ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, - განაცხადა სანტა ფეს ოლქის შერიფმა, ადან მენდოსამ.
შერიფის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მხრიდან ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
„გამოძიება გაგრძელდება და თუ შერიფის ოფისი გამოძიების დროს დაადგენს, რომ დანაშაული მოხდა და სავარაუდო მიზეზი არსებობს, დაკავება ან დაპატიმრება და ბრალის წაყენება მოხდება“, - აღნიშნა სანტა ფეს ოლქის შერიფმა.
ადან მენდოსამ ასევე აღნიშნა, რომ ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნები იპოვეს.
„კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ მოხვდა ეს ვაზნები იქ. გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ. ტესტირება ჩატარდება კრიმინალური ლაბორატორიის მიერ, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს ვაზნები ოფიციალურად საბრძოლო“, - განაცხადა შერიფმა.
22 ოქტომბერს, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც, ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო.