მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიებას „აბსოლუტურ არასერიოზულობას“ უწოდებს და „ერთი წამითაც არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას“, როგორც ითქვა, ომის საკითხების შესწავლას საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში შეუდგება, ყოფილი ხელისუფლების წევრებს ამ კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ და როგორც პრემიერი ივანიშვილი ამბობს, - „სააკაშვილს იმდენჯერ დაკითხავენ, რამდენჯერაც საჭიროა“.
აუცილებელია თუ არა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება და ხომ არ დააზარალებს ეს საქართველოს ინტერესს, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ყოფილ წევრს პეტრე მამრაძეს ვესაუბრეთ:
- აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებელია, ვინაიდან სახეზეა დიდი დანაშაული, სახელმწიფო ღალატი, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად. 2004 წლიდან სააკაშვილი ატარებდა კონტრპროდუქტიულ ავანტიურისტულ პოლიტიკას კონფლიქტების მოგვარების და რუსეთთან ურთიერთობის სფეროში. ციფრებს - 08.08.08 სააკაშვილისთვის საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თავის ჭკუით ის ფიქრობდა, რომ რამდენიმე საათში ქართული ჯარი გაივლიდა ცხინვალს, ჯავას და ჩაკეტავდა როკის გვირაბს. რუსეთის მთავრობა კი ამ მოქმედებებში არ ჩართავდა თავის სრულ ძალებს, ვინაიდან ანგარიშს გაუწევდა აშშ-ს პოზიციას. სწორედ ამიტომ წავიდა თბილისიდან ცხინვალისკენ დიდი კორტეჟი, რომელსაც ჰქონდა ორი გადასატანი ტრიბუნა სააკაშვილის და დიმიტრი სანაკოევისთვის, წითელი ფიანდაზები და 400-მდე დროშა. კორტეჟს, რომელსაც ჟურნალისტებიც მიჰყვებოდნენ, გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. დაგეგმილი იყო, რომ 8 აგვისტოს დღის 1 საათზე ცხინვალში გამარჯვების აღლუმი უნდა გამართულიყო. ეს ფაქტი მეტყველებს რა ჭკუაზე იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მაშინ კოლინ პაუელმა „ჭკუანაღრძობი ადამიანი“ უწოდა.
გიგი უგულავა ურეკავდა იმ მეთაურებს, რომლებიც ცხინვალში იბრძოდნენ, აჩქარებდა და კატეგორიულად სთხოვდა, - სწრაფად დაამთავრეთ ბრძოლა, აღლუმი მაქვს ჩასატარებელიო. ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატები ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. არსებობს ნატოს საიდუმლო ანგარიში, რომელშიც წერია: საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა განიცდიდა დიდ ზარალს სამოქალაქო პირების განუწყვეტელი ჩარევის გამო. უგულავასთან ერთად ამ დროს იყო გოკა გაბაშვილი და კობა სუბელიანი. ეს დიდი დანაშაული მათ სააკაშვილის დავალებით ჩაიდინეს და ეს, ცხადია, არ ამართლებთ. სააკაშვილმა დაიწყო თუ არა ცხინვალის დაბომბვა, რუსეთის მთავრობამ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს. შედგა საგანგებო შეკრება, სადაც ითქვა, რომ სააკაშვილმა მშვიდობიან ქალაქ ცხინვალს არაშერჩევითი ცეცხლი გაუხსნა და მთელი ქალაქი დაბომბა. რატომ არ დაასწრო სააკაშვილმა რუსეთის მთავრობას თუ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე? პირველი, რაც ამ დროს უნდა გაეკეთებინა, ეს იყო საჯარო განცხადება, - ხალხო, რუსული ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენო. მთელი მსოფლიოსთვის საშველად უნდა მიემართა, მაგრამ 9 აგვისტომდე სააკაშვილს ხმა არ ამოუღია იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ნაწილები იყვნენ. რუსეთის მთვარობამ კი, ჯერ, გაეროს მიმართა და მერე დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილების შემოყვანა. რუსეთის მთავრობამ ამით გააკეთა იმიტაცია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებს იცავდა და ჩაატარა ზუსტად ისეთი ოპერაცია (იძულება მშვიდობისათვის), რაც აშშ-მა გაეროს მანდატის გარეშე ჩაატარა იუგოსლავიაში, მილოშევიჩის წინააღმდეგ.
თქვენ ღალატი ახენეთ, სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ღალატი შეგნებულად ჩაიდინა...
- სააკაშვილი მთლიანად მანიპულირებული იყო პუტინის ჩეკისტური რეჟიმისგან, მაგრამ ვიცნობ რა მას პირადად, გამოვრიცხავ, რომ პუტინის ჩეკისტური რეჟიმის დავალებებს ის შეგნებულად ასრულებდა. ბევრი ლაპარაკობს, რომ სააკაშვილზე დიდი გავლენა აქვს ბიძამისის, თემურ ალასანიას. ზუსტად არ ვიცი, 6 თუ 7 აგვისტოს თემურ ალასანია ჩამოვიდა თბილისის აეროპორტში და ნაცნობებმა დაინახეს. ის არავის გამოლაპარაკებია, კისრისტეხით ჩაჯდა ავტომობილში და დატოვა აეროპორტის ტერიტორია. სააკაშვილი სუბიექტურად შეიძლება ფიქრობდა გამარჯვებაზე და დავით აღმაშენებლის გვერდით ადგილის დაკავებაზე და ობიეტურად, ეს იყო ღალატი. მის გარშემო იყვნენ ადამიანები, ვინც ამ ღალატს შეგნებულად სჩადიოდა.
ანუ ემხრობით იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე ფიგურა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა?
- რა თქმა უნდა, მთვარობაში იყვნენ ასეთი პირები, მაგრამ მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ამის დამადასტურებელი ჩანაწერები, ან რაიმე სხვა მასალა არ მაქვს. თუმცა, ჩემი ანგარიშით, სააკაშვილის მთავრობის სულ ცოტა, სამმა წევრმა მაინც იცოდა რა უნდა მომხდარიყო. სააკაშვილის დაკითხვა ამ საკითხებზე აუცილებელია. სწორად ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა, - ის რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ უნდა დაიკითხოს.
თუმც პრეზიდენტი სააკაშვილი არ აპირებს გამოძიებასთან ამ საკითხზე თანამშრომლობას.
- მიხეილ სააკაშვილს არავინ ჰკითხავს უნდა თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობა. კანონის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ კანონი იმოქმედებს და სააკაშვილი იქ აღმოჩნდება, სადაც ჯერ არს. მას ისე დაკითხავენ, რომ ეს მის ნებაზე დამოკიდებული არ იქნება. სააკაშვილის ფსიქიკიდან გამომდინარე ვიცი, როცა მას კანონი მოჰკიდებს ხელს, ყველაფერს დაფქვავს.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითმა საპარლამენტო კომისიამ იმუშავა და პრეზიდენტიც დაჰკითხა. ე.წ. პაატა დავითაიას კომისიის დასკვნა რატომ არ არის საკმარისი?
- პაატა დავითაია არის ერთადერთი კაცი საქართველოში, ვინც საჯაროდ თქვა, - ომი ამათ დაიწყესო. ამის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისია აფარებს ხელს სააკაშვილის და სხვების დანაშაულს. დანაშაულის დაფარვა კი დიდი დანაშაულია. ამიტომ უნდა დაიკითხონ როგორც პაატა დავითაია, ისე სხვები, რომელთაც კომისიის სახელით ტყუილი დასკვნა შეადგინეს, რითაც დაფარეს სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაული. სხვებს ჭამენ იმის გამო, რატომ თქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყოო, დავითაიამ ეს არა მარტო თქვა, მისი ნათქვამი ტელევიზიითაც („კავკასიის“ ეთერით) გავიდა, მაგრამ მოკლე დროში, ვიცე-სპიკერობა მისცეს. მას დაუფასეს, რომ კომისიის დასკვნაში ის დაწერა, რაც სააკაშვილს სჭირდებოდა.
თუმც გამოძიების მოწინააღმდეგეებს აქვთ არგუმენტი, - გამოძების გაგრძელება საქართველოს ინტერესებს დააზარალებსო.
- ეს მტკნარი ტყუილია. ომის შემდეგ მთელს მსოფლიოში გამოქვეყნდა პუბლიკაციები, გამოჩენილი ადამიანები გამოვიდნენ ტელევიზიით და მაშინვე თქვეს სიმართლე სააკაშვილის დანაშაულზე. ამერიკამ და ევროპამ ამ ომზე ყველაფერი თქვა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ხოლო ტალიავინის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა 2009 წლის 30 სექტემბერს, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ არსებობდა არავითარი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილს ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გაეცა. ამას საერთაშორისო სამართლის ნორმებით გამართლება არ აქვს. კოლინ პაუელმა სააკაშვილზე გარკვევით თქვა „ამ ჭკუანაღრძობმა ადამიანმა გაჰკრა ასანთი რეგიონში, რომელიც დენთით და ბენზინით იყო გაჟღენთილი და ცხადია რეგიონი აფეთქდაო“. როდესაც CNN-ის წამყვანი ჩაეძია, - ყველაფერს სააკაშვილს აბრალებთო, კოლინ პაუელმა უპასუხა, - „ეს ფაქტია“.
საკმარისია, ომის თემას შეეხო მათთვის არასასურველ კონტექსტში, რომ სააკაშვილის გარემოცვა წივილ-კივილს იწყებს, - ნუ ამბობთ იმას, რომ ომი საქართველომ დაიწყოო. ამას არავინ არ ამბობს.
თუმც ბიძინა ივანიშვილს ოპონენტები სწორედ ამას აბრალებენ, - საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებსო.
- ბიძინა ივანიშვილი ციტირებს ტალიავინის კომისიის დასკვნას: საბრძოლო მოქმედება დაიწყო ქართულმა მხარემ. ევროსაბჭოს რეზოლუციაში ეს ჩანაწერი სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტაშის გრიალით მიიღეს. სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დიდი დანაშაული ჩაიდინა და ახლა ცრუპატრიოზიმის თავშესაფარში იმალებიან. ისინი ამ თავშესაფრიდან უნდა გამოვათრიოთ და პასუხი ვაგებინოთ. ამის გარეშე ჩვენს ოსებთან და აფხაზებთან შერიგებას ვერ დავიწყებთ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არგუმენტი: სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულების მერე რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ მიიტაცებსო.
- ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი თაღლითობაა. ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება, - აღიარეთ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელშიც რუსეთის მთავრობაც არ არის დანდობილი. თუ ამ დასკვნას აღიარებთ, თქვენ დამატებითი ბერკეტი გექნებათ რუსეთის მიმართო.
თქვენი აზრით, ჰააგის სასამართლომდე მივა ეს საქმე?
- თუ ქვეყანამ თვითონ შეძლო სამართლის ისე აღსრულება, რომ ჰააგის ტრიბუნალს არ დასჭირდა ამ საქმის განხილვა, ეს ძლიერი არგუმენტია იმისა, რომ ქვეყანა არის დემოკრატიული და იქ არის კანონის უზენაესობა. ქვეყნის იმიჯი და მისი მთავრობისადმი ნდობა დიდად იზრდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს გამოძიება საქართველოში ჩატარდეს. თუ ჩვენ თავმოყვარე ერი და სახელმწიფო ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჰააგამდე მივიდეს საქმე.
ზოგი ამბობს, - აგვისტოს ომის გამოძიებაზე ივანიშვილის მთავრობა სააკაშვილის ხელისუფლებაზე შურისძიების გამო ლაპარაკობსო.
- ივანიშვილს საკმარისად ვიცნობ იმისათვის, რომ განვაცხადო, - მისი მორალური და ზნეობრივი პრინციპები გამორიცხავს შირისძიებას და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას, მაგრამ თუ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ჩაიდინეს დიდი დანაშაული და საქართველოს მთავრობას ამაზე რეაგირება არ ექნება, მთელი მსოფლიოს თვალში საქართველო როგორც სახელმწიფო არ შედგება.
უშვებთ, რომ ცალკეული პირები გისოსებს მიღმა ვიხილოთ?
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ სააკაშვილის ქმედება გამოძიების შედეგად შეფასდეს უგუნურებად და არა შეგნებულ ღალატად.