"ჩეჩნები შურისძიებას დაიწყებენ!"

სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიშის თანახმად, 2012 წლის ლოპოტის სპეცოპერაციის უკან მაშინდელი ხელისუფლება იდგა. ომბუდსმენმა შსს-ს იმ მაღალჩინოსნების გვარებიც დაასახელა, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ ჩეჩნების საქართველოში ჩამოყვანას - გია ლორთქიფანიძე, სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე. სავარაუდოდ, ომბუდსმენის ანგარიში ლოპოტის საიდუმლოების გამოაშკარავებას დააჩქარებს. ამასთანავე, სპეცოპერა­ციის დეტალების დადგენას ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის წევრებიც ცდილობენ.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელს, წარმოშობით ქისტ მათე ციხესაშვილს სტრასბურში დავუკავშირდით:

- ანგარიშში ახალი არაფერია. ჩემი აზრით, საქმის გამოძიება საეჭვოდ ჭიანურდება. ამათ ქართველი ინსტრუქტორებიც შეგნებულად დახოცეს, გაწირეს. მნიშვ
ნელოვანია ის ეპიზოდი, როცა ლოპოტის ხეობაში მყოფებს იარაღის დაყრა შესთავაზეს. მთიელი ხალხისთვის იარაღის აყრა მიუღებელია, ეს დიდ სირცხვილად ითვლება. ჩეჩნებმა მათ უთხრეს, თქვენ არ გენდობით, ან ლაფანყურში ჩაგვიყვანეთ, ან კიდევ პანკისის ხეობაში და იარაღის ჩაბარება პრობლემა არ იქნებაო. პანკისიდან ლოპოტის ხეობაში ორი უხუცესი რომ ჩაეყვანათ, იქ არაფერი მოხდებოდა. ამ პატარა ბავშვების წინააღმდეგ ამხელა ტექნიკის გამოყენება და ხარჯის გაწევა რა საჭირო იყო?! არც მათი აყვანა იყო პრობლემა, არც იარაღის ჩაბარება.

- ვინ დაურიგა ბიჭებს იარაღი? უმარ იდიგოვი (ჯოხარ დუდაევის დისშვილი) ამაში ბაჩო ახალაიას ადანაშაულებდა.
- როგორც ჩანს, ისინი მოტყუებით მიიყვანეს და იარაღი მისცეს.

- ერთ-ერთი ვერსიით, წინა ხელისუფლებას მებრძოლები ევროპიდან ჩამოჰყავდა დივერსიული აქტების მოსაწყობად და საპარლამენტო არჩევნების ჩასაშლელად...
- ბიჭები პანკისის ხეობაში სტუმრად ჩამოდიოდნენ, ზოგს შინაურები ჰყავდა ხეობაში, ზოგს - მეგობრები... შესაძლოა, ლორთქიფანიძეებსა და ახალაიებს ჰყავდათ თავიანთი "შესტიორკები", რომლებსაც ეუბნებოდნენ, საწვრთნელი ბაზა უნდა შევქმნათ, ხელს შეგიწყობთ, თქვენი ნაცნობებ-მეგობრები ჩამოიყვანეთ, იარაღსაც მოგცემთო... აშკარაა, რომ ისინი ჩამოიტყუეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შექმნილია მებრძოლების საწ­ვრთნელი ბაზები, რამდენჯერმე გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ტყუილი აღმოჩნდა. თავის დროზე, მსგავს ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილიც ავრცელებდა.

- ახმედ ჩატაევი ამჟამად სად იმყოფება?
- ჩატაევი ევროპაშია. მოგვიანებით ის თურქეთში შეხვდება ბიჭებს (იგულისხმება ის ჩეჩნები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ, შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა თურქეთის საზღვრამდე მიაცილეს) და შემდეგ ყველაფერს იტყვის. ისე, დაუჯერებელია, რომ თითქოს მათ ჩეჩნეთში გადაყვანას უპირებდნენ, ვინაიდან იმ მონაკვეთიდან, ლოპოტის ხეობიდან გზა ჩეჩნეთისკენ კი არა, დაღესტნისკენ მიდის. იქი­დან 700 კილომეტრია ჩეჩნეთამდე, თან რუსული ბლოკპოსტებია გასავლელი. ამდენი ტვირთით და შეიარაღებით ამის გაკეთება წარმოუდგენელია. შესაძლოა, დაჰპირდნენ, კორიდორს გაგიკეთებთ და დაღესტანში გადაგიყვანთო.

- გადარჩენილი ბიჭები, სავარაუდოდ, იმ პირობით გაუშვეს თურქეთში, რომ სიმართლე არ თქვან?
- ის ბიჭები თურქეთის საპატიმროში სხედან. ალბათ, გათავისუფლების შემდეგ იტყვიან, რა და როგორ იყო. ჩეჩნები მოსთხოვენ პასუხს და ყველაფერს ათქმევინებენ. შესაძლოა, მათ თურქეთის ტერიტორიაზე ჩაიდინეს დანაშაული, ან იარაღის ტარებისთვის დააპატიმრეს. ჩვენი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ შს და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფე­ბი პანკისის ხეობაში აპირებდნენ შესვლას, რისთვისაც თელავის აეროპორტში მობილიზებული იყო მეოთხე ბრიგადა. მათი მიზანი იყო პანკისის ხეობაში შესვლა და იქაურობის გაწმენდა. ჩემთვის უცნობია, რატომ გადაიფიქრეს შემდეგ ეს. ახლა ვადგენთ, რატომ იყო დისლოცირებული მეოთხე ბრიგადა. ისე, შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს დანაშაულის გამოსყიდვა სურს და პანკისელებს ეუბნება, ყველაფერი ბაჩო ახალაიას ბრალია, ბრძანება მე არ გამიციაო. იგი მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მის გარეშე არაფერი მოხდებოდა. ლორთქიფანიძე ახმეტელია, მამამისი ჩვენი რაიონის "გაი"-ს უფროსი იყო. მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა და მიკვირს, ასეთი გარეწარი შვილები როგორ გაზარდა იმ კაი კაცმა?! ივანიშვილმა არჩევნებამდე, თელავსა და ახმეტაში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, როცა ხელისუფლებაში მოვალ, აუცილებლად გამოვიძიებ ამ საქმესო. თუმცა რატომღაც დღემდე ჭიანურდება.

- შესაძლოა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის პერიპეტიებს ობიექტურად გამოიძიებს.
- საპარლამენტო კომისია რისი გამკეთებელია?! ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენას ველოდებით, ამის მერე კი ჩეჩნები თვითონ დაიწყებენ შურისძიებას. 11 ადამიანია მოკლული, თანაც მძინარე ბავშვები. ჩვენი ადათიდან გამომდინარე კი, მძინარე ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. ლორთქიფანიძე დაკითხეს და გამოუშვეს, ბაჩო ახალაიას კი, დარწმუნებული ვარ, ბრალსაც არ წაუყენებენ.

ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი კითხვა: რა მიზნით შეაიარაღეს ახალგაზრდები და მერე რატომ დახოცეს. ჩატაევს პროთეზს გაუკეთებენ (ცალი ხელ-ფეხი არა აქვს ადამიანს) და აუცილებლად მოინახულებს გადარჩენილებს. სულ მალე დავადგენთ, რა ბრალი აქვთ ამ საქმეში ახალაიას, ლორთქიფანიძეს, ამირიძესა და მაისურაძეს, მერე კი ჩვენ ვიცით.