მთვარობა დამძიმებული ვალების გადავადებაზე ფიქრს იწყებს

მთვარობა დამძიმებული ვალების გადავადებაზე ფიქრს იწყებს

ხელისუფლებას არც ვალები აშინებს და არც ის ადარდებს, რომ ეს ვალები უახლოეს პერიოდში უნდა დაიფაროს. ფინანსთა მინისტრმა გუშინ ისიც კი განაცხადა: „ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ სესხების გრძელვადიანობაო“. ამ განცხადების პარალელურად კი ისიც აღნიშნა, ხელისუფლება ვალების გადასახდელად მზად არის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს განცხადებები ექსპერტებს ურთიერთგამომრიცხავად მიაჩნიათ და რაც მთავარია, შიშობენ, რომ ქვეყანა ვალების გადახდას ვერ შეძლებს.

 

ის, რომ ქვეყანა ვალების გადასახდელად ემზადება, ამის შესახებ განცხადებები ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას გაკეთდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ მომავალ წელს მთავრობა სწორედ ვალების გასტუმრებაზე იქნება ორიენტირებული. განცხადება კი ფინანსთა მინისტრმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზეც გაიმეორა, სადაც 2010 წელი შეაჯამა.

 

„რაც შეეხება ვალების მომსახურებას. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში 3-დან 5%-მდე გამოიყოფა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. თვითონ ევრობონდის გადახდა (ეს არის ნახევარი მილიარდი დოლარი), რომელიც საქართველომ უნდა დაფაროს 2013 წელს, თუმცა ამისთვის ქვეყანა აბსოლუტურად მზად არის.

 

სამი წლით ადრე, რომ ვისაუბროთ ეს თანხა ახლავე ხელმისაწვდომი ჩანს, რადგან დღესაც კი ქვეყანას ერთ მილიარდამდე ნაშთი გააჩნია. დამატებითი რესურსების მოზიდვის გარეშეც, რომ დადგეს ვალის გადახდის აუცილებლობა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, თუმცა ახლა ვსაუბრობ არარეალურ სცენარზე, რადგან ევრობონდების გადახდა ასე არ ხდება“, - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.

 

ქვეყნის მიერ ვალების აღებასთან დაკავშირებით არაერთი უარყოფითი შეფასება გაკეთდა. „სამწუხაროდ, მომავალი თაობების ხარჯზე ცხოვრება უკანასკნელი წლების ქართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი გახდა. ხელისუფლება არ ერიდება საგარეო ვალის ზრდას, მის მიერ აღებული, ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაეფექტური და პოპულისტური, ვალდებულებების შესასრულებლად“, - აცხადებს ექსპერტი შოთა მურღულია.

 

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ვალის გარეშე არცერთი სახელმწიფო არ არსებობს და მათ შორის განვითარებული ქვეყნებიც კი. საქმე ის არის, თუ ამ ვალების აღება რამდენად სათანადოდ ხდება და რაც მთავარია, გააჩნია თუ არა ქვეყანას ამ ვალების დაფარვის უნარი.

 

აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალების მოცულობა 2004 წლის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით კი 2008 წლიდან. საერთო ჯამში, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 3 543 582 ათას ლარს შეადგენდა. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 5 586 756 ათას ლარამდე გაიზარდა. 2010 წელს კი 6 819 762 ათასი ლარი შეადგინა.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოს უმსხვილესი კრედიტორია მსოფლიო ბანკი. მეორე ადგილი უჭირავს ევროობლიგაციებს, მესამე უმსხვილესი კრედიტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მეოთხე ადგილიზეა გერმანია და მეხუთეზე -ევროკავშირი.

 

2011 წლიდან კი ვალების გასტუმრების ეტაპი იწყება და ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოში სესხები უკვე გახდა ბიუჯეტის მძიმე ტვირთი, ვინაიდან სათანადოდ არ მოხდა ამ სესხების გამოყენება. ამას კი ისიც ემატება, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მთავრობის მიერ საგარეო ვალის აღება სრულიად გაუმჭვირვალე ვითარებაში ხდებოდა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრობლემას წარმოადგენს არამარტო აღებული სესხების არამიზნობრივი ხარჯვა, არამედ ისიც, თუ თავად სესხის აღება რამდენად მიზნობრივად ხდება, ვინაიდან ამ სესხის გასტუმრება ისევ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

 

ამასთან, როდესაც საუბარია სესხების ხარჯვის ეფექტიანობაზე, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის ფაქტორიც, რამდენად აისახა ეს ადამიანების მდგომარეობაზე. ამის საუკეთესო მაჩვენებელი კი მთლიანი შიგა პროდუქტია, რომელთან მიმართებაშიც განიხილება სახელმწიფო ვალის მოცულობა.

 

ვალის აღება-არაღებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას ამ ვალების დაბრუნება მოუწევს და ეს დრო უკვე დადგა. მთავრობის მხრიდან უკვე დეკლარირებულ იქნა, რომ მომავალ წელს პრიორიტეტი საგარეო ვალების დაფარვას ენიჭება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვალების გასტუმრების დრო სწორედ მომავალი წლიდან იწყება და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვალდებულება იქნება გასასტუმრებელი.

 

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, კრედიტით აღებული თანხები სწორად რომ ყოფილიყო გამოყენებული, ეკონომიკა განვითარდებოდა და ახლა უკვე არც ამ ვალდებულებების შესრულება იქნებოდა პრობლემა. მაგრამ ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახოს, რომ ეკონომიკა განვითარდა, მათივე მონაცემები, იგივე - მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებლები, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არც ეკონომიკა განვითარებულა დიდად და სესხების დაფარვაც სხვა ვალდებულებების ხარჯზე უნდა მოხდეს.

 

დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მონაცემებს ემყარება, ვალების გასტუმრება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. მთავრობის გათვლებით, 2011-14 წლებში ეკონომიკური ზრდა 2-3 პროცენტის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ამ ვალების გასასტუმრებლად საჭირო თანხა არ ექნება. ამიტომაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - ან უარი თქვას მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე, რასაც ექსპერტები თითქმის გამორიცხავენ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ან საქართველოს მევალეებისთვის ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნა მოუწევს, რაც ისევ ქვეყნის იმიჯზე აისახება უარყოფითად.

 

„მე ვფიქრობ, რომ სწორედ ვალების რესტრუქტურიზაციაზე საუბრის დაწყება მოუწევთ, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს. თუ ბიუჯეტიდან იმ ვალდებულებების შესრულებაზე იტყვიან უარს, რაც დღეს ასე თუ ისე სრულდება, უარესი შედეგი ექნება და ამიტომაც ვფიქრობ, სწორედ ვალების გადახდის გადავადებას ითხოვენ.

 

სავარაუდოდ, ამაზე უარსაც არ გვეტყვიან, რადგან არავინ არის დაინტერესებული, რომ ეკონომიკური გლობალიზაციის ეპოქაში ქვეყანა დეფოლტის წინაშე დააყენონ. ამის თეორიული შანსი არსებობს. აქედან გამომდინარე, გადავადება მოხდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყნისადმი დამოკიდებულება იცვლება. თანაც გადავადება რომც მოხდეს, ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს შეცვლის. პრობლემები გადავადდება და ამასთან, ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

 

სწორედ ამიტომ ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ისევ ევროობლიგაციების გამოშვება მოუწევს, რათა ეს ვალები დაფაროს, რაც, მისი თქმით, ქვეყნისთვის უარესი იქნება.

 

ხუხაშვილის ამ პროგნოზს გარკვეულწილად ეხმიანება ფინანსთა მინისტრის გუშინდელი განცხადება, სადაც ბაინდურაშვილი ამბობს, რომ „როდესაც რაღაცა პერიოდით ადრე ქვეყანა უშვებს ევრობონდს, ამ შემთხვევაში ნარჩუნდება საკრედიტო ნიშნული, რაც შემდგომში კომერციულ ბანკებს და კერძო კომპანიებს უადვილებს უცხოურ ბაზარზე გასვლას. რაც შეეხება სამომავლო სტრატეგიას, ახლა ხუთწლიანი ევრობონდი გვაქვს და რაც უფრო გრძელვადიანი იქნება ის, უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ეს პირდაპირ „გადაითარგმნება“ გრძელვადიან სესხებში“, - აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.