იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნა

იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნა

იაპონიის მმართველმა „ლიბერალურ-დემოკრატიულმა“ პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნა. აღნიშნულს 31 ოქტომბერს იაპონიაში გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცხადყოფს.

არჩევნების შედეგების თანახმად, „ლიბერალურ-დემოკრატიულმა“ პარტიამ 465-ადგილიან პარლამენტში 261 მანდატი მოიპოვა. მმართველი პარტიის პარტნიორმა, პარტია „კომეიტომ“ - 32 მანდატი.

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა“ პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატში 13 მანდატი დაკარგა და ახლა 96 ადგილი აქვს.

„ჩვენ უმრავლესობა მოვიპოვეთ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ამ არჩევნებში. მინდა ეს სრულად გამოვიყენო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მართვაში“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.