როგორც იქნა საგარეო ვალების შემცირება დაიწყო. წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის საგარეო ვალდებულებები გაათმაგდა, ახალ მთავრობას კი სულ სხვაგვარი გეზი აქვს აღებული. რამდენიმე დღის წინათ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ წლეულს საქართველოს საგარეო ვალი 200 მლნ დოლარით შემცირდება.
„მაისში დავიწყებთ ვალების გადახდას. დაახლოებით, 200 მლნ დოლარს გადავიხდით. ამის რესურსი დღეს ბიუჯეტში არის. ორ ვალს გავისტურებთ: ერთი, ეს არის ევროობლიგაციების 40 მლნ დოლარიანი ვალი, რომელიც დარჩენილია 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებიდან და მეორე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი. ასე რომ, წელს საგარეო ვალი როგორც ნომინალში, ისე პროცენტულად შემცირდება“, - აღნიშნა ხადურმა.
სამომავლოდ კი ხელისუფლება ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალმა მთავრობამ უკვე დაიწყო პირობის შესრულება, რადგან პირველი კვარტალის განმავლობაში სახელმწიფო ვალი 102.594 მლნ დოლარით არის შემცირებული. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 31 მარტისთვის $4.255 მლრდ შეადგინა, ხოლო ლარებში ვალი 7.053 მლრდ-ით განისაზღვრა.
საერთოდ კი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლისთვის საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13,4 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული საგარეო ვალიდან 4,2 მილიარდი სამთავრობო სექტორის, 582,3 მილიონი - თავად ეროვნული ბანკის, ხოლო 2,5 მილიარდკი საბანკო სექტორის ვალს წარმოადგენს. ქვეყნის საგარეო ვალის 94,3% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.
სამთავრობო სექტორის ვალი მთლიანი საგარეო ვალის თითქმის 32 პროცენტია. ვალი ბოლოს მთლიანობაში, 2012 წლის მეოთხე კვარტალში გაიზარსა, როცა საგარეო ვალდებულებებს დამატებით კიდევ 58,1 მლნ დოლარი დაემატა. საერთო ჯამში კი, მარტო შარშან ვალი დაახლოებით 1 მილიარდით გაიზარდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო სააგენტოების Fitch-ისა და Stndard & Poor-ის მიერ BB+ გვაქვს მონიჭებული, ჩვენ საბედნიეროდ, ინტენსიურად მაინც არ გვაძლევენ ვალებს. ჩვენ ნაკლებად გვაქვს საშუალება ჩვენი ბონდების ემისია მოვახდინოთ. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია, შარშან გავაკეთეთ. ეს იყო და ეს.
საგარეო ვალის მოცულობა ამ ეტაპზე, საშიში ნამდვილად არ არის, თუმცა ვალს სჭირდება ყურადღება და მომსახურება. ერთი მხრივ, ობლიგაციების ბაზარზე ჩვენ აქტიურად არ გვიშვებენ, მეორეს მხრივ, ამან გადაგვარჩინა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და კვიპროსის მდგომარეობაში“, - ამბობს ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
უკვე მეექვსე თვეა ფინანსთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობებსა და ვალის მართვას, მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა კურირებს. მისი თქმით, შედარებით მძიმე პერიოდი საქართველოს 2017 წელს ექნება.
„2013 წელს შედარებით ნაკლები ვალი გვაქვს გადასახდელი. ეს უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თუ წლეულს, საბიუჯეტო სახსრები არ გვეყოფა, შეიძლება ვისარგებლოთ სავალუტო ფონდის დაფინანსებით და დავფაროთ ეს ვალდებულება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ გახდება საჭირო.
გაცილებით მძიმე იქნება 2017 წელი, როცა 500 მლნ დოლარის დაფარვა გვიწევს. ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ იმედი მაქვს, იმ დროისთვის, საქართველოს ბიუჯეტს ექნება ამ მოცულობის ვალის დაფარვის შესაძლებლობა“, - ამბობს დავით ლეჟავა.