თურქეთის სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და თურქეთის სუვერენიტეტის უპატივცემულობა მიუღებელია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ისინი, ვინც პატივს არ სცემენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვერ იქნებიან ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფოს მეთაურის ვალდებულებაა, საჭირო პასუხი გასცეს ამ უპატივცემულობას. ისინი, ვინც თურქეთის კეთილმოსურნეობას სისუსტედ ჩათვლიან, შესაბამის პასუხს მიიღებენ, თუ თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში დასავლეთის რამდენიმე საელჩოს განცხადებას მიესალმა, რომლის თანახმად, ისინი მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერევიან.
თურქეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პატივს სცემს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს.
„18 ოქტომბრის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვების საპასუხოდ, აშშ აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის ერთგული რჩება“, - ნათქვამია თურქეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი ამბობს: თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება თურქეთში კანადის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის საელჩოებმაც გაავრცელეს.
18 ოქტომბერს, თურქეთში 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს „პერსონა ნონ გრატად“ იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც თურქი აქტივისტის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. ელჩებს შორის თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.