ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, ავღანეთისთვის დაწესებული სანქციები რაც შეიძლება მალე გააუქმონ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ავღანეთის მეზობელი ქვეყნების შეხვედრაზე განაცხადა.
„აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებს უნდა მოვუწოდოთ, ავღანეთისთვის დახმარების გაწევის კუთხით თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ. სხვა საკითხებთან ერთად, მათ ავღანეთის წინააღმდეგ ცალმხრივად დაწესებული სანქციები უნდა გააუქმონ, რათა სახელმწიფო აქტივები რაც შეიძლება სწრაფად მოხმარდეს მოსახლეობის საჭიროებებს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვან იმ ასევე განაცხადა, რომ „თალიბანს“ საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგი სურს.
25-26 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი „თალიბანის“ მთავრობის დელეგაციას შეხვდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი შეშფოთებულია იმ სირთულეებით, რომლის წინაშეც დღეს ავღანეთი დგას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ავღანეთს.
თავის მხრივ, „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მოტაყიმ აღნიშნა, რომ „თალიბანი“ არავის მისცემს უფლებას, ავღანეთის ტერიტორია ჩინეთისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენოს.