პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
„მესაზღვრეების დასახმარებლად ჯარისკაცების რაოდენობას 2 500-ით გავზრდით. მალე 10 000 ჯარისკაცი დაიცავს საზღვარზე უსაფრთხოებას“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.ევროკომისია და ოფიციალური ვარშავა აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაკადს ბელარუსის ხელისუფლება მართავს, რაც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმაა და მიზნად ევროკავშირზე ზეწოლას ისახავს, მინსკის მიმართ დაწესებული სანქციების გამო.
14 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობას მხარი დაუჭირა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე 400 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.
ახალი კედელი, რომელიც მოძრაობის სენსორებითა და კამერების სისტემით არის აღჭურვილი, კიდევ უფრო გააძლიერებს საზღვრის უსაფრთხოებას. საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში, აღნიშნულ კანონპროექტს კენჭი პოლონეთის სენატმა უნდა უყაროს.
7 სექტემბერს, მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.