მთავრობა მოსახლეობისთვის 20-ლარიანი დენის ვაუჩერების დარიგებას აპირებს. ამისთვის ბიუჯეტიდან 20-25 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მთავრობამ ეს მოსახლეობაზე ინფლაციური ტვირთის შესამსუბუქებლად მოიფიქრა. ექსპეტებმა ეს გადაწყვეტილება გაუმართლებლად მიიჩნიეს. მათი განცხადებით, 25 მილიონის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა ამ მიმართულებით აბსოლუტურად უეფექტო იქნება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. გილაურის თქმით, მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და საბოლოოდ, არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა.
„ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას წლის ბოლომდე დავასრულებთ. საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი მიიღებს 20-20-ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად შევეხიდებით მოსახლეობას“, - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის გათვლებით, ეს პროგრამა მთავრობას, დაახლოებით, 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება. „20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციატივა დამტკიცდება, მზად ვიქნებით თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ“, - აღნიშნა გილაურმა.
ექსპერტების თქმით, ეს არის ერჯერად დახმარება, რომელსაც სოციალური თვალსაზრისით არანაირი ეფექტი არ მოჰყვება და მოსახლეობას არც გაძვირებული ფასებით დამძიმებულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
გარდა ამისა, ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას სურდა მოსახლეობას მაინც და მაინც „ელექტროენერგიის“ გადასახადში შეხიდებოდა, ეს პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან არიან ოჯახები, რომლებსაც დახმარება, მით უმეტეს 20-ლარიანი არაფერში სჭირდებათ.
„ეს პრობლემას ვერ მოხსნის თუკი სიტუაციის უფრო სიღრმისეული შესწავლა არ მოხდა. საქართველოში ცხოვრობენ, მაღალშემოსავლიანი ადამიანებიც, რომლებისთვისაც ეს დახმარება არაფრის მომცემია. უმჯობესი იყო მთავრობას ეს პრგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაეკეთებინათ, რომლებსაც გამოყოფილი 25 მილიონი ლარიდან უფრო მაღალი საშეღავათო პაკეტი შეხვდებოდათ 30-40 ლარი, შესაბამისად, ეს უკეთესი იქნებოდა. მეორე საკითხია, ამ არაფრისმომცემი გადაწყვეტილებიდან 25 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის დახარჯვა, რომელიც შეიძლებოდა უფრო ეფექტიანი პროგრამებისთვის მიმართულიყო“, - ამბობს დავით ნარმანია.
იგივეს აცხადებს, ექსპერტი დემურ გიორხელიძე, იგი მიიჩნევს, რომ ამ დახმარებას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ან ინფლაციური ტვირთის შესამსუბუქებლად არანაირი ეფექტი არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას კაბინეტს ინფლაციასთან ბრძოლის მექანიზმებზე მუშაობა დაავალა. მისი თქმით, მსგავსი გეგმის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისთვის, რადგან ისინი მსოფლიოში ფასების მატების პროცესის მძიმე შედეგებისგან ყველა ბერკეტის გამოყენებით იყვნენ დაცულები.
ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით კი, მოკლე პერიოდში ინფლაციური პროცესების შეჩერება რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ბერკეტი, რომლის ამოქმედებით, მთავრობას შეუძლია ეს პროცესი შეაჩეროს. არჩვაძის თქმით, ხარჯების ინფლაციზე მანევრის საშუალება შეზღუდელია, ვინაიდან იგი უკავშირდება ეგზოგენურ ფაქტორებს, რესურსების გაძვირებას. „ამ მიმართულებით ლიბერალიზაციამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი. კერძოდ, თუ ვინმეს მეტი ფული აქვს საქონელი კი არ შეიძინოს, არამედ იგი გარკვეულ აქტივებში დააბანდოს, რათა ბაზარზე ზეწოლა არ მოხდეს.
„თუ მსხვილი ობიექტების გაყიდვა ერთ ინვესტორზე ხდებოდა, ახლა ასეთი ობიექტების აქციები წვრილ ინვეტორებზე უნდა გადანაწილდეს. თანაც ისე, რომ თითოეული აქციის ღირებულება რამდენიმე ათეული ლარი იყოს“, - ამბობს არჩვაძე.
გარდა ამისა, უნდა მოხდეს ხარჯების რაციონალიზაცია. არჩვაძის თქმით, ბუნებრივია, სახელმწიფო სოციალური ვალდებულებების გასტუმრებაზე უარს არ იტყვის, მაგრამ დანარჩენი ხარჯები ისე უნდა გაიწეროს, რომ მას უკუშედეგი ჰქონდეს ეკონომიკაში. „ეს მიმართულებებია, სადაც ინფლაციის შესაჩერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება“, - ამბობს არჩვაძე.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გამყარების გზით ინფლაციის შეჩერებას, ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. „თუ დოლარს მსოფლიო მასშტაბით, რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეექმნა, არა მგონია ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებაში კიდევ გამყარდეს“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
ინფლაციის შესაჩერებლად მარადიული საკითხია, საგადასახადო რეჟიმის გამარტივება და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელშეწყობა. მართალია, მთავრობა მეწარმეების დახმარების პირობას კვირაში ერთხელ დებს და ამ მიმართულებით თითქოს ქმედით ნაბიჯებსაც დგამს, მაგრამ ფაქტი ერთია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მცირე და საშუალო ბიზნესის წილი შემცირდა და ეს მაჩვენებელი 15-16%-ს შეადგენს, დანარჩენი 84% მსხვილ ბიზნეს უჭირავს.
ასე რომ, ესქპერტების განცხადებით, თუ მთავრობას ინფლაციის შეჩერება სურს უფრო რაციონალური გეგმები უნდა განახორციელოს, რადგან 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებით მოსახლეობას პროდუქტის გაძვირებით მიყენებულ ტკივილს უმნიშვნელოდაც ვერ შეუმსუბუქებს.