ექსპერტიზა ექსპერტიზისთვის თუ ბევრი თბოსადგური ჰიდროელექტროსადგურების ნაცვლად!

ექსპერტიზა ექსპერტიზისთვის თუ ბევრი თბოსადგური ჰიდროელექტროსადგურების ნაცვლად!

30 წელზე მეტია ქართული საზოგადოება ხუდონჰესის აშენება არაშენების თაობაზე მსჯელობს. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციაც ამ საჭირბოროტო საკითხზე პასუხის გაცემის მცდელობას უფრო წააგავდა. რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დღევანდელ შემადგენლობას „სუბიექტურ-ობიექტური“ დამოკიდებულების გამო უშუალოდ ხუდონჰესის პროექტისადმი, აშკარად უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ცდილობს, რომ თავისი ნააზრევი სხვას გააჟღერებინოს - ხან ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და ხანაც საერთაშორისო ექსპერტებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის მშენებლობისადმი საზოგადოების დიდი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ექსპერტებმა ასე მცირეოდენ დროში, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში შეისწავლეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ისინი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი. შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების და მოსახლეობის წარმომადგენლებს. მიუხედავად ჰოლანდიელი ექსპერტების მონდომებისა და გარემოს დაცვის მინისტრის მტკიცების, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდათ პროექტზე, მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას აშკარად ეტყობოდა ხუდონჰესის პროექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

იყო თუ არა ექსპერტებისთვის ყველა კვლევა და ანგარიში ხელმისაწვდომი? მინისტრი ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად უზრუნველყო ექსპერტების ინფორმირება. თუმცა აქ იკვეთება ერთი ყველაზე კურიოზული მომენტი. კომპანია „ტრანსელექტრიკა“ და მისი კონტრაქტორი კომპანიები „CEEN“ და გერმანული „IRM“ ცალსახად აცხადებენ, რომ ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიში ჯერ მზად არ არის და ის 2013 წლის აპრილში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა გზშ-ს წინასწარი, ანუ პირველადი ვარიანტი ნახეს, რომელიც 2012 წლის მაისით იყო დათარიღებული და ბუნებრივია, მასში ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოხვდებოდა უამრავი კვლევა, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა და აქედან გამომდინარე, გასული წლის პირველადი დოკუმენტი ვერ იქნებოდა სრულყოფილი ინფორმაციის მატარებელი.

საკითხავია, რატომ მიაწოდა გარემოს დაცვის სამინისტრომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებს გზშ-ს პირველადი ანგარიში, როცა თითქმის ყველა დაინტერესებული მხარე ენერგეტიკის სამინისტრო, „ტრანსელექტრიკა“ და „CEEN“ აცხადებს, რომ ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვარიანტი აპრილის თვეში ექნება კომპანია „ტრანსელექტრიკას“ და შესაბამისად, ამის შემდგომ შეიძლება მოხვედრილიყო გარემოს დაცვის სამინისტროში.

CEEN-სგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გეოლოგიური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები კომპანია „ტრანსელექტრისკის“ დაკვეთით კომპანია Stucky-მ მარტის ბოლოს დაასრულა და მხოლოდ ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის ასახვა გზშ-ში.

ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანიის „ტრანსელექტრიკის“ წარმომადგენლების განცხადებით: „აშკარაა, რომ ჰოლანდიელ ექსპერტებს გზშ-ს პირველადი, ერთი წლის წინანდელი ვარიანტი მიაწოდა გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომელიც 2012 წლის მაისით არის დათარიღებული, ისიც არასრული სახით. რჩება შთაბეჭდიელბა, რომ მათ დოკუმენტის დანართების დიდი ნაწილი საერთოდ ნანახი არ ჰქონდათ. კომპანია „ტრანსელექტრიკას“ დაკვეთით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, აპრილის თვის ბოლოს იქნება მზად. სადაც ასახული იქნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული გეოლოგიური, სეისმური, გეოფიზიკური და სხვა მრავალი სახის კვლევა“.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე ირწმუნებიან, რომ მიუხედავად მათი თხოვნისა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რომ შემდგარიყო სამუშაო შეხვედრა ჰოლანდიელ ექსპერტებთან - ასეთი შეხვედრა არ შედგა. „სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა უარი განაცხადეს ჩვენს სპეციალისტებთან შეხვედრაზე. ჩვენი სურვილი იყო შევხვედროდით და განგვემარტა მათთვის, რომ გზშ-ს საბოლო ვარიანტი მზად იქნება აპრილის ბოლოს და როგორც გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, ასევე დაინტერესებული საზოგადოებისათვის, სწორედ ამ ეტაპიდან იქნებოდა სასარგებლო მათი ჩართვა ამ პროცესში“, - აცხადებენ კომპანია „ტრანსელექტრიკაში“.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიკა ვალიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობის დროსვე ვერ დამალა გაკვირვება და დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა ჰოლანდიელ ექსპერტებს ნანახი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული სამი პარალელური კვლევის შედეგები, მათ შორის: „ფრანგულ-იტალიური კომპანიებისაგან შემდგარმი კონსორციუმის BRL/ARS-ის მიერ ჩატარებული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), შვეიცარული ერთობლივი საწარმო Stucky-Colenco-ს (რომელიც მსოფლიოში აღიარებულია დიდი კაშხლების დაპროექტების საქმეში), მიერ განხოერციელებული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სერბული კომპანიის SEEC-ს წარმოდგენილი სტრატეგიული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროგრამების განვითარების შეფასებას, რომელთაგანაც უნდა გამოკვეთილიყო პრიორიტეტული ენერგეტიკული პროექტები, ასევე იცნობდნენ თუ არა „ტრანსელექტრიკას“ დაკვეთით ჩატარებული სამუშაოების შედეგებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნანახი ჰქონდათ თუ არა გეოლოგიური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევების შედეგები, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სხვა ზოგიერთი ასპექტები.

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი გაუცემელი დარჩა, თუმცა გარემოს დაცვის მინისტრი აშკარად ცდილობდა, შეკრებილი საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებს სრული ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული, თუმცა, რეალობა აშკარად განსხვავებულად ჩანდა. რატომ ვერ უზრუნველყო გარემოს დაცვის სამინისტრომ ექსპერტებისთვის ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიწოდება? რატომ ვერ დაელოდა აპრილის ბოლოს, როცა კომპანია „ტრანსელექტრიკა“ გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენდა ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სრულ და საბოლოო ვარიანტს და შესაბამისად, ჰოლანდიელი ექსპერტებიც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებდნენ? ასევე, რატომ ვერ მოხერხდა კოორდინაცია ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელსაც უდაოდ სრული ინფორმაცია გააჩნია ხუდონჰესის პროექტზე?

რადგან დაინტერესებული მხარე უშუალოდ გარემოს დაცვის სამინისტრო იყო და ასევე ჰოლანდიური კონტრაქტორი, რბილად რომ ვთქათ, რჩება შთაბეჭდილება, რომ გარემოს დაცვამ მიაწოდა ის მასალა, რაც მათთვის მისაღები დასკვნის დაწერას გაუადვილებდა ექსპერტებს... და ასეც მოხდა, რისი თქმაც ქალბატონ გარემოს დაცვის მინისტრს თვითონ მარტო გაუჭირდებოდა, ჰოლანდიელმა ექსპერტმა არნდ კორჰოუთმა შეაშველა: „საჭიროა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება“, რაც გარემოს დაცვის მინისტრმაც აიტაცა.

გარემოს დაცვის მინისტრის აზრს აშკარად არ ეთანხმება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და აცხადებს, რომ „საქართველოს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებული რესურსების ათვისების შემთხვევაში გახდეს ენერგოდამოუკიდებელი, ექსპორტიორი ქვეყანა, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა და შევინარჩუნოთ დაბალი ტარიფები. სამწუხაროა, რომ ექსპერტებს არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია ხუდონჰესთან დაკავშირებით. ჩვენი სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ექსპერტებთან და მიაწოდოს სრული ინფორმაცია უფრო კვალიფიციური დასკვნის გასაკეთებლად“, - განაცხადა მინისტრმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილმა ამ პრეზენტაციამ 2002 წლის „ბაქო თბილისი ჯეიჰანი“-სა და შაჰდენიზის მაგისტრალური გაზსადენის პროექტების განხილვა გამახსენა, მაშინაც ჰოლანდიელი ექსპერტების ეს ჯგუფი და მათი უარყოფითი დამოკიდებულება და დასკვნა საქართველოსთვის ამ სტარატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, განსაკუთრებით შაჰდენიზის მაგისტრალის მშენებლობაზე. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ჩვენმა მეგობარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტის გაგრძელებას და მთავრობას ეყო უნარი, რომ მწვანე შუქი აენთო ქვეყნის განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტებისთვის.

ასევე მეტად საგულისხმო და ჩასაფიქრებელი იყო ამ თავყრილობაზე ერთი განცხადება, რომელიც გაჟღერდა, რადგან საქართველო აზერბაიჯანიდან, კერძოდ, შაჰდენიზიდან იღებს ბუნებრივ აირს, ხუდონჰესის მშენებლობა აღარ ყოფილა საჭირო და საერთოდ, - ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება. ანუ, რა გამოდის, რომ თბოსადგურები ავაშენოთ და ესე იგი ჩვენი საკუთარი უმთავრესი ენერგეტიკული რესურსის, ჰიდროენერგეტიკის ათვისებაზე უარი სამუდამოდ უნდა ვთქვათ?!