დავით საგანელიძე:

დავით საგანელიძე: "ხელისუფლებამ საბჭოთა ანაბრები ეტაპობრივად უნდა გაისტუმროს"

საბჭოთა ანაბრების "გაქრობამ" 90-იან წლებში საქართველოს ბევრი მოქალაქე დააზარალა. როგორც გაირკვა, იმ დროს საქართველოში 4 მლნ-ზე მეტი მეანაბრე არსებობდა, ყველას გააჩნდა გარკვეული დანაზოგი და ამ ადამიანების უმეტესობამ ეს დანაზოგი დაკარგა. აქტივი, რომელიც მეანაბრეებს ბანკებში ჰქონდათ, მხოლოდ ფურცლად დარჩა.

გამქრალ თუ შეჭმულ საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებით სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა ციფრს ასახელებს, ზოგი 5 მილიარდზესაუბრობს, ზოგიც 8 მილიარდს ასახელებს. ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე, რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც იმის გათვლა მომხდარა, რა არის გასაკეთებელი.

ეს საკითხი 2003 წელს გააქტიურდა, როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოდიოდა. ეს მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა შემდეგ ეს ყველას რატომღაც მიავიწყდა. "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ეს თემა ასე აქტიურად არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ რადგანაც ქვეყანაში ცვლილებები მოხდა, ბევრი ადამიანის ინტერესის საგანს წარმოადგენს, ახალ ხელისუფლებას რა ხედვა აქვს ამ თემასთან დაკავშირებით.

"გურია ნიუსი" საბჭოთა ანაბრების თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს ესაუბრა.

ბატონო დავით, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდა საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხი. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა, რომელიც არ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, რამე შანსი თუ აქვს "საბჭოთა" მეანაბრეებად წოდებულ ადამიანებს ამ მთავრობისა და პარლამენტის პირობებში მოხდეს თემის წამოწევა?

პირდაპირ გეტყვით, პარლამენტში ეგ საკითხი ჯერჯერობით არ არის შემოსული და მაგ კუთხით ჩვენ არ ვმუშაობთ. ბუნებრივია, ამაზე უფრო აქტიურად მუშაობს მთავრობა და მსჯელობენ იმაზე, რისი საშუალებაა, რომ მოხდეს ამ ვალის გასტუმრება.
მოგეხსენებათ, მუდმივად არის იმაზე საუბარი, რომ საბჭოთა ანაბრები მთლიანად შიდა ვალში უნდა აიღოს ხელისუფლებამ და შესაბამისად, მერე გამოძებნოს საშუალება, რომ ეტაპობრივად მოხდეს მისი გასტუმრება. ასეც უნდა მოხდეს. შესაბამისად, როგორ და რანაირად განხორციელება, ეს მთავრობის საფიქრალი და გადასაწყვეტია.

რამდენად რეალურია ამ პროცესის დაწყება და როგორ ფიქრობთ, რა არის პირველ რიგში ამ მიმართულებით გასაკეთებელი?

იცით რა არის, მანდ ყველაზე რთულია იმის განმარტება და განსაზღვრება, ვისი რა იყო და რამდენი, რათა შემდგომ მოხდეს კოეფიციენტების სწორად და სამართლიანად მიყენება. მაშინდელი მანეთი დღეს რა კურსითაა დასაანგარიშებელი და როგორ უნდა მოხდეს ინდექსაცია. არ არის ეს მარტივი თემა. მარტო საპოპულისტოდ რომ ვილაპარაკოთ, დავაბრუნებთო, არ იქნება ეს კარგი საქციელი და არასდროს ვიკადრებთ მსგავს რამეს.

უცებ, ერთი მილიარდი რომ დაგვეცეს ახლა ბიუჯეტში საიდანმე და უცებ გადავწყვიტოთ, მოდით, გავცეთ ანაბრებისთვისო, მაინც ყველაფერი დასაანგარიშებელი იქნება წესის და რიგის მიხედვით. როცა ეს ყველაფერი ერთიან კომპლექსში იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება და კანონის მიღება.