ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ.
„სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი მქონდა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან. წარმატებული მოლაპარაკების საფუძვლებზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბრის ბოლომდე მოლაპარაკებები დაიწყება. ზუსტი თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
18 ოქტომბერს, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.
„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებს. თუ ამერიკელები სერიოზულად განწყობილნი არიან, მათ ირანს უსამართლო სანქციები უნდა მოუხსნან“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
13 ოქტომბერს, ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობ მელიმ განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ყველა ვარიანტი განიხილოს, თუ ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას არ დაუბრუნდება.
„ჩვენ მზად ვიქნებით განსხვავებულ რეალობას მოვერგოთ, რომელშიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს უნდა მივმართოთ, თუ თეირანი მზად არ იქნება, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შეზღუდვებს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ირანის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
4 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს ვერ დააყენებს.
„თუ ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის ახალ პირობებს დააყენებს, მაშინ ჩვენ ამას უარვყოფთ. მოვუწოდებთ ირანს, რაც შეიძლება მალე განაახლოს მოლაპარაკებები“, - აღნიშნეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
29 ივლისს აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.