ძეგლების და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო ცენტრის (ICOMOS) საქართველოს წარმომადგენლობაში მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საშიშროებაზე საუბრობენ.
მშენებარე მცხეთის იუსტიციის სახლი, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ცენტრი და კიდევ არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ნაგებობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები შესაძლოა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან გაქრეს. მერაბ ბოჭოიძე, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები - სვეტიცხოვლის კათედრალი, სამთავროსა და ჯვრის მონასტრები -იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-სესიის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ 2009 წელს გადაიტანეს ძირითადი ნუსხიდან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეშო მყოფ ძეგლთა ნუსხაში. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფოს პრობლემისათვის მიეხედა, თუმცა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, აცხადებს მერაბ ბოჭოიძე და ამის მიზეზად მას 2012 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული განკარგულება მოჰყავს, რომლის საფუძველზეც დადგინდა მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი ზონები, რამაც მცხეთის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა:
”ამ განკარგულებით, დაცვითი ზონის შემცირების ბრძანებულებამ ხელ-ფეხი გაუხსნა მშენებლობებისათვის როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს”.
საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წელს გამოცემულ განკარგულებას, რომლითაც მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალი ზონები დადგინდა და რომლის საფუძველზეც ლანდშაფტის დაცვის ზონა რეგულირების ზონად გადაკეთდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაკა შავიშვილი, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ფაქტობრივი მდგომარეობით ხსნის. ანუ, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, მთავრობამ ლანდშაფტურ ზონაში დაწყებულ რამდენიმე უკანონო მშენებლობას მოარგო განკარგულება, რითაც დააკანონა მცხეთაში დაწყებული უკანონო მშენებლობები. კითხვაზე, რატომ შეუწყო ამ ნაბიჯს კულტურის სამინისტრომ ხელი, მაკა შავიშვილს პასუხი არა აქვს, თუმცა ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს ზონების კორექტირებას.
”კანონის მიხედვით, ლანდშაფტის ზონაში არ შეიძლება არავითარი მშენებლობის წარმოება. მცხეთაში, ამ ზონაში, უკვე იყო რაღაც ნაგებობები და სწორედ ამის გამო მოხდა ზონის კორექცია და გადაკეთდა რეგულირების ზონად. რა გითხრათ, გარკვეულ ნაგებობებზე არ ვიცი როგორ იყო ნებართვა გაცემული, მაგრამ სამინისტროსთან შეთანხმება არ ყოფილა”, - ამბობს მაკა შავიშვილი.
მცხეთის ლანდშაფტის ზონაში იყო მოქცეული სამთავროს ველის, ასევე არაგვისა და მტკვრის შესართავთან არსებული ჭალების ტერიტორია. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, სამთავროს ველის ტერიტორიაზე კერძო ნაგებობები აშენდა, ჭალების ტერიტორია კი მცხეთის იუსტიციის სახლმა და საქპატენტის შენობებმა გაიყვეს. ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია ქალაქში არსებული მტკიცედ დადგენილი ზონების დაცვა, რომლებიც ქაოტურ მშენებლობებს გამორიცხავს. სწორედ ამიტომ მას მიაჩნია, რომ მცხეთაში ლანდშაფტის ზონის რეგულირების ზონად გარდაქმნა და ამ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყება გაუმართლებელი ნაბიჯი იყო:
”ისიც არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ, რომ ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი და ქალაქმა რაღაც განვითარება უნდა ნახოს. ქალაქი მუზეუმი ხომ არ არის, რომ ხელი არ ვახლოთ. სწორედ ამისათვის არის შექმნილი ზონები. მცხეთის განვითარებისათვის საჭირო იყო რეგულირების ზონების მიცემა, მაგრამ ლანდაფტის ზონების რეგულირების ზონად გადაკეთება მართებულად არ მიმაჩნია”.
როგორც “Icomos საქართველოს” წარმომადგენლობაში განმარტავენ, იუნესკო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო არაგვის სანაპიროზე, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის, და მოუწოდებს საქართველოს სამუშაოები შეწყვიტოს. ხათუნა ოჩიაური, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის ტერიტორია, რომელზეც მშენებლობები მიმდინარეობს, არ უშლის ხელს მცხეთაში არსებული კულტურული ძეგლების აღქმას:
”მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას წარვუდგენთ იუნესკოს. თუკი საჩივრებს დავწერთ და ავტეხთ ამბავს, რომ აი, დაინგრა, გაფუჭდა, ანუ რა განცხადებებიც დღეს გვესმის, რატომაც არა, ისინი ამ პათოსს გაიზიარებენ”, - ამბობს ხათუნა ოჩიაური.
მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შეფასებას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიმდინარე წლის 16-27 ივნისს გეგმავს. ”იკომოს საქართველოს” წარმომადგენლობაში არ გამორიცხავენ, რომ თუკი მოკლე ვადაში არ მოიძებნა გამოსავალი, სავარაუდოდ, მცხეთის მსოფლიოს მემკვიდრეობის შესახებ გადაწყვეტილებაში გაჩნდება ჩანაწერი ძეგლის შესაძლო ამორიცხვის თაობაზე. როგორც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, უახლოეს მომავალში სახელმწიფო დონეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება არაგვისა და მტკვრის შესართავთან არსებული ჭალების ტერიტორიისთვის ზონის კორექტირების თაობაზე, თუმცა ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, რა ბედი ელის სამთავროს ველს, სადაც უკანასკნელ წლებში არაერთი კერძო ნაგებობა აშენდა.