პოლონეთი ბელარუსს საზღვარზე შეიარაღებული შემოჭრის მოწყობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1-ელ ნოემბერს, ღამის საათებში ფორმიანი შეიარაღებული პირები ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით გამოხატა პროტესტი პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს მიზანმიმართული ესკალაციის აშკარა ნიშნები აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პოლონეთი ასეთ ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევს და არ მოითმენს ამას“, - აღნიშნეს პოლონეთის საგარეო უწყებაში.
ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, ანტონ ბიჩკოვსკიმ უარყო პოლონური მხარის ბრალდება.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქმედებების მთავარი მიზანი დაძაბულობის ესკალაცია და ბელარუსის ნეგატიური იმიჯის შექმნაა“, - აღნიშნა მან.
29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.