ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტი: პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ პეკინის მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

„ეს არის კუნძული, სადაც 23 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი და ჩვენი დემოკრატია, რათა ისეთი თავისუფლება გვქონდეს, როგორსაც ვიმსახურებთ. თუ ჩვენ მარცხს განვიცდით, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ღირებულებების სჯერათ, ეჭვი შეეპარებათ, არის თუ არა ეს ის ღირებულებები, რისთვისაც უნდა იბრძოლონ“, - აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

ცაი ინ-ვენმა ცაიმ ასევე მოუწოდა რეგიონალურ დემოკრატიულ პარტნიორებს, მათ შორის იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიას, დაეხმარონ ტაივანს.

„როდესაც ავტორიტარული რეჟიმები ექსპანსიონისტურ ზრახვებს ავლენენ, დემოკრატიული ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ. ტაივანი ფრონტის ხაზზე დგას“, - აღნიშნა მან.

11 ოქტომბერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა განაცხადა, რომ ტაივანის მმართველი პარტიის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა.

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ტაივანი თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს მიიღოს გზა, რომელიც ჩინეთმა დაადგინა და რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას არ მოიცავს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ტაივანი კი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.