საფრანგეთი შეშფოთებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენების გამო. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაზრდილი ინტენსივობით, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული მძიმე იარაღის მზარდი გამოყენებითა და უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით Bayraktar-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ. ეს მოვლენები ეწინააღმდეგება ცეცხლის შეწყვეტის კონსოლიდაციის ზომებს, რომელიც ძალაში 2020 წლის 27 ივლისს შევიდა. საფრანგეთი გერმანიასთან ერთად გააგრძელებს ძალისხმევას მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელების მიზნით. მხარეებს თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
27 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar-ის გამოყენება დაადასტურა.
„2021 წლის 26 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის ბრძანებით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, Bayraktar-ის უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი პირველად გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ტერიტორიის ჰაერიდან დაკვირვებას, სამიზნეების ოპერატიულ იდენტიფიცირებასა და ჩახშობას. იგი აღჭურვილია მართვადი რაკეტებით და საჰაერო ბომბებით, ასევე, რამდენიმე მაღალი გარჩევადობის კამერით, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით და შეუძლია, ჰაერში დღეზე მეტ ხანს დარჩეს დაშვების გარეშე.