საკრედიტო ბარათი - ყველაზე პრობლემური პროდუქტი

საკრედიტო ბარათი - ყველაზე პრობლემური პროდუქტი

საბანკო სესხები მომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას აუტანელ თავისტკივილად ექცა, თუმცა მათ შორისაც არის განსაკუთრებით პრობლემური საბანკო პროდუქტი, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია ფიქსირდება. ეს არის საკრედიტო ბარათები და მისგან გამოწვეული შედეგები.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების სტატისტიკით, მიმდინარე წლის თებერვალში, კომერციული ბანკების მიმართ, კლიენტების მხრიდან 190 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც იანვართან (172)შედარებით მეტია და ნაკლებია გასული წლის თებერვალთან (194) შედარებით.

თებერვალში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, 98-ის განხილვა დასრულდა და უსაფუძვლოდ ჩაითვალა, 36 პრეტენზია კი საფუძვლიანად მიიჩნიეს, ხოლო 56-ის განხილვა არ დასრულებულა.

საბანკო პროდუქტების მიხედვით, ყველაზე მეტი პრეტენზია საკრედიტო ბარათებთან მიმართებაშია (44 პრეტენზია). შემდეგ კი მოდის იპოთეკური სესხები (40 პრეტენზია), მომენტალური განვადება (22), სამომხმარებლო სესხი (20), ოვერდრაფტი (14).

თებერვალში პრეტენზიების ყველაზე დიდი ნაწილი (59) ტრანზაქციებს ეხებოდა, ჯარიმებსა და ვადაგადაცილების საკომისიოებს აპროტესტებდა - 41, ადმინისტრაციით და მომსახურების ხარისხით უკმაყოფილო იყო - 21, ხოლო მომსახურების საკომისიოს აპროტესტებდა - 18.

რა არის საკრედიტო ბარათი? მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის ბიუჯეტი და შემოსავალი საკმაოდ მცირედია, რაც აიძულებს პიროვნებას აიღოს საკრედიტო ბარათი და შემდეგ აღებული მცირედი ხელფასით დაფაროს საკრედიტო ბარათი, რაც ისევ ხელფასის გარეშე ტოვებს მის მფლობელს.

საკრედიტო ბარათებით დაზარალებული მოქალაქეების აზრით, ეს ბარათი განკუთვნილია განვითარებული ქვეყნებისათვის და არა განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, მით უფრო, რომ ჩვენთან განაღდების საკომისიო ძალიან მაღალია. კომერციული ბანკები ორიენტირებულნი არიან ზემოგებაზე და ფინანსური მაჩვენებლის ზრდაზე. არც ერთი ბანკი არ ზრუნავს მომხმარებელზე. მხოლოდ ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ბარათი გაყიდონ და ნახონ უდიდესი ფინანსური მოგება. შემდეგ კი რეკლამები აკეთონ თუ რა მაგარი ბანკია.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ სამომხმარებლო ბუმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამი წლის წინათ, თანდათანობით ბრუნდება. სამომხმარებლო დაკრედიტების ისეთი სახეები, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, არამიზნობრივი კრედიტები, ავტოკრედიტები, სასაქონლო კრედიტები და იპოთეკა, თანდათანობით ისევ იპყრობენ მომხმარებლებს.

„საკრედიტო ბარათის ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებულიპრობლემა „საკრედიტო ნარკომანიის“ საფრთხეა. პრინციპი: პირველი დოზა - უფასოდ, შემდეგ კი - გადაიხადე, საკრედიტო ბარათების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი აზრით, ფულისა და საქონლის ადვილი ხელმისაწვდომობა სიფხიზლისა და საღი გონების მომადუნებელი გარემოებებია. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის გადალახვის უნარი ყველას არ შესწევს და რომლის სავალალო შედეგიცაა საკრედიტო ბარათის მომხმარებლის ბიუჯეტის სერიოზული ზარალი.