აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში გაგზავნა, რათა მან გააფრთხილოს კრემლი იმის თაობაზე, რომ „აშშ ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზებას“. ამის შესახებ უკრაინასა და აშშ-ში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იტყობინება.
უილიამ ბერნსი მოსკოვს 2-3 ნოემბერს ეწვია და შეხვდა რუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს.
CNN-ის ცნობით, რუსეთში გამართული შეხვედრების შემდეგ ბერნსი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და „დაძაბულობის მოხსნა სცადა“. ტელეკომპანიის წყაროების მტკიცებით, ბერნსის ვიზიტის მიზანი იყო იმის გარკვევა, რით არის განპირობებული უკრაინის საზღვართან რუსული ჯარისა და სამხედრო ტექნიკის მაღალი კონცენტრაცია.