სატრანსპორტო დაპირისპირებამ რეგიონებში გადაინაცვლა

სატრანსპორტო დაპირისპირებამ რეგიონებში გადაინაცვლა

ამჯერად სატრანსპორტო ბატალიები რეგიონებში დაიწყო. ამ მხრივ განსაკუთრებით ქართლი გამოირჩევა. გორსა და რუსთავში მძღოლები, გადამზიდავები და ადგილობრივი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას ვერ ნახულობს.

გორში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა დაიწყეს. ისინი პრეტენზიას შპს “გორიტრანსავტოს” ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქვამენ და ტრანსპორტის სფეროში არსებული ქაოსის მოწესრიგებას მოითხოვენ. მძღოლებმა 70-მდე მიკროავტობუსი ადმინისტრაციული შენობის წინ დააყენეს და მუშაობაზე უარი თქვეს. მათი მოთხოვნაა, ხელისუფლება ტრანსპორტის რეგულირების საქმეში აქტიურად ჩაერიოს.

ცოტა ხნის წინ შპს “გორიტრანსავტოს” მძღოლები სამუშაოდ ახლადშექმნილ კომპანია “ვითიჯიში” გადავიდნენ. კონკურენტმა სატრანსპორტო კომპანიებმა ქალაქში არსებულ მარშრუტებზე საკუთარი ავტობუსები გაუშვეს, რასაც მძღოლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები არც მალავენ, რომ კონკურენტები ერთმანეთს ხშირად უსწრებენ, ავტობუსს აკრძალულ ადგილებში აჩერებენ და საავარიო სიტუაციის შექმნით მგზავრებსაც საფრთხეს უქმნიან. გაფიცული მძღოლები გაზრდილი გადასახადისა და “გორიტრასნავტოს” ხელმძღვანელის მოხსნას მოითხოვდნენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შპს “ვითიჯის” კი რაიონის გამგებელთან პაპუნა კობერიძესთან დაახლოებული პირები მართავენ. ეს ახალი კომპანია 2013 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. “ვითიჯი”-ს (ახალ კომპანიას) ორი დამფუძნებელი ჰყავს - ვალერიან ხაპირაშვილი და თენგიზ თოფჩიშვილი. ვალერიან ხაპირაშვილი 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენელი იყო, ხოლო თენგიზ თოფჩიშვილი ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსის გოგა თოფჩიშვილის ძმისშვილია. რაიონის ამჟამინდელი გამგებელი პაპუნა კობერიძე, სწორედ, გოგა თოფჩიშვილის მოადგილე იყო 2003 წლამდე.

რაც შეეხება კომპანია “ვითიჯის” კიდევ ერთ ხელმძღვანელ პიროვნებას, რომელსაც გაფიცული მძღოლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან მუდმივად ახსენებენ, ეს ზვიად მჭედლიძეა. მჭედლიძე “ვითიჯის” დამფუძნებლებმა დირექტორის მოადგილედ დანიშნეს. კომპანიის დირექტორი ვალერიან ხაპირაშვილი ამბობს, რომ ზვიად მჭედლიძე კომპანიაში მისი მოადგილეა. მჭედლიძე “ეროვნული ფორუმის” წევრია. რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძეც, სწორედ, “ეროვნული ფორუმის” ადგილობრივი ლიდერების რეკომენდაციით და წარდგენით დაინიშნა რაიონის გამგებლად.

“გორიტრასავტოს” წარმომადგენელი მერაბ დაღელეშვილი აცხადებს, რომ მძღოლების პრეტენზიები უსაფუძვლოა და ისინი კონკურენტმა კომპანიამ გადაიბირა, არსებული მარშრუტები კი მათი საკუთრებაა.

“ვითიჯის” ხელმძღვანელი ზვიად მჭედლიძე კი აცხადებს, რომ ნებისმიერ გადამზიდავს უნდა ჰქონდეს მგზავრების გადაყვანის უფლება და კომპანია მძღოლების უფლებებზეც უნდა ზრუნავდეს.

აქციის მონაწილეები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს პაპუნა კობერიძეს შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება არა აქვს, თუმცა ტრანსპორტის სფეროში არსებული ქაოსი გამოსასწორებელია და კომპრომისული ვარიანტის მოძებნა აუცილებელია.

გაფიცული მძღოლები იმასაც აცხადებენ, რომ გუჯა ბერიკაშვილი მათზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა: “ჩვენ გვინდა მუშაობა “ვითიჯიში”. ეს კი გუჯა ბერიკაშვილს არ მოწონს. მიდის მუქარები, ზეწოლები, რომ არ ვიმოძრაოთ. ვითხოვთ, რომ ”ვითიჯის” მიკროავტობუსებს ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეთ. “გორიტრანსს” კი საერთოდ ჩამოერთვას მუშაობის უფლება. ისიც საინტერესოა, როგორ იყიდა მაგ კაცმა ეს კომპანია”, - აცხადებენ მძღოლები.

გუჯა ბერიკაშვილის ადვოკატი მერაბ დაღელაშვილის აცხადებს, რომ შპს “გორიტრანსს” მუნიციპალიტეტისგან აღებული აქვს ვალდებულება, რომ 5 წლის განმავლობაში პროფილის შეუცვლელად იმუშაოს. მისი პროფილი კი მგზავრების გადაზიდვაა.

სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები რუსთავის მერიას სატენდერო პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსთავში 285 მიკროავტობუსი კანონდარღვევით მოძრაობს, რადგან 2011 წელს ჩატარებული ტენდერის ვადა თებერვალში ამოიწურა და ახალი არ გამოცხადებულა.

სატრანსპორტო კომპანიებში საუბრობენ იმაზეც, რომ მზად არიან, ახალ ტენდერში მონაწილეობა მიიღონ და გაიმარჯვონ კიდეც, რის შესაძლებლობაც წინა ტენდერში არ ჰქონდათ. შპს “ლაშარელა 2009”-ს წარმომადგენელი მურად ეჯიბაძე ამბობს, რომ წინა ტენდერი მიკერძოებით და კანონდარღვევით ჩატარდა.

“შარშანაც გვინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ შეგნებულად ჩამოგვაშორეს. თავის დროზე ჩვენზე ზეწოლა მოახდინეს, ტენდერი კანონის დარღვევით ჩატარდა. 12 ხაზია თბილისის მიმართულებით, ისევ ძველი მიკროავტობუსები მოძრაობენ. არც ერთი ტრანსპორტი არ შეცვლილა, რაც გვაეჭვებს, რომ ტენდერი მხოლოდ ფორმალურადაა ჩატარებული”, - ამბობს ეჯიბაძე.

მისი თქმით, ახლაც ჭიანურდება ეს პროცესი და არ არის გამორიცხული, ტენდერი წელსაც მიკერძოებით ჩატარდეს.