უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე

უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე

"სექტემბრის თვე მშობლებისთვის გახდა ეკონომიკური კატასტროფის თვე. ჩვეულებრივი მოსახლეობის გაღატაკების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა", - გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ დაპირებული ცხოვრების "გაიაფების" ტალღამ განათლების სფერომდე მიაღწია. ორი დღეა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამომცემლებს მედიასაშუალებებით უტევს და საყვედურობს. არცთუ უსაფუძვლოდ, 150 ლარი, რომელიც, წელიწადში, საშუალოდ, ერთ მოსწავლეს წიგნების შესაძენად სჭირდებოდა, ქართული ოჯახების უდიდეს ნაწილს, მართლაც მძიმე ტვირთად აწვებოდა.

"ეს ხდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც საარსებო მინიმუმი 153 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი 145 ლარია, თანაც მშობლებს არჩევანი არ ჰქონდათ - მათ უარი უნდა ეთქვათ შვილის განათლებაზე ან ისეთ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, როგორც რუსთავის სკოლის მოსწავლეები – წიგნების ქსეროასლებით ესარგებლათ," - განაცხადა მარგველაშვილმა. მინისტრის მიერ შეთავაზებული გამოსავალი მშობლებს გაუხარდათ, თუმცა, მეორე მხარემ - საგამომცემლო ბიზნესმა, პოპულისტურ გამოხტომად შეაფასა და საგამომცემლო სფეროს მოსალოდნელ დაქცევასა და განადგურებაზე ალაპარაკდა.

სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესი

გამომცემლობები არ ეთანხმებიან მინისტრის შენიშვნას, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესი წელიწადში 80 მილიონამდე ლარს აღწევდა. მათ სხვა მონაცემები აქვთ.

"ეს თანხა არარეალისტურია. არსებობს სტატისტიკა, რომ შარშან, 2012 წელს, სასკოლო სახელმძღვანელოების საცალო გაყიდვებმა დაახლოებით 23 მილიონი ლარი შეადგინა. სოციალურად დაუცველებისთვის კი, სახელმწიფომ 8 მილიონი ლარის ღირებულების წიგნები შეისყიდა, მაშასადამე, დაახლოებით 30 მილიონ ლარზეა საუბარი," - აცხადებს გამომცემელი ბაკურ სულაკაური.

გამომცემლობა "ინტელექტის" გათვლებით, მთლიანი რეალიზაცია 25-28 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა. სხვა გამომცემლები სავარაუდო მაჩვენებლად 40 მილიონ ლარს ასახელებენ. ეს თანხა ბაზარზე მოქმედ 16-18 კომპანიაზე ნაწილდებოდა, თუმცა, მისი დაახლოებით 40% (როგორც თავად ბიზნესმენები აცხადებენ) ოთხ ძირითად გამომცემლობას - "ინტელექტს" (18-20%), "მერიდიანს", "სულაკაურის გამომცემლობასა" და "დიოგენეს" - შორის იყოფოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ 13 გამომცემლობა სპეციალურად მხოლოდ სახელმძღვანელეობის ბაზრის დასაკმაყოფილებლად იყო შექმნილი, რაც "ხელოვნური სოციალიზმის" გამოვლინებად შეაფასა, თუმცა, თავიდან აიცილა კომენტარი იმ ფაქტზე, რაზეც არაფორმალურად ხშირად საუბრობდნენ: განათლების სამინსიტროსთან დაახლოებული პირები კონკურსში კონკრეტული წიგნების წარმატებას აქტიურად ლობირებდნენ.

გამომცემლების მოგების მარჟა

გამომცემლები უარყოფენ, რომ მათ კოლოსალური თანხები რჩებოდათ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ წიგნების გაიაფების სურვილი ექს-მინისტრ დიმიტრი შაშკინსაც გაუჩნდა. მან დაიბარა ყველა გამომცემელი და სახელმძღვანელოს ფასზე ზედა ზღვარი - 10 ლარი დაუწესა. თანხა, სავარაუდოდ, თავად ბიზნესმენების არგუმენტებით დაანგარიშდა. ეს სქემა გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელმა, კახა კუდავამ გაგვიშიფრა:

"10 ლარიდან 2 ლარი დისტრიბუციას მიაქვს; ორი ლარი, ანუ 20%, ავტორს რჩება (ხელზე 1,60 ლარს იღებს, რადგან 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდის); 3,5 -4 ლარი ბეჭდვაში მიდის; დარჩენილ თანხაში შედის მოგება, გადასახდები და მომსახურე პერსონალი - დამკაბადონელებლები, მხატვრები და ა.შ.", - აცხადებს კუდავა. მისი თქმით, იყო ისეთი წიგნებიც, რომელთა თვითღირებულება დაწესებულ ზღვარს სცდებოდა, მაგალითად, არაქართული სკოლებისთვის, მაგრამ ამ ზარალს გამომცემლები სხვა წიგნებიდან მიღებული შემოსავალით აბალანსებდნენ. 400 გვერდიან და 40 -გვერდიან წიგნებზე ერთი და იგივე ზღვარი იყო დაწესებული, რაც, გამომცემლობებს, ბუნებრივია, მეტი ლავირების საშუალებას აძლევდა. ამასთან, მასწავლებლებს წიგნები უფასოდ ურიგდებოდათ.

"შოკირებული ვიყავი იმ გროშებით, რამდენსაც თურმე ავტორები ხშირ შემთხვევაში იღებდნენ გამომცემლისგან. ეს პოლიტიკა შეიცვლება და სამუშაოში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუკვეთავს, ავტორებს ექნებათ უფრო ღირსეული ანაზღაურება" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორების მოგების მარჟა

ბაკურ სულაკაურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში საქართველოში საავტორო ანაზღაურების შემდეგი სქემა ჩამოყალიბდა: ავტორები საკუთარი წიგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან 15-25% იღებენ. გასულ წელს სამასამდე ავტორმა 5 მილიონი ლარი გადაინაწილა. აქედან, სულაკაურის გამომცემლობამ, ჰონორარების სახით, 700 ათასი ლარი გასცა, მათ შორის, 70 ათასამდე ლარი ერთმა ავტორმა მიიღო. "ინტელექტი" ავტორებს რეალიზაციის შემოსავლის 20%-ს უხდიდა, რაც გამომცემლობის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ავტორმა თემურ ვეფხვაძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა. მან სამ მეცნიერთან ერთად თორმეტივე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო დაწერა. თემურ ვეფხვაძე თსუ-ს ალგებრა-გეომეტრიის კათედრის სრული პროფესორი და ყოფილი პარლამენტარის, ლევან ვეფხვაძის მამაა.

პროფესორის თქმით, გროშებს ის ავტორები იღებდნენ, რომელთა სახელმძღვანელოები მასწავლებელთა შორის ნაკლები პოპულაურობით სარგებლობდა, შესაბამისად, მცირე გაყიდვებით ხასიათდებოდნენ (თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მაწავლებლების სიმპატიების მოპოვება რიგ სკოლებში დირექტორის გავლენის სფეროებსაც კი სცდებოდა და თითქმის პარლამენტის დონეზე წყდებოდა). როგორც თემურ ვეფხვაძე აცხადებს, მარგველაშვილის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარი მოგების სახით დაუტოვოს გამომცემლებს, დარტყმას ავტორებსაც აყენებს.

"ძველმა ფილოსოფოსებმა მათემატიკა კარგად იცოდნენ, ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა კი, როგორც ჩანს, არ იცის. ერთ მილიონ ლარს 4 მილიონ წიგნზე ანაწილებენ, გამოდის, რომ გამომცემლობას 25 თეთრი რჩება, საიდანაც 20%, ანუ 5 თეთრი ჩვენ უნდა გამოდგვცეს, ერთი თეთრი საშემოსავლო გადასახადის სახით უნდა გადავიხადო. დარჩენილი ოთხი თეთრი ოთხმა ავტორმა გადავინაწილოთ, გამოდის, რომ ერთი თეთრი დამრჩება, ანუ ზუსტად, 40-ჯერ შემიმცირდება შემოსავალი", - აცხადებს ვეფხვაძე.

ისევ "ხელოვნური სოციალიზმი"?

"მინისტრის მიერ დასახელებული ფულადი რესურსი - 12 მილიონი ლარი - საკმარისი არ იქნება სრულად დაიფაროს სკოლის სახელმძღვანელოებზე გასაწევი ხარჯები. ეს თანხა მხოლოდ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს დასჭირდება, რომლითაც სკოლები ბრიტანული გამომცემლობისგან მარაგდებიან. ერთი წიგნის ფასი, როგორც ვიცი, 17-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, ინგლისურ ენას სულ 600 ათასი მოსწავლე ეუფლება, შესაბამისად, 10 მილიონზე მეტი ლარი ჯდება,"- აცხადებს ბაკურ სულაკაური.

ამავე დროს, გამომცემლობები უსამართლოდ მიიჩნევენ, რომ მათ არსებობის საშუალება წაართვეს და თანხა მთლიანად სტამბებზე მიმართეს, თანაც მხოლოდ ოთხ მათგანზე ("24 საათი", "სეზანი", "ფავორიტი", "ფორმა").

"ეს ნიშნავს, რომ ტენდერიც კი არ გამოცხადდება, ჩვენც გვაქვს საკუთარი სტამბა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩერებულია, შემოეთავაზებინათ, იქნებ, დავთანხმებულიყავით?"- აცხადებს "ინტელექტის" ხელმძღვანელი.

თუმცა, თავისი პოზიცია აქვს "24 საათის სტამბის" ხელმძღვანელს, ირაკლი ლეჟავას. მისი თქმით, სახელმძღვანელოების ფასები მათი ტირაჟის მიხედვით დგინდება. "თუ საშუალო შეწონილ თანხას დავითვლით, გამოდის, რომ 8,4 მილიონ ლარად 4 მილიონზე მეტი წიგნი უნდა დაიბეჭდოს, ანუ, უხეშად, წიგნი 2,1 ლარი ჯდება. ეს თანხა 40 სტამბაზე რომ გადანაწილებულიყო, მაშინ განათლების სამინსიტროს 14 მილიონი ლარი დაუჯდებოდა, რადგან ტირაჟის გამო ჩვენ მოგების მარჟების მნიშნელოვან შემცირებაზე დავთანხმდით", - განაცხადა ლეჟავამ.

რა ელით გამომცემლებს

ეკონომიკური შეჭირვების, ინტერნეტისა და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გათვალისწინებით, მხოლოდ წიგნის მოყვარულებზე გათვლილი გაყიდვებით გამომცემლობათა უდიდესი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იარსებებს, მათ დახურვა დაემუქრებათ. "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე აცხადებს, რომ მათი კომპანიის რეალიზაციის 80% სასკოლო სახელმძღვანელოებზე მოდიოდა.

"ეს კატასტროფაა. კრედიტებით ვფუნქციონირებთ, გარდა ამისა, ნაშთში 900 ათასი ლარის პროდუქცია გვაქვს. როგორც შევიტყვე, მინისტრს ახალი სახელმძღვანელოების შექმნის სურვილიც აქვს, ესე იგი, დარჩენილი წიგნების ბედიც გაურკვეველია," - აცხადებს ლებანიძე.
იმავეს ფიქრობს გამომცემლობა "ინტელექტის" დირექტორი:

" ეს გადაწყვეტილება გაგვაკოტრებს. მაქსიმუმი ორი წელიწადი ვიარსებოთ ინერციით. ჩვენს შიდა ბრუნვაში სასკოლო სახელმძღვანელოებს 68% უკავია. ნაშთის სახით 625 ათასი ეგზემპლარი გვაქვს შემორჩენილი. გაკოტრდებიან წიგნის მაღაზიებიც, რადგან, სახელმძღვანელოებს პირდაპირ სკოლებში დაურიგებენ," - ამბობს კუდავა.

თუმცა, მიუხედავად პესიმისტური განწყობისა, გამომცემლები დანებებას არ აპირებენ და სასამართლოში ჩივილზე საუბრობენ. გარდა ამისა, მათი განცხადებით, მხარდაჭერის მოპოვებას საერთაშორისო არეალზეც ეცდებიან, პარტნორი და კოლეგა უცხოური წიგნის ასოციაციების სახით.