ ესმის, რა უფლებით ამბობს „ვინმე სააკაშვილი“ უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი აუცილებლად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და არსებობს რომის სტატუტი, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოძიება ვაწარმოოთ.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკაზე გამოძიება უკვე დაწყებულია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და სწორედ ჰააგის სასამართლო ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, შეისწავლოს რა მოხდა ქვეყანაში 2008 წელს. ამდენად, თუკი ჰააგაში ჩათვლიან, რომ ქართული მხარე დღესაც ვერ ახერხებს აგვისტოს ომის თემის გამოძიებას და, თუ ქართველ სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტი კვლავაც უარს იტყვის, მოუწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილს წარდგომა ჰააგის სასამართლოს წინაშე?! იცავს კი პრეზიდენტს იმუნიტეტი და ხომ არ გაიოლდება მისი დაკითხვა მაშინ, როცა ის ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება?! ამის შესახებ For.ge ადვოკატებს ესაუბრა.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები ცნება - „ანტისახელმწიფოებრივი გამოძიება“ არ არსებობს. მეტიც, მისი თქმით, სააკაშვილი იურისტია და, ელემენტარულად, ტერმინოლოგიაში მაინც უნდა ერკვეოდეს. დღესდღეობით, ვინაიდან სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და აპირებს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას, ეს არის კანონის შესაბამისად შექმნილი ოფიციალური სტრუქტურა და არავის აქვს უფლება, უარი განაცხადოს ამ კომისიაში მოწმის სტატუსით მონაწილეობაზე. ნებისმიერ პირს ეკისრება ვალდებულება, როდესაც გამოძიებას მასთან აქვს გარკვეული კითხვები ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით (რაც მისთვის ცნობილია ან უშუალოდ მონაწილეობდა), მისცეს ჩვენება. მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა კი, საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია.
მამუკა ნოზაძის განმარტებით, არცერთი პირი არ არის დაცული იმუნიტეტით, გარდა ცალკეული შემთხვევებისა. მაგალითად, მოწმის სტატუსისგან შეიძლება გათავისუფლდეს ადვოკატი, თუ მისთვის ცნობილია საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას რაიმე ფაქტი და მას იცავს იმუნიტეტი. ასევე, მღვდელი, როდესაც მას აღსარების დროს გაანდობენ გარკვეულ საიდუმლოებას და ამის თაობაზე იგი არ შეიძლება დაიკითხოს. ამ უპირატესობით სარგებლობს, ასევე, პარლამენტის წევრი, თუკი საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.
დანარჩენ შემთხვევაში, ყველა პირი - პრეზიდენტიც, პარლამენტის წევრიც, თუ იგი რაიმე ფაქტს შეესწრო, ვალდებულია, მისცეს ჩვენება და არავის არ იცავს იმუნიტეტი.
„პრეზიდენტის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა კანონის დარღვევა და სხვებისთვისაც მოწოდებაა, რომ კანონს არ დაემორჩილონ, რაც დანაშაულია. თუ იგი უარს განაცხადებს, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. მაგალითად, ბერლუსკონი და ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მოწმის სტატუსით დაუბარებიათ, გამოცხადებულა დაკითხვაზე. თუ პრეზიდენტი დანაშაულს ჩაიდენს, სამართალდამცავებს მისი დაკავება დანაშაულის ფაქტზეც შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული იმუნიტეტი, მაგრამ მოწმის სტატუსისგან დაცვას ეს იმუნიტეტი არ ითვალისწინებს“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
მისი თქმით, მოწმედ გამოცხადებისგან თავს პრეზიდენტი ვერც ქართულ გამოძიებას აარიდებს და ვერც ჰააგის სასამართლოს, თუკი ჰააგამ ოფიციალურად დაიწყო ამ საქმის გამოძიება. რამდენჯერმე დაბარების შემთხვევაში, თუკი იგი მაინც არ გამოცხადდება დაკითხვაზე, მის მიმართ უნდა გატარდეს იგივე ღონისძიებები, რაც გატარდა გიგი უგულავას მიმართ. ამ შემთხვევაში, გამომძიებელმა შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე იძულებით მოხდება პრეზიდენტის მიყვანა საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მისაცემად.
„მოგეხსენებათ, სააკაშვილმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც მისდამი ლოიალურად განწყობილი არაკომპეტენტურ პირებით დააკომპლექტა, ვგულისხმობ დავითაიას ე. წ. კომისიას და მისთვის მაამებლური დასკვნა დაიდო, მაგრამ ჰაიდი ტალიავინის კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება ამ ომში. რეალური გამოძიების შემთხვევაში, მთელმა საზოგადოებამ, მათ შორის, გორელებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს თვემდე შეიარაღებული ძალების, მძიმე ტექნიკის გადაადგილება და გორელებს ნევროზიც დაემართათ ტანკების დიდი გადაადგილების გამო. ამ ომის თავიდან აცილება ხელისუფლების გონივრული მიდგომის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო“,_აღნიშნა მამუკა ნოზაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს და იძულებითი მიყვანის წესი მასთან მიმართებით არ მოქმედებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვალდებული არ არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კანონმდებლობა მას პირდაპირ ავალდებულებს, ჩვენება მისცეს. თუკი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, იძულებითი წესით ვერ დაკითხავენ და როგორც კი ჩვეულებრივი მოქალაქე გახდება, მაშინ იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებს.
კახა კოჟორიძის თქმით, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა და ამის გამო შეიძლება გარკვეული პროცედურებიც გატარდეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაციტაძე აცხადებს, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, დაკითხვასთან დაკავშირებით ამჟამად ჩვეულებრივად მოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქცია, სადაც საუბარია, რომ გამონაკლისი არ არსებობს და პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს. თუმცა, აქვე წერია, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის იძულებითი წესით მიყვანა საგამოძიებო ორგანოში, ან ნებისმიერ ადგილას. აქ საუბარია მოწმით სახით მის დაკითხვაზე და არცერთ შემთხვევაში - ბრალდებულის სახით, რადგან ამისთვის მათ უფლებამოსილება არ აქვთ და ამაზე ჯერ უნდა იმსჯელოს უზენაესმა სასამართლომ, ან საკონსტიტუციო სასამართლომ.
„აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ. ეს გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთება. საუბარია კონკრეტული დანაშაულების გამოძიებაზე. მაგალითად, თუ ვინმე გარდაიცვალა დაბომბვის შედეგად, იმავე ცხინვალში ან საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება, ან ხალხის გამოდევნა, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა ცხინვალის ტერიტორიაზე ან რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა, ეს ის საკითხებია, რაც კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ყოველ შემთხვევაში, პროკურატურაში პოლიტიკური გამოძიების საგანი ვერ გახდება. აქ მნიშვნელოვანია ბრძანების გაცემის მომენტები“, - აცხადებს იურისტი.
მისი თქმით, თუკი გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ უშუალოდ პრეზიდენტის მიერ მოხდა დანაშაულის ჩადენა, მაშინ პარლამენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ეს საკითხი და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ნამდვილად პრეზიდენტის მხრიდან მოხდა დარღვევა, მაშინ ამის შესახებ გამოიტანს გადაწყვეტილებას, მაგრამ შემდგომ მისი იმპიჩმენტის თაობაზე ისევ პარლამენტი მსჯელობს. ამას თავისი ვადები და პროცედურები აქვს. თუკი პარლამენტი საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ იმუნიტეტი მოუხსნას პრეზიდენტს, ამის შემდეგ ჩვეულებრივ, რა დანაშაულშიც იქნება დაყენებული მისი პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის კოდექსით მოხდება თავისუფლების აღკვეთა თუ სხვა პროცედურა.
„ჰააგის მხრიდან გამოძიების თაობაზე მოთხოვნა ახლა არ გაჩენილა. ეს ვალდებულება საქართველოს აღებული აქვს და ამ ტიპის ომის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ. 2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს მაშინდელი მთავრობა და პროკურატურა ამბობდა, რომ ამ დანაშაულებს თავად იძიებდა. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შედეგი ამ გამოძიებებზე არ დამდგარა. პაატა დავითაიას საპარლამენტო კომისიაში შედეგი ვერც დადგებოდა და მათ არ ჰქონდათ ვინმეს დასჯის უფლება, მაგრამ, ამავდროულად, გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობდა და ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე იყო დაწყებული კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით. მაშინდელი საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა ამბობდა, რომ ისინი იძიებდნენ როგორც რუსების, ისე ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს“, - აცხადებს ნათია კაციტაძე.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლო ჯერ კიდევ წინა მთავრობას ელოდებოდა და ახლაც ელოდება, სადამდე მივა ეს გამოძიება. თუ დარწმუნდება, რომ გამოძიება არაეფექტურია, მაშინ ჰააგის სასამართლოს თავად შეუძლია, დაიწყოს გამოძიება.
იურისტი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო სისხლის სამართლის ჩვეულებრივი სასამართლოა და უფრო მკაცრი ნორმები იქ ნამდვილად არ მოქმედებს. უბრალოდ, როგორც ქვეყნის შიგნით დგება კონკრეტულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე, დგება ჰააგის სასამართლოზეც. თუმცა, იქაც პრობლემაა მოქმედი პრეზიდენტებისა და თანამდებობის პირების დაბარება. მაგალითად, ჰააგის სასამართლოს მიერ სუდანის პრეზიდენტზე გაცემულია დაკავების ორდერი, მაგრამ დღემდე ეს კაცი არავის გადაუცია და იგი ისევ პრეზიდენტია.
საქართველოში კი ჯერ კიდევ საკითხავია, დადგება თუ არა პრეზიდენტის რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან დაკითხვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის შეიძლება იყოს დამნაშავე.