კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ნდობითა და კეთილგანწყობით სარგებლობს, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპრეზიდენტო კანდიდატადაც მოიაზრებენ.
მმართველი ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება თუ არა განათლების მინისტრი, ამ ინფორმაციას უმრავლესობის ლიდერები არც ადასტურებენ, არც კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი ღირსეული პიროვნებაა, რომლის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, კოალიციაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა პარტიებს შორის წარმოებული კონსულტაციების შედეგად მოხდება.
„საპრეზიდენტო კანდიდატს პრემიერ-მინისტრი დაასახელებს და წინასწარი პროგნოზების გაკეთება - თუ ვინ იქნება კანდიდატი, ეს სწორი არ არის“, - დასძენს დეპუტატი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება სავარაუდოდ, მაისში მოხდება.
„უმრავლესობის შეხვედრაზე ითქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი მაისში გამოკვეთილი უნდა გვყავდეს. შესაძლოა, ეს კანდიდატი იყოს მარგველაშვილიც, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ის იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ხოლო კოალიციისთვის ძალიან ძვირფასი“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილს „საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად“ მიიჩნევს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც.
მისი თქმით, შესაძლოა, კანდიდატის დასახელება ივლისამდეც არ მოხდეს, მაგრამ კოალიცია ერთობლივ პოზიციაზე შეჯერდება და არჩევნებზე ერთი კანდიდატით წარდგება.
„ეს გადაწყვეტილი საკითხი არ არის, რადგან რამდენიმე კანდიდატი სახელდებოდა. ყველა კანდიდატი საინტერესო და ღირსეულია, მაგრამ კაცურად და ადამიანურად გიორგი ძალიან მიყვარს, რომელიც ძალიან განათლებული ადამიანი და ქვეყნის ღირსეული შვილია. ამასთან, გიორგი ძალიან ერუდირებული პიროვნებაა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი საუკეთესო კანდიდატი გიორგი იქნება და თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას ორივე ხელით მხარს დავუჭერ და ვიტყვი, რომ ის პრეზიდენტობის ღირსია, თუმცა, ჩემი სიმპატიით არაფერი წყდება“, - განუცხადა for.ge-ს საგანელიძემ.
რაც შეხება იმას, თუ ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, პარტიაში ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობაც განიხილება, თუმცა, უმცირესობა საბოლოო გადაწყვეტილებას შიდა პრაიმერის შედეგად მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებად - ირაკლი ალასანია და ვახტანგ ხმალაძე მიიჩნია, თუმცა, თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში, ამ ინფორმაციამ ცუდი შედეგი გამოიღო, რადგან ძალოვანმა მინისტრმა პრემიერის კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული რიგებიდან ინფორმაციამ გაჟონა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნებოდა, რის გამოც, პრემიერი განაწყენდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პრესით ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლოა, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არმაზ ახვლედიანი იყოს, თუმცა, ეს ინფორმაცია უმრავლესობამ კატეგორიულად უარყო და მოგვიანებით, პოლიტიკური სკოლის დირექტორი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა.