კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დუმილი დაარღვია. დათა ახალაია მათი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი უშუალოდ შს ყოფილი მინისტრის ძალაუფლებისკენ დამოუკიდებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმით წარმოებულმა ფარულმა ომებმა განაპირობა.
ახალაია „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ „ლაფანყურის ავანტურა“ მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და განახორციელა თავად ვანო მერაბიშვილმა. დათა ახალაიას მტკიცებით, მას აღნიშნულის მტკიცებულებები გააჩნია.
თავად გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებში ვანო მერაბიშვილის სცენარით განვითარებას არალოგიკურს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებას ბოდვა უწოდა.
„ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას,“ - ამბობს ვანო მერაბიშვილი.
დათა ახალაიას მტკიცებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სწორედ, ამიტომ არ აპირებს ემიგრაციაში თავის შეფარებას. „მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი,“ - ამბობს ახალაია.
საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დავით ახალაიას დააკავებენ. კუდ-ის ყოფილი მაღაჩინოსანი ბრალდებულია სისხლის სამართლის მხოლოდ ერთ საქმეში, პოლიციელ აზარაშვილის ცემასთან დაკავშირებით. მას შეფარდებული აქვს პატიმრობა და ბუნებრივია, დაბრუნების შემთხვევაში ახალაია მისი ძმის ბედს გაიზიარებს. მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, რა ჩვენებას მისცემს ის სხვა საქმეებთან დაკავშირებით, ამას მომავალი გვიჩვენებს.
საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თუ გამოძიება დარწმუნდება მის ბრალეულობაში, მის დევნას განაგრძნობენ.
„თუ დავრწმუნდებით, მის უდანაშაულობაში, შევწყვეტთ დევნას. სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რაზეც მას ინფორმაცია ექნება, ბუნებრივია, მოვისმენთ და გამოძიებას ვაწარმოებთ,“ - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და მეგის ქარდავა საქართველოში ბრუნდებიან. როგორც for.ge-ს წყარო ამბობს, ახალაიას ქვეყანაში დაბრუნებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება, მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა მიაღებინა. რომელიც ამავე წყაროს ინფორმაციით დაახლოებულია ექსპერტ გია ხუხაშვილთან და საქართველოს გენერალური პროკურატურის მოადგილესთან ლაშა ნაცვლიშვილთან.
ამავე წყაროს ინფორმაციით, გამოძიებასთან შედეგიანი თანამშრომლობის სანაცვლოდ ჩხატარაშვილმა ახალაიას და მის მეგობრებს გარანტია მისცა, რომ მათი სისხილის სამართლის საქმეები არ დამძიმდებოდა. ახალაიებთან დაახლოებული წყარო for.ge -სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის უცნობია თარიღი როდის დაბრუნდებიან ისინი სამშობლოში, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მათ უკვე მიღებული აქვთ. ამავე წყაროს ცნობით, ისინი ამჟამად თურქეთში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან და პრაქტიკულად ისინი იზოლირებულები არიან.
როგორც ცნობილია, კუდ-ის ყოფილ შეფს რამდენიმეჯერ ჰქონდა თურქეთიდან ევროპის, კერძოდ კი გერმანიაში გადასვლისმცდელობა. თუმცა, ახალაიას საზღვრის გადალახვის პრობლემასთან ერთად, მისი უსაფრთხოების პრობლემაც შეექმნა. მან ვერ მიიღო გარანტია, რომ მისი უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული. განსაკუთრებული პრობლემები მასაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ მის ძმას, ჩეჩნური დიასპორისგან შეექმნათ.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ახალაიას პრობლემები მართლაც აქვს ჩეჩნურ დიაპორასთან.
„ამ ადამიანების და უშუალოდ, ბაჩო ახალაიამ ბრძანებით მოხდა ის დანაშაულებრივი ქმედება ლაფანყურში. ახლა ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ,“ - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
For.ge-ს ინფორმაციით დათა ახალაიას ჰქონდა მცდელობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყო. ახალაიასთან დაახლოებული პირები არ მალავენ, რომ კუდ-ის ყოფილი შეფი ცდილობდა კრემლთან დაახლოებული პირების დახმარებით რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას, თუმცა ახალაიამ უარი მიიღო. შვიდთვიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ახალაიამ გადაწყვიტა დაბრუნდეს საქართველოში და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. საქართველოს საპატიმროში კი მისი უსაფრთხოება დაცული იქნება და ეს გარანტია მას უკვე მიღებული აქვს.
დათა ახალაიას აღიარებითი განცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა როლანდ ახალაიამ. ახალაია დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციას შეუერთდება. ახალაია ამბობს, რომ მას მორალური უფლება არ აქვს დარჩენს „ნაციონალურ მოძრაობაში“. მისი თქმით, დათა ახალაიას მიერ გავრცელებული განცხადების მერე, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. „დარწმუნებული ვარ ჩემი შვილის სიმართლეში,“ - ნათქვამია როლანდ ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს რომ ძმები ახალაიები სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მკაცრი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ.
„მიუხედავად ბევრი დანაშაულისა, ძმები ახალაიები მაინც სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის მკაცრი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. ისინი იყვნენ შემსრულებლები და ეს განცხადება ამას ადასტურებს. დათა ახალიას ამ ყოველივეს გასაცნობიერებლად და იმის დასანახად, რომ ეს ყველაფერი სხვების მიზნების ასრულებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტი იყო, გარკვეული დრო დასჭირდა.
დღეს დადგა რეალობის წინაშე, როდესაც მისი ძმა ციხეშია და მასაც მსგავსი სანქციები ემუქრება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დანაშაულის გამო. მან გააცნობიერა, რომ ის მიზანი, რომელის მიხედვითაც ქვეყანას ემსახურებოდნენ, სინამდვილეში ძალაუფლების მოყვარული ადამიანების მანიპულირების ინსტრუმენტი იყო,“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.
როგორც მოსალოდნელი იყო ახალაია მისმა გარემოცვამ შანტაჟში და ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა. ქვეყნის პირველი პირი კი დუმს. თბილისის მერს გიგი უგულავას კი ახალაიას განცხადება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებას ახსენებს.
„ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გია ხუხაშვილის განცხადება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი,“ - აცხადებს გიგი უგულავა.
ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ახალაიას განცხადება საბოლოოდ აშიშვლებს და ცხადყოფს იმ პრობლემებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო 1 ოქტომბრამდე და უფრო ხილული გახდა 1ოქტომბრის შემდეგ. მისივე თქმით, კლანებს შორის ბრძოლა გადასულია დამაგვირგვინებელ ეტაპზე.
„ის, რომ დაპირისპირება არსებობდა ამ ორ დაჯგუფებას შორის, ეს თვალში საცემი იყო და ეს იცის ყველამ. სანდრო გირგვილიანის მკვლელობა იყო სათავე მათ შორის დაპირისპირებისა და შემდეგ გაღრმავდა წლების განმავლობაში, როდესაც შსს-ში გავლენის გადანაწილებაზე მიდიოდა საუბარი კოდუებსა და ახალაიებს შორის. რა თქმა უნდა, აქ ჩართული იყო ივანე მერაბიშვილი თავისი შესაძლებლობებით.
გავლენის სფეროები იყო უკიდეგანო და იგი ვრცელდებოდა ყველანაიარი სახის აქტიურობაზე. სად გადაიჯაჭვა ამ კლანებს შორის ინტერესებმა, მტკიცებულების გარეშე ამაზე საუბარი არასერიოზული. მაგრამ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, პირველობა მეფის კარზე ეს არის უმთავრესი მიზეზი ამ დაპირისპირებისა.
ბაჩო ახალაია მიისწრაფვოდა პირველობისკენ და ბუნებრივია, მას უნდოდა, რომ ყოფილიყო უალტერნატივო სააკაშვილისთვის. იგივე უნდოდა მერაბიშვილს. ეს იყო ბინძური დაპირისპირება პირველი პირის კარზე, რამაც მძიმე განსაცდელი მოუტანა ჩვენს საზოგადოებას,“ -აცხადება foe.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით, არასტაბილურ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ ის შეიძლება გახდეს საქართველოს მეპატრონე, რა სურვილიც მისივე თქმით გაუჩნდა ახალაიას.
„საკუთარი ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, საკუთარი პერსონალური გავლენა დაიმკვიდრა სააკაშვილის კარზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ის გახდა შს მინისტრი, მას სულაც არ სიამოვნებდა, რომ გავლენების სფეროები გადანაწილებული იყო მერაბიშვილსა და ადეიშვილს შორის.
ის თვლიდა, რომ ბევრი რამე გააკეთა ამ მთავრობისთვის და ამიტომაც, ძმებს უნდა ჰქონოდათ თავისუფალი სვლის უფლება კორუფციული ჭაობისკენ, რომელიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტური ფრთა. დანარჩენები, ყველა, ვისაც სურვილი უჩნდებოდა, ისჯებოდა.
აქიდან გამომდინარე, როდესაც ბაჩო ახალაიამ დაიმკვიდრა საკუთარი პერსონალური სკამი სააკაშვილის კარზე, განსაკუთრებით, როდესაც ჩაიბარა თავდაცვის სამინისტრო, გაუჩნდა ამბიცია, რომ ძმებმა უნდა აკონტროლონ ის ბიზნესები რომელთა გავლენები გადანაწილებული იყო ადეიშვილზე და მერაბიშვილზე.
შემდგომში, როდესაც ის გახდა შს მინისტრი, ჩათვალა, რომ მთლიანად გავლენა ძმებს შორის უნდა გადანაწილებულიყო. ის დაეჯახა მერაბიშვილის კადრებს, მაგარამ მან ვერ გათვალა, რომელ სისტემაში დაიწყო მუშაობა. როდესაც მერაბიშვილის ხალხთან დაიწყო ლაპარაკი, რომ მალე ბიზნესგადანაწილება დაიწყება და მერაბიშვილს შეექმნება პრობლემები, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივიამიაწვდიდნენ მერაბიშვილს,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.