შრომის კოდექსს კვირის ბოლომდე პარლამენტში განიხილვენ. ამიტომ კანონპროექტის ირგვლივ არსებული აზრთა დაპირისპირებაუკვე პიკს აღწევს.
ახალი პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება დასაქმებულის უფლებები და მისი ინტერესები. კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის მიხედვით, ერთ კვირაში სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა 41 საათით განისაზღვრება, შესაძლებელია დამატებით 7 საათი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმების საფუძველზე ზეგანაკვეთურად არ ჩაითვალოს, 48 საათზე მეტი კი ჩაითვლება ზეგანაკვეთურად და ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის 1.25%-ის ოდენობით.
ამასთან დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ხელშეკრულების გაწყვეტამდე 30 დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული. დასაქმებულს დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩირვება სასამართლოშიც შეეძლება.
ბიზნესმენები დღიდან შრომის კოდექსის სახეცვლილების გახმაურებისა, ცალსახად ეწინააღმდეგებიან ახალ ინიციატივებს. ვითარება არც უშუალოდ საპარლამენტო განხილვის წინ შეცვლილა.
„პროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილია, არის აბსოლუტურად უკან გადადგმული ნაბიჯი. დამსაქმებლების მიმართ არის კაბალური პირობები და თუ ეს კანონი გავიდა, გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანაში უმუშევრობა გაიზრდება. სტიმული იმისა, რომ კადრები გადამზადდნენ, არ იქნება და შეიქმნება ისეთი ცუდი ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, რომ ეს ქვეყანას, ბიუჯეტს და ეკონომიკას ძალიან დიდ ზიანს მოუტანს.
თუ ადამიანს ვერ გაათავისუფლებ იმ შემთხვევაში, თუ მისი კვალიფიკაცია არ გაკმაყოფილებს, მაშინ ბიზნესი ახალი კადრების აყვანას ძალიან ფრთხილად მიუდგება. დასაქმებული არ იქნება მოტივირებული, რომ კვალიფიკაცია გაიუმჯობესოს და თავისი ცოდნადა გამოცდილება ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს. გარდა ამისა, არის უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი შენიშვნები მთავრობას გადავუგზავნეთ და იმედია გაითვალისწინებენ“, - ამბობს „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაში და გარკვეული პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს.
„პროექტში მთავრობამ კარგად გაწერა პირობები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება კონტრაქტი შეწყდეს. დაქირავებული უსაფუძველო გათავისუფლებისგან დაცულია, მაგრამ ამავე ჩამონათვალში მითითებულია „სხვა ობიექტური გარემოებები“. ეს ძალიან ზოგადი ჩანაწერია და კაცი ვერ გაიგებს, რა შეიძლება იგულისხმოს დამქირავებელმა „სხვა ობიექტურ გარემოებებში“. აქ დამქირავებელს ზედმეტ თავისუფლებას ვაძლევთ. თოვლის მოსვლაც ობიექტური გარემოებაა, მაგრამ ადამიანი ამის გამო სამსახურიდან არ უნდა გათავისუფლდეს.
საკომიტეტო განხილვის დროს აღნიშნული პუნქტის დაზუსტება მოვითხოვე, რადგან კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა ჩემთვის მიუღებელია. თუკი ის არ შეიცვლება, კომიტეტი მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია დამქირავებელი და დამქირავებელთა გაერთიანება და არ არის გაქირავებულთა გაერთიანება, ანუ ვექტორი დამქირავებლისკენ იხრება.
ასევე არ მომწონს მუდმივი კონტრაქტის ფორმა და ვფიქრობ, ეს საკითხი გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს. არ შეიძლება მხოლოდ დაქირავებულისკენ გადავიხაროთ, უნდა ავიღოთ ოქროს შუალედი“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას მხარს უჭერს ამერიკის სავაჭრო პალატაც, თუმცა მთავრობას პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე, რიგი პუნქტების სასწრაფოდ გადასინჯვისა და შეცვლისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლებს არ ექნებათ თანამშრომლების ერთი წლით (განსაზღვრული ვადით) დაქირავების შესაძლებლობა, ისინი ამ რისკს უპასუხებენ არსებული თანამშრომლების შემცირებით და ბევრად კონსერვატიულად მოეკიდებიან ახალი თანამშრომლების დაქირავებას მომავალში.
„ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს მსოფლიოში. ასე რომ, მუდმივი ხელშეკრულებების სისტემაზე გადასვლა იქნება რადიკალური გადახვევა გავრცელებული ბიზნესპრაქტიკიდან და საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, უმუშევრობა გაიზრდება, რაც უკანასნელია, რაც რომელიმე ჩვენგანს სურს.
რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ მოქნილი გრაფიკით ცვლებში, მათ შეუმცირდებათ სამუშაო დრო (და შესაბამისად დაკარგავენ შემოსავალს), ან ხელფასი შეუმცირდებათ იმ რაოდენობით, რომ ანაზღაურდეს მათთვის ზეგანაკვეთურად გადასახადი თანხა, რომლის გადახდაც დამსაქმებელს მოუწევს კვირაში 40 საათის ზევით. გაიზრდება რისკი გაუფორმებელი და, შესაბამისად, დაუბეგრავი დასაქმებულების არსებობისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი უმთავრესი შემოსავალია ქვეყნის ბიუჯეტში, ასეთი რისკი ფრთხილად უნდა შეფასდეს პარლამენტის და გადასახადის მომგროვებელი ორგანოს მიერ”, - აღნიშნულია ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებაში.