სუდანის მმართველი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის მმართველი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის მმართველი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და გარდამავალი სუვერენული საბჭოსა და მთავრობის დაშლა გამოაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის შეთანხმება გარდამავალი მთავრობის შესახებ ბრძოლაში გადაიზარდა, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არჩევნები 2023 წლის ივლისში გაიმართება.

სამხედროებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი უცნობ ადგილას გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა სამხედრო გადატრიალებისთვის მხარის დაჭერაზე.

სუდანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, სუდანის პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი სუდანელ ხალხს მოუწოდებს, მშვიდობიანი გზით წინააღმდეგობა გაუწიონ გადატრიალების მცდელობას და დაიცვან თავიანთი რევოლუცია.

სამხედროებმა სუდანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს და ხიდები ჩაკეტეს.