ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების ცხელი ათეული

ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების ცხელი ათეული

“ვაკის”, "მითანას" და “ნიკორა ტრეიდის” რომელი პროდუქტები აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში?!

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ახალ ე.წ. კვარტალური ნუსხის შემუშავების პროცესშია,სადაც კოლიბაქტერიებით დაბინძურებული საკვები პროდუქტებია ჩამოთვლილი. ხსენებულ ნუსხაშისხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტის ჩამონათვალია მოყვანილი და ცენტრისვე ინფორმაციით,ხორცპროდუქტებში კოლიბაქტერიების არსებობა ლაბოროტიული შემოწმების შედეგად დადგინდა.

მაშ ასე! როგორ გამოიყურება 2013 წელს ქართულ სარეალიზაციო ქსელში შეძენილი იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

1. შპს "დიდგორი 2010" –ის მიერ წარმოებული შერეული “ფარში” (სწორედ აღნიშნული ხორცპროდუქტი იყიდება "ნუგეშის" ჯიხურებში) - დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. 2. შპს "მარგე"-ს გაყინული ხინკალი _ დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. 3. შპს "ბოკოლას"ხორცის პელმენი _ აღმოჩნდა კოლიბაქტერიები (პელმენი შემოწმედა მესამედ. პირველი ორი შემოწმება განხორციელდა 2012 წლის ივლისში და სექტემბერში. ორივე ჯერზე კოლიბაქტერიებით დაბინძურება დაფიქსირდა). 4. შპს "ვეჯინი"-ს თევზი “ქაშაყი მარილიანი” _ აღმოჩნდა კოლიფორმები და საფუარის სოკო. 5. შპს "მითანა"-ს ძეხვი “მოხარშული” _ აღმოჩნდა კოლიფორმები. 6. შპს "ნიკორა ტრეიდი"-ს სოსისი "რძიანი" - აღმოჩნდა კოლიფორმები. 7. შპს “სმარტ-რუსთაველი” -ის კალმახის ფილე გასუფთავებული _ აღმოჩნდა კოლიფორმები. 8. შპს ”ხორცპროდუქტების ქარხანა ვაკე”-ს სოსისი “ვაკის საქონლის” _ აღმოჩნდა კოლიფორმები (“იოლი”-ს გასტრონომიამ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომ მან უკვე გააფრთხილა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა, რომ თუკი მისი პროდუქცია უვნებელი არ იქნება, “იოლის” გასტრონომია მას გაყიდვაში აღარ მიიღებს).

აღნიშნული ჩამონათვალის გარდა, უახლოესი შემოწმებები ახლახან განხორციელდა და მის შესახებ სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ლია თოდუა გვესაუბრება:

_ ჩვენმა ორგანიზაციამ სასურსათო ქსელში შეიძინა ორცხობილა "ბარნი", რის შემდეგაც მოხდა ეტიკეტის შესწავლა. კვების ექსპერტის განმარტებით პროდუქტში შემავალი ყველა კომპონენტი მართალია დასაშვებია ბავშვთა კვებისთვის. მაგრამ, ერთადერთი კომპონენტი პალმის ზეთის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება არ არის სასურველი ბავშვებისათვის.

_ 2013 წლის მარტის თვეში “ნატურალ +”-ს არაჟნის ნატურალურობის შემოწმების მიზნით სასურსათო ქსელს მივმართეთ. შევიძნეთ შპს "ნატურალ+" ორი დასახელების არაჟანი : არაჟანი “ნატურალ +” (15%-იანი) და “სვანური არაჟანი” (25%-იანი). ორივე დასახელების არაჟანს შემადგენლობაში მითითებული აქვს, რომ პროდუქტი დამზადებულია მცენარეული ცხიმის გამოყენებით. არაჟნები გადავიტანეთ გამჭვირვალე ერთჯერად კონტეინერებში და ჩავაბეთ ლაბორატორიას მათში საერთო ცხიმისა და ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, არაჟანი “ნატურალ +” -ში საერთო ცხიმის შემცველობა 16.5%, ხოლო რძის ცხიმის შემცველობა 0%-ია; ხოლო “სვანური არაჟანში” საერთო ცხიმის შემცველობაა 28.5%, რძის ცხიმის შემცველობა 0%-ია; ანუ, არც ერთი ეს პროდუქტი არაჟანი არ არის.

_ ეს კანონდარღვევაა?

_ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით სერიოზული კანონდარღვევაა, ვინაიდან რძის პროდუქტის დასახელებით არ შეიძლება გაიყიდოს პროდუქტი, რომელიც რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს შეიცავს. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს.


როგორ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს კოლიბაქტერიებით დაბინძურებულმა საკვებმა?!


შოთა ჩხეიძე (ნატოს ექსპერტი კვების უსაფრთხოების საკითხებში):

_ კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას. ბევრი რამე შეიძლება გამოიწვიოს კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ. ესენია _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიები, მენინგიტი და სხვა თანმდევი დაავადებები. კოლიბაქტერია იგივე ნაწლავის ჩხირია და მისით მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით _ გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.