ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარებაზე "ჯი-ეიჩ-ნი" ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პოფესორს ლადო პაპავას ესაუბრა
- ბატონო ლადო, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავმა ზრდამ ვერ უზრუნველყო სიღარიბის დონის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და დაბალანსებული რეგიონალური განვითარება. თუ ეკონომიკური ზრდა მართლაც შთამბეჭდავი იყო, რატომ არ იკლო სიღარიბის დონემ და რატომ ვერ მოხდა დაბალანსებული რეგიონალური განვითარება?
- კითხვა მართლაც შეიძლება გაჩნდეს თუ ეკონომიკური ზრდა არის, რატომ არის მაშინ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური ზრდა განპირობებულია არა იმდენად ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდით, რამდენადაც სხვადასხვა ფაქტორით, რომელიც უშუალოდ ახალ სამუშაო ადგილებს არ ქმნის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საცხოვრისის გაქირავებით მიღებული შემოსავალი. აქ ფაქტობრივად აღირიცხება არა მარტო რეალური გაქირავება, არამედ პოტენციური გაქირავებაც. ანუ ის საცხოვრისი, რომ გაქირავებულიყო, რა შემოსავალი იქნებოდა. ეს არის საერთაშორისო სტატისტიკის პრობლემა. ამიტომ ამის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი გარკვეულწილად "იბერება" და გვიჩვენებს ზრდას, მაგრამ რეალურად ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ეკონომიკურ მეცნიერებაში ხშირად აყენებენ პრობლემას, რომ მთლიანი შიგა პროდუქტი არ ასახავს ზუსტად, ადეკვატურად ეკონომიკის განვითარებას. იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელი არ ასახავს ზუსტად ყველა იმ ფაქტორს, რომელიც უშუალოდ ეკონომიკის განვითარებასთან არის დამოკიდებული. ასე, რომ მხოლოდ მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდით ძნელია შეაფასო რამდენად წარმატებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მნიშვნელოვანია, როგორი ზრდის ტენდენციები ახასიათებს ეკონომიკის რეალურ სექტორს, ანუ იმას სადაც იქნება პროდუქცია. რაც შეეხება არათანაბარ რეგიონალურ განვითარებას, მსგავსი პრობლემა დამახასიათებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყანა, თუ არ არის ძალიან მცირე სახელმწიფო (მაგალითად, ანდორა), ვისთვისაც ეს მოვლენა დამახასიათებელი არ იყოს. დღეისათვის ეკონომიკურად საქართველოში ყველაზე ჩამორჩენილი არის მთა, იმიტომ რომ იქ ნაკლებია, როგორც სამუშაო ადგილები, ასევე შესაძლებლობები სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური საწარმოს გასახსნელად. ამიტომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, რომელსაც ძირითადად უზრუნველყოფს წამყვანი რეგიონები და სხვა რეგიონები კი იყოს შედარებით ჩამორჩენილი. ამიტომ ქვეყნებში არსებობს სპეციალურად შემუშავებული რეგიონალური პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის არა უბრალოდ საბიუჯეტო ტრანსფერებით სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის მეტ-ნაკლები გამოთანაბრება. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ გარკვეული პირობები შეიქმნეს ეკონომიკის განვითარებისათვის აი ამ შედარებით ჩამორჩენილ რეგიონებში.
- სულ გვესმის, რომ მთა იცლება, მთას შველა სჭირდება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მთა ეკონომიკურად გაძლიერდეს. ან, როგორი პირობები უნდა შექმნას, რომ მთით კერძო სექტორი დააინტერესოს?
- დღეს ჩვენ მხოლოდ მთის პრობლემა არ გვაქვს. სერიოზული პრობლემები გვაქვს ბარშიც. ამიტომ ხელისუფლების სერიოზული პრობლემაა, რომ მთელი ეკონომიკა განათდეს. დღეს უკვე გამოჩნდა სპეციალური პროგრამები, თუნდაც - სასოფლო სამეურნეო. იმავდროულად, ხელისუფლებას სპეციალურად შესამუშავებელი აქვს მეცხოველეობის განვითარების პროგრამა. ეს ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანი დარგია და დღეს ვერ ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯეროვან ყურადღებას აქცევს. თუმცა ამას მთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ ბოლო წლებში ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქართულ ცხვარზე და გაუაზრებელმა ექსპორტმა უარყოფითი ასახვა ჰპოვა მის სულადობაზე. ამიტომ დღეს სერიოზული მნიშვნელობა აქვს მეცხვარეობის განვითარებას, საერთოდ მესაქონლეობის განვითარებას. მეცხოველეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და ამას სპეციალური პროგრამაც ესაჭიროება.
- აჭარაში ირანული ინვესტიციებით სირაქლემების ფერმის მშენებლობა იგეგმება, აქცენტი სირაქლემებზე დღეს რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ?
_ სირაქლემების თემა საქართველოსთვის ახალი არ არის. მსგავსი ფერმა საქართველოში კომუნისტების პერიოდშიც იყო. მან შეიძლება გაამართლოს კიდეც. მე ნამდვილად არ ვარ იმ განწყობაზე, რომ საქართველოში არ შეიძლება სირაქლემების ფერმა შეიქმნას. თუმცა ამაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პრიორიტეტული, არ ვარგა. შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ბაკურ კვეზერელის ცნობილ გამონათქვამებს ბაყაყის ექსპორტთან დაკავშირებით და თუ ვინმეს უნდა ჭამოს ქართული ბაყაყი, კი ბატონო გავიტანოთ ექსპორტზე, ოღონდ ისე, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ შეექმნას ქვეყანას. თუმცა, გამოცხადება იმისა, რომ ბაყაყის ექსპორტი პრიორიტეტულია, არ შეიძლება.
სირაქლემების ფერმების მოწყობა მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და სირაქლემას ხორცი გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებით. ასე, რომ საქართველოში სირაქლემების ფერმის მოწყობა და სირაქლემების მოშენება შეიძლება საკმაოდ მომგებიანიც იყოს, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება ზუსტად ისეთივე შეცდომაა, როგორც თავის დროზე ბაყაყებზე აქცენტის გაკეთება იყო.
_ მეცხოველეობის პრიორიტეტულობაზე თუ ვსაუბრობთ, იგივე მეფრინველეობაც ხომ არანაკლებ პრიორიტეტულია? დღეს ეს ბიზნესი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შექმნილი პირობების გამო ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდება და მას იმპორტი კლავს.
- ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარია სოფლის მეურნეობაზე, საუბარი უნდა იყოს კომპლექსურად ყველა მიმართულებაზე, მათ შორის მეფრინველეობაზე. კარგია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომელიც მკვდარ თემებად ითვლებოდა ბოლო წლებში. ჩემი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ არის კრიტიკული, მაგრამ იმავდროულად პოზიტიური. კი შეიძლება უშვებდნენ გარკვეულ შეცდომებს და ყველაფერი გააზრებული არ იყოს, მაგრამ იმდენი უმოქმედობა, რაც იყო სოფლის მეურნეობაში 8-9 წლის განმავლობაში, შეიძლება პირობითად ვთქვათ, რომ "აგრარული აპათია" დამკვიდრდა ქვეყანაში, ეს დანაშაულია ისეთი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. კარგია, რომ დღეს აქტიურობა არის! სოფლის მეურნეობაში დრო არის საკმაოდ ფასეული, იმიტომ რომ თუ რაღაც სამუშაოს დააგვიანებ მერე მთელი წელია ჩავარდნილი. მართალია, სწრაფი მოქმედებისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ვინც არაფერს არ აკეთებს არც შეცდომებს არ უშვებს.
- ისევ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშს, რომ დავუბრუნდეთ, ანგარიშში წერია, რომ "ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ეკონომიკური ზრდის სოციალურ-ეკონომიკური ყოვლისმომცველობა (ინკლუზიური ზრდა), რაც შექმნიდა ეფექტიანი დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, როგორც სოფლის მეურნეობაში, საარსებო მინიმუმის პირობებში დასაქმებულთათვის, აგრეთვე, საქართველოს სიღარიბით მოცული რეგიონების სხვა წარმომადგენლებისთვისაც". როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემები და უმუშევრობის დონე რეალურად როგორ შემცირების შემცირდეს, თანაც ისე რომ არცერთი რეგიონი დაიჩაგროს?
- საუბარია ქვეყნის კომპლექსურ განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, ამ მიმართულებით მუშაობს. არც თუ დიდი ხნის წინ, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ამ დოკუმენტზე უკვე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და მის შემუშავებაში ჩართულნი არიან ქართველი ექსპერტები, მათ შორის მეც. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიმართულება, რომ ქვეყანას ჰქონდეს ერთიანი ხედვა, თუ საით მიდის საქართველო, როგორი უნდა იყოს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. ვფიქრობ, რომ პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ დასაქმების ზრდით უნდა მოხდეს არა მარტო ეკონომიკური ზრდის მიღწევა, არამედ სიღარიბის პრობლემის დაძლევაც. სწორედ დასაქმების გზით უნდა მოხდეს ხალხის შემოსავლების ზრდა. მათ შორის დამატებითი შესაძლებლობები მიეცემა სხვადასხვა რეგიონებს განვითარებისთვის. კომპლექსურ ხედვას, რომელიც მთავრობას სჭირდება, ვფიქრობთ, რომ მალე შევიმუშავებთ.
- ბატონო ლადო, ამ სტრატეგიის შემუშავება რამდენად მალე მოესწრება? ეს კითხვა გამიჩნდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ვიცი ცალკეული სექტორები, სადაც სტრატეგიის დაწერა ხდება 3-4 წლის განმავლობაშიც კი. და თუ აღმოჩნდება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია დროში მალე შეიკინძება, ის რამდენად კომპეტენტური და რეალობის ამსახველი იქნება?
- არამარტო "ქართული ოცნების" არამედ წინა მთავრობების პროგრამაც "ნაჩქარევადაა" შეკინძული. ამას აქვს ობიექტური მიზეზი, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება ნიშნავს, მისი პროგრამისადმი ნდობის გამოცხადებას. ეს თეორიულად სწორი ჩანაწერია, თუმცა რეალურად საკმაოდ ცუდია. როდესაც ახალ მთავრობას ნდობას უცხადებენ, შეუძლებელია მოკლე ვადებში მან სერიოზული პროგრამა დადოს. ადამიანს თუ ხელახლა არ უცხადებენ ნდობას და ახალი მოსულია, როგორი კარგი სპეციალისტიც არ უნდა იყოს, კარგ სამთავრობო პროგრამას მაინც ვერ დადებს.
ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" რა გააკეთა? აიღო პარტიული პროგრამა, რომელიც სულ სხვა დატვირთვის დოკუმენტია და დროში რაც ესწრებოდა გადააკეთა სამთავრობო პროგრანად. თუმცა, რასაც სამთავრობო პროგრამა ჰქვია, ის სამთავრობო პროგრამა არ არის.
ყველაფერი ეს "ქართული ოცნების" კი არა კონსტიტუციის "ბრალია", რომელსაც ეს მოთხოვნა აქვს დაფიქსირებული. ამიტომ ნებისმერი სხვა მთავრობა, რომელიც მომავალში გვეყოლება, ასევე დადებს ცუდს პროგრამას, იმიტომ რომ მცირე დროში უკეთესის შემუშავებას ვერ მოასწრებს. შესაბამისად, ყველაზე კომპეტენტურ მთავრობასაც კი მაინც ზერელე პროგრამა ექნება. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა სტრატეგიის დაწერა. რაც შეეხება ცალკეულ დარგობრივ სტრატეგიას, აქ ორი გზა არსებობს: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიამ მოიცვას ცალკეული დარგების სტრატეგიები, და მეორე გზა, გაკეთდეს ქვეყნის განვითარების ერთიანი სტრატეგია და მის საფუძველზე ცალკ-ცალკე გაკეთდეს დარგობრივი განვითარების სტრატეგიები. ორივე სქემა ქმედითუნარიანია და რომელ სქემას აირჩევს მთავრობა, ეს უკვე მთავრობის პრეროგატივაა. პირადად მე რაიმე პრინციპული მოსაზრება არ მაქვს იმის შესახებ, თუ რატომ ჯობია ერთი გზა მეორეს. ჩემი აზრით ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მიღება, დამტკიცება არ უნდა გაცდეს ივნისს. სხვა თუ არაფერი წლის პირველ ნახევარში მაინც უნდა დაიდოს, თუ რას აპირებს მთავრობა 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სანამ მას ნდობის მანდატი აქვს, როგორც საპარლამენტო არჩევნების გზით მოსულ მთავრობას.
- "მორგან სტენლის" დასკვნით, 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 %-ი იქნება, აზიის განვითარების ბანკის გაანგარიშებით - 5,5%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით - 6%. ფინანსთა მინისტრი კი 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკის მინიმუმ 6%-ან ზრდას ელის. ერთი შეხედვით 1%-ული ან 0,5%-ულ პუნქტიანი სხვაობა თითქოს არაფერია, მაგრამ ეკონომიკისთვის ეს მცირედი განვითარებაც კი მნიშვნელოვანია. რეალურად რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია საქართველოზე სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებს?
- საერთოდ ასეთი პროგნოზული შეფასებები ბევრი კეთდება. როგორც წესი, წლის განმავლობაში ხდება მათი გადასინჯვა. ეს ასე ხდებოდა შევარდნაძის მთავრობის დროსაც, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურები პერიოდულად გადასინჯავდნენ თავის პროგნოზებს. თვითონ მთავრობაც გადასინჯავდა. ასე იყო "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის დროსაც, ასე არის "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდშიც. ეს ტექნიკური მომენტებია, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ისეთი ტიპის ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, საერთაშორისო გამოცდილებიდან მიჩნეულია, რომ ყველაზე კარგი დონე ინფლაციის, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას არის 6%. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს არის 2%.
- ეკონომიკის ზრდასა და საინვესტიციო გარემოზე ზემოქმედების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად არჩევნები სახელდება. საქართველოში არჩევნები ფაქტობრივად ყოველწლიურად იმართება. ასეთ ვითარებაში არსებობს თუ არა გამოსავალი, რომ საქართველოში ამ ფაქტორების მინიმიზაცია მოხდეს და ჩავარდნა რომელიმე მიმათულებით არჩევნებს აღარ დავაბრალოთ?
- საქართველო ცოტა განსხვავებულ სიტუაციაშია. საქართველოში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლიდერები იცვლებოდნენ ან გადატრიალებით, ან რევოლუციით. გავიხსენოთ, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, სულ დღის წესრიგში დგას, რომ სააკაშვილი გადადგეს. ასე იყო 2007-2011 წლებში და ეს მთავროდებოდა ხან საპროტესტო აქციის მონაწილებიის ცემით, ხანაც სისხლის დაღვრით და ა.შ. ახლა ჩვენთან დასრულებული ხელისუფლების ცვლილება ჯერ კიდევ არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია და ისევ აგრძელებს თავის ანცობასაც და ბოროტ ქმედებებსაც. ანცობას იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ხელი მოიტეხა, თუმცა არ მესმის რა უნდოდა პრეზიდენტს ანტალიაში ველოსპედით. დროა მის ასაკში, რომ ცოტა უფრო დაღვინდეს. იმავდროულად ბოროტებაა, როცა ის აფერხებს, მაგალითად, დიპლომატიური სამსახურის მუშაობას. ცნობილია, რომ დიდი პრობლემები შეექმნა არჩილ გეგეშიძეს, რათა დროზე წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და დროზე დაეწყო საქმიანობა. სხვა მიმართულებითაც ახალი ელჩების დანიშვნა შეფერხებულია და ამის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვერ ვიქნებით, სტაბილურობის განცდის მქონე. მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ არჩევნები გვაქვს, მთავარი არის ის, რომ ჩვენთან არის დაპირისპირებული ორი ძალა, ერთი მხრივ ის ძველი - ბოროტი ძალა, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" სახით და მეორე - იმედისმომცემი, საოცნებო ძალა, რომელმაც ეს იმედები ჯერ უნდა გაამართლოს. ის დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული იმედგაცრუების ელემენტები საზოგადოებაში უკვე გაჩნდა. ამ იმედგაცრუების ელემენტების გაღვივებას ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობაც". მთავარია, რომ დღეს პირველად ხდება ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მშვიდობიანი გზით. ჩვენთვის პრობლემა არა არჩევნებია, არამედ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების შესწავლა-შეჩვევაა. კაცი, რომელიც არის პოლიტიკაში, მან არ შეიძლება თქვას საკუთარ თავზე, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარო. ასეთ შეცდომას ბევრი დამწყები პოლიტიკოსი უშვებს. ხშირად ადამიანი თავის თავს არ მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსია, მაგრამ თუ ის პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს, ის შეუძლებელია, რომ არ იყოს პოლიტიკოსი. ჩვენ დღეს პოლიტიკური კულტურის "დამწყებ კლასში" ვართ. ამიტომ აქ პრობლემა არა იმდენად არჩევნებშია, არამედ იმაში, რომ საქართველო ჯერ ისევ რჩება დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნად. 20 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ გაგვეგო, თურმე ხელისუფლების შეცვლა შეიძლება არჩევნების გზით.
- დღეს საქართველოში ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობაა. წლის დასაწყისში, როდესაც გათვლა 2 მილიარდიან ინვესტიციაზე გაკეთდა, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამაც კარგად იცოდა, რა კამპანია შეიძება წამოეწყო სააკაშვილს და ისიც, რომ ეს პროცესები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს უკან დასწევდა. ასეთ ფონზე რამდენად რეალისტურად გამოიყურება მთავრობის განცხადება 2013 წელს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლის შესახებ?
- ეს არის ის კითხვა, რომელიც არა მარტო თქვენ, არამედ მეც მაქვს. ამ კითხვაზე პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. მე შემიძლია ერთი გითხრათ, რომ ივანიშვილის მთავრობამ და პირადად ბატონმა ბიძინამ სავსებით სწორად მოიფიქრა ის, რომ გადაწყვიტა საინვესტიციო ფონდების შექმნა. ასეთი პოლიტიკური დაძაბულობისა და არასტაბილურობის პირობებში, საინვესტიციო პროცესის ინსტიტუციონალიზაცია შეიძლება იყოს გარკვეული საფუძველი იმის, რომ ინვესტორი ენდოს არა ზოგადად საქართველოს, არამედ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ თვითონ ეს ინსტრუმენტი მე თავიდანვე ჩავთვალე საინტერესო და მიმზიდველ ინსტრუმენტად, მაგრამ იმავდროულად დღემდე არ არსებობს ახსნა იმის, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ საინვესტიციო ფონდებმა, რატომ უნდა ჩაიდოს ამ ფონდში ფული და ა.შ. ეს ის კითხვებია, რომელზედაც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით პასუხი არ არის...
- პრემიერი ნებისმიერი პრობლემის გადასაწყვეტად ფონდის შექმნას აანონსებს, მაგრამ რეალურად ამ დრომდე არც ერთი ოფიციალურად არ შექმნილა. მით უფრო არ ვიცით როგორ მოხდება ამ ფონდში თანხების მოზიდვა და შემდგომ განკარგვა. ასეთი ფონდების შექმნა საქართველოს ეკონომიკისთვის მართლაც ერთადერთი პანაცეაა?
- საქმე ასე მარტივად არ არის. არის ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ არანაირი ფონდი არ არის საჭირო და რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს საინვესტიციო მიმზიდველობა, და ინვესტორი თვითონვე იპოვის შესაძლებლობებს სად განახორციელოს ინვესტიცია. რა თქმა უნდა ეს პოზიცია სწორია, მაგრამ საინვესტიციო ფონდის შექმნა, თავისთავად არ გამორიცხავს ინვესტორის მოქმედებას ამ ფონდის მიღმაც.
- მთავრობის გადაწყვეტილებით წყალზე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 3-ჯერ იზრდება. ამავდროულად ეკონომიკის მინისტრი პირდაპირ, ხოლო ფინანსთა მინისტრი ოდნავი სიფრთხილით აცხადებენ, რომ კომპანიები პროდუქციას არ გააძვირებენ. მთავრობის წევრებისგან ჩვენ არ მოგვისმენია არგუმენტები რატომ ხდება მოსაკრებლის ზრდა. მინისტრების ეს განცხადებები ხომ არ მიანიშნებს, რომ მთავრობა კომპანიების საფასო პოლიტიკაში ჩარევას გეგმავს, ან თავის უფლებამოსილებას აჭარბებს? კერძო სექტორსა და ფინანსთა სამინისტროს შორის უკვე მიმდინარეობს ვაჭრობა ელექტრონული აქციზის გადასახადის შემოღების გაუქმებაზე, რომელიც თითო ბოთლზე 1-1,5 თეთრიან გადასახადს გულისხმობს. მსხვილმა კომპანიებმა ღიად დააფიქსირეს, რომ ეს ცვლილება მათ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ზოგიერთმა წარმოების განახევრების შესახებაც კი გააკეთა განცხადება.
- მოდით ამ საკითხს ფართოდად შევხედოთ. პრობლემა მხოლოდ წყალთან დაკავშირებით არ არის, პრობლემა მთლიანად სატარიფო პოლიტიკა, იგივე ბიზნესის ხელშეწყობაა, იგივე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებაა. ჩემი აზრით მთავრობას ერთიანი, გააზრებული ხედვა ჯერ არ წარმოუდგენია. ამიტომ გვაქვს ფრაგმენტული ქმედებები. ხან საქმე წყალს ეხება, ხან გადაზიდვებს, უცებ გაჩნდა თემა თამბაქოსთან დაკავშირებით და ა.შ. მთავრობას ვურჩევდი, რომ ერთიანად გაიაზროს ბიზნესის პრობლემები. თუ ის ბიზნესს შეაფერხებს, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. მთავრობას აქვს აღებული ძალიან დიდი სოციალური ვალდებულება, მაგრამ თუ შენ იმ წყაროს გადაკეტავ, საიდანაც ბიუჯეტი უნდა შეივსოს, მაშინ ბუნებრივია, რომ ამ სოციალურ ვალდებულებებსაც ვეღარ შეასრულებ.
- ეკონომიკას აქვს ერთი ასეთი თავისებურება - დღევანდელი ნაბიჯის შედეგებს მომავალ წლებში იმკი. სხვა საკითხია პოზიტიურია ის თუ ნეგატიური. რამდენად პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე და ასევე, კონკრეტული მეწარმის საქმიანობაზე თუნდაც სოფლის მეურნეობის ბარათიზაციის პროგრამა და იაფი აგროსესხები?
- სოფლის მეურნეობას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. მთავრობის საქმიანობა უწინარეს ყოვლისა უნდა აისახოს წლევანდელი წლის მოსავალზე. თუმცა ის კრედიტები, რომელიც გაიცემა გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების შესაქმნელად, ან თუნდაც სამაცივრე სისტემების ასაშენებლად, ბუნებრივია მრავალჯერადი მოხმარების იქნება და თანხის ჩადება ყოველწლიურად არ დასჭირდება.
- მთავრობას ბოლო კონსტიტუციურ შესწორებამადე ჰქონდა ერთგვარი შიში. დღეს ეს შიში დაძლეულია და ამ პიროებში ქვეყნის პრემიერი ერთგვარად მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გადააყენოს მთავრობა. თუ სააკაშვილი ამ მოწოდებას დადებითად გამოეხმაურება, ეს ხომ ისევ შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ისედაც სტაგნაციაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკას უფრო დაასუსტებს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი გარკვეული უმოქმედობა აუხსნელი სანახაობებით გადაფაროს. რასთან გვაქვს საქმე? რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ ასეთი პოლიტიკური სვლები? და ეს ხომ იმთავითვე უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე?
- სააკაშვილის საქციელი არაპროგნოზირებადია და მას ყველაფერი შეუძლია. მან თუ თავს უფლება მისცა, მთავრობის გადაყენებაც შეუძლია და პარლამენტის დათხოვნაც. თუ პრეზიდენტი გადააყენებს ივანიშვილის მთავრობას, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა სხვა მთავრობას ხმას არ მისცემს. ქვეყანა შევა ღრმა კრიზისში. ბუნებრივია ხალხი გამოვა და სააკაშვილსა და მის ბანდას სულ ხელკეტებით გაყრის ქვეყნიდან.