"ნაციონალური მოძრაობა", რომ იტყვიან, ტყავიდან ძვრება იმისათვის, რომ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიყვანოს (სწორედ რომ მიიყვანოს, რადგანაც ნებაყოფლობით წამსვლელთა რაოდენობა, როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, კატასტროფულად მცირეა). ტელესივრცე და სოციალური ქსელები გადავსებულია "ნაციონალთა" ვიდეოკლიპებით, რომლითაც ხალხს აქციაზე ეპატიჟებიან. ეწყობა ფლეშ-მობის აქციები, დღის სინათლეზე გამოდიან აქამდე უცნობი არასამთავრობოები და საინიციატივო ჯგუფები, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ლამის მკერდში მჯიღის ცემით იქადნებიან, რომ აუცილებლად მივლენ აქციაზე, რეგიონებში კი 19 აპრილს ხალხის მობილიზებისათვის ნამდვილი აღებმიცემობის კამპანიაა გაჩაღებული. ინფორმირებული წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ "ნაცმოძრაობას" 19 აპრილის აქციის გასაშუქებლად უცხოელ ჟურნალისტთა უზარმაზარი ჯგუფი ჩამოჰყავს. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ არის ეს იმითაც გამოწვეული, რომ 19 აპრილის აქციის ორგანიზატორებს პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი და სურთ ეს ყოველივე ფართოდ გაშუქდეს საერთაშორისო მედიასაშუალებებით, ისე, როგორც ეს მოხდა 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ?! რასაკვირველია, ამგვარი მასშტაბური სამზადისი, თუნდაც მხოლოდ ტელერეკლამა, დიდ ფინანსებს მოითხოვს და ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიდან აქვთ "ნაციონალებს" საამისო ფული?! წესით, ამით აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მონიტორინგის სამსახური უნდა დაინტერესდეს, რომელსაც კვლავაც ბევრისთვის ავადმოსაგონარი ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, ხელისუფლებაში "ნაციონალების" დარჩენის შემთხვევაში ოპოზიციას რომ ამგვარი მასშტაბური აქცია დაეგეგმა, მის ლიდერებს და რიგით წევრებს არაერთგზის მოუწევდათ მოგელაძის კაბინეტში დაკითხვაზე მისვლა და გაშიშვლება, როგორც ეს 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე ხდებოდა.
როდესაც კითხულობენ, თუ რა შეიცვალა ქვეყანაში 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი პასუხი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში რეალურად დამყარდა დემოკრატიული პლურალიზმი და განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკურ ძალებს თავისუფლად შეუძლიათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, არც "ნაციონალებს" აქვთ იმის შიში, რომ მათ აქტივისტებს დღისით თუ ღამით ნიღბიანი თუ უნიღბო "ზონდერები" სცემენ, ხოლო სოფელ-სოფელ მავალ მათ ემისრებს ქვებს დაუშენენ გამგეობის თანამშრომლები. სწორედ ეს არ აძლევთ ხელს "ნაციონალებს", რადგანაც ამ შემთხვევაში ბათილდება მათი მთავარი პოლიტიკური და პროპაგანდისტული კოზირი - დევნილ "პროდასავლურ" ძალად წარმოჩენა. ამიტომაც ჩნდება საზოგადოებაში და ექსპერტთა ნაწილში არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ 19 აპრილს "ნაციონალები" აუცილებლად ეცდებიან დაპირისპირების პროვოცირებას, თუკი ამისათვის ხელსაყრელ კონიუნქტურას იგრძნობენ. რა შეიძლება იყოს ეს? უპირველეს ყოვლისა, "ნაციონალთა" მმართველობის დროს უსამართლოდ დაპატიმრებული, დაჩაგრული და გაწამებული ხალხი. მათი რაოდენობა ძალიან დიდია. ამას მოწმობს თუნდაც პროკურატურაში შესული 19.000 საჩივარი. შესაძლოა, ხალხის ნაწილმა სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურების გამო უკმაყოფილება სწორედ 19 აპრილს აქციის მონაწილეთა მიმართ გამოხატოს და ამის რეალური საშიშროება არსებობს, რადგანაც მიტინგზე მისვლას ვერავინ ვერავის აუკრძალავს. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" მიერ "ევროპული და დასავლური არჩევანის" მხარდამჭერი აქციის გამართვა რუსთაველზე, სადაც მათ 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევები მოაწყვეს, მკრეხელობის მწვერვალი იქნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აქციის "წამყვანი", სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი იქნება. ისე, გამომძიებლები ამბობენ ხოლმე, რომ დამნაშავეები ხშირად ბრუნდებიან დანაშაულის ადგილზე.
ამ ყოველივეს ფონზე, ცოტა არ იყოს, გაუგებარია რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია, რომლებიც აპირებენ შეუერთდნენ 19 აპრილს პოლიტიკური პარტიის აქციას და ამასთანავე აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ მხარს და მხოლოდ "პროდასავლური" კურსის მხარდასაჭერად მიდიან. ხოლო თუკი მათთვის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს პროდასავლურ ძალას, მაშინ პასუხი უნდა გასცენ კითხვას: რატომ ვერ მოახერხა ამ "პროდასავლურმა" ძალამ 9 წლის მანძილზე ევროსტრუქტურებთან რეალურად დაახლოება?!
ისე, პოლიტიკა რომ დროებით გვერდზე გადავდოთ, 19 აპრილის აქცია იმითაც არის საინტერესო, რომ ის, შესაძლოა, დიდი ლუსტრაციისა და, ამავე დროს, დიდი წყალგამყოფის დღედ იქცეს, რადგანაც აქციაზე მისული საზოგადოება, რომელსაც "პროდასავლური ორიენტაცია" ისევე ესმის, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ბუნებრივად გაემიჯნება საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, რომლისთვისაც "პროდასავლური ორიენტაცია" და "ევროპული არჩევანი" ფასეულობათა სისტემაზე გადის და არა მჭახე ფრაზებზე.