"ამერიკის ხმის" ვებგვერდი აქვეყნებს ჯეიმს ბრუკის სტატიას სათაურით "რუსეთის მიერ დაცული აფხაზეთი ფრთხილად მიიწევს საქართველოსკენ".
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვმა ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო რუსეთის საჰაერო, საზღვაო და სასაზღვრო დაცვის ბაზების ასაშენებლად აფხაზეთში, რომელიც თითქმის კოსოვოს ზომისაა.
რუსეთის მიერ დამყარებული მშვიდობიდან ხუთი წლის შემდეგ, - წერს ჯეიმს ბრუკი, - შავი ზღვის სუბტროპიკულ სანაპიროზე თვითრწმენა დამყარდა. ხალხი რუსულად ლაპარაკობს, რუსული რუბლით ვაჭრობს, რუსული პასპორტით სარგებლობს და რუსეთის მოქლაქის პენსიას ღებულობს. ერთადერთი მატარებელი მხოლოდ ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს და სოხუმი-სოჭი-მოსკოვი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი სტაბილურობა ტურისტებზეც აისახა – წლეულს, სავარაუდოდ, აფხაზეთის საზღვაო კურორტებს ორი მილიონი რუსი ტურისტი ეწვევა.
"ზაფხულში მართლაც რთულია სასტუმროში თავისუფალი ადგილის პოვნა. კურორტებსა და სასტუმროებში არ არის საკმარისი ადგილი აფხაზეთში შემოსული ტურისტების დასაბინავებლად", – ციტირებს სტატიის ავტორი სოხუმის ყოველკვირეული Nujnaya Gazeta-ს რედაქტორის, იზიდა ჭანიას კომენტარს. თუმცა, - წერს ჯეიმს ბრუკი, - ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსეთის რივეირაზე კი არა, დამოუკიდებელ აფხაზეთში ცხოვრობენ.
"ისინი, ვინც ომს და ბლოკადას გადაურჩა, აქ მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებებისთვის არ ცხოვრობს. აქ ხალხი არ ლაპარაკობს, რომ შემოსავალი რუსეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში იმაზე მაღალია, ვიდრე - აფხაზეთში. აქ მთავარი ის არის, რომ მათთვის, ვინც ომს გადაურჩა და აფხაზეთის დამოუკიდებლობამდე აქ დარჩა, თავიანთ სამშობლოში ცხოვრებაა ღირებული", - ციტირებს სტატიის ავტორი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ბესლან ბარათელიას სიტყვებს.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სოხუმში ყველგან შეხვდებით 1992-1993 წლებში საქართველოსთან ომში გამარჯვების ნიშნებს – ბილბორდებს, რომლებზეც გმირების სახელები წერია, დამბობილ სახლებს, რომლებიც ერთ დროს იმ 200 ათას ეთნიკურად ქართველს ეკუთვნოდა, ვინც აფხაზეთი იძულებით დატოვა.
20 წლის შემდეგ ცვლილებებია საქართველოშიც, - წერს ჯეიმს ბრუკი, - საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მეპტრონე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.
ივანიშვილს სურს საქართველო-აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაც. სეპარატისტული რესპუბლიკისთვის ერთგვარი სიგნალია ქართველი ლიდერის მიერ სამხედრო აღლუმის გაუქმება და რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელი გადარქმევა, რომელსაც შერიგების სამინისტრო უწოდა, - წერს სტატიის ავტორი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ზოგიერთი ქართველი ვარაუდობს, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რუსეთს ნაკლებად ენდომება აფხაზეთი, სოჭის სამხრეთ მეზობელი.
"საქართველოში დაწყებულ ახალ ერას თანდათანობით ვეჩვევით. საბედნიეროდ, შეგვიძლია ამ პროცესს დაცული ტერიტორიიდან ვადევნოთ თვალი. საბედნიეროდ, ეს აღარ არის ჩველი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იმიტომ, რომ ეს უცხო ქვეყანაა", - ციტირებს სტატიის ავტორი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებს.
თუმცა, როგორც ჯეიმს ბრუკი წერს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი გეგმავს საზღვრის სხვა მონაკვეთების რიცხვის გაზრდას. წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი დღეს არსებულიდან ერთიდან ხუთამდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა თქმით, - წერს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი, - თუ ოლიმპიური თამაშების შემდეგ რუსეთი აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას შეამცირებს, აფხაზეთს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის მეტი სტიმული მიეცემა.
"ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქართველოდან წამოსულ ნებისმიერ პოზიტიურ სიგნალს. რა თქმა უნდა, აფხაზეთი მიესალმება ყველანაირ სამშვიდობო ნაბიჯს. ჩვენ არ გვინდა საქართველოს მუდმივი მტრები ვიყოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვებს.
"რუსული სამხედრო ბაზების დახმარებით, საქართველოს შემოჭრის საფრთხე გაუქმებულია, აფხაზებითი კი, როგორც ჩანს, დიდი ხნის მეტოქესთან ურთიერთობის თანდათან ნორმალიზებას ცდილობენ", - აღნიშნავს ჯეიმს ბრუკი.