პრემიერ-მინისტრი: ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული

პრემიერ-მინისტრი: ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული

„აგვისტოს ომის თემა დღემდე ბურუსითაა მოცული”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 10 აპრილს, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. მისივე სიტყვებით, თუ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება ჩატარდება და პრეზიდენტს სასამართლოზე დაკითხავენ, ეს ნორმალური და კულტურული მოვლენა იქნება. აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა გამოძიების შესაძლო დაწყების შესახებ პირველად საქართველოს იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა 8 აპრილს. დადგება თუ არა დღის წესრიგში აგვისტოს ომის მიზეზთა და სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების საკითხი და როგორ აფასებენ ხელისუფლების ამ მოსალოდნელ ინიციატივას ოპონენტები?

სასამართლოს წესით პრეზიდენტის გასამართლება უკულტურობა არ არის და თუ ამის აუცილებლობა შეიქნა და აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობა გაჩნდა, ამას პრეზიდენტიც გაგებით უნდა მოეკიდოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებების ხელძღვანელებთან შეხვედრისას, როდესაც მას აგვისტოს ომის დაწყებისა და სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების შესაძლო განახლების შესახებ ჰკითხეს:

”მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მოქმედებაში მოვიდა და დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, ჭორების დონეზე რაც მუსირებს საზოგადოებაში”.

ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის მოვლენების ხელახალი გამოძიება საქართველოს იმიჯს აზარალებს ან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესს შეუშლის ხელს.

აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების დაწყების შესახებ პირველად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 8 აპრილს. მან თქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო კოლეგიის პროკურორები საქმის გამოძიებას მოითხოვენ და მას, როგორც იუსტიციის მინისტრს, ურჩევნია საქმე ქართველმა პროკურორებმა გამოიძიონ, ვიდრე ის ჰააგაში გაიგზავნოს გამოსაძიებლად:

”ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. ამას გვავალდებულებს რომის სტატუტი, მაგრამ თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალები ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო რეჟიმში განხილვის დონეზე. ეს არ არის ჩემი მიზანი და მე არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს”.

ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სხვადასხვა საგამოძიებო საკითხი მართლაც არსებობდა, ადასტურებს ომის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი პაატა დავითაია. მისი სიტყვებით, კომისიის მოვალეობაში დანაშაულთა გამოძიება არ შედიოდა, მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები დაიდო. სხვა დანარჩენი საგამოძიებო საკითხები, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მოქმედებები და ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას გადაეგზავნა, მაგრამ რა განვითარება მოჰყვა მას, პაატა დავითაიასთვის ცნობილი არ არის. ამასთან, პაატა დავითაიას სიტყვებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა კომისიამ, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, ვერ დაადგინა გენოციდის ფაქტები და ვერც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშული და, შესაბამისად, საქმე ჰააგაში არ გაგზავნილა. ამდენად, ჰააგა საქმის გამოძიებას ვერ მოთხოვდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ჰააგაში შესული რამდენიმე ათასი სარჩელის გამო ჰააგის პროკურორები დროდადრო ინტერესდებიან, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში. სამხედრო დანაშაულებათა გამოძიების დაწყებას პაატა დავითაია მხარს უჭერს იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო მასალა მართლაც ბევრია, თუმცა, მისივე სიტყვებით, ამას მოჰყვება საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენება და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესსაც პრობლემები შეექმნება:

”აღიარებითი პროცესები დაიწყება აფხაზეთის და ცხინვალის. ამას მოჰყვება ის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ იქნება. რეალურად, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ჰააგას და ეს არის ქვემდებარე პუნქტი - დანაშაული აგრესიის წინააღმდეგ და აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა და თუ პროკურატურა ამას გამოიძიებს და მიმართავს ჰააგის პროკურატურას იმიტომ, რომ ვერ აკონტროლებს აფხაზეთს და ცხინვალს, ქვემდებარეობა მაშინ არის ჰააგის და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და მაშინ კარგია, მაგრამ იმ პოლიტიკურ ფონზე, როცა მიდის ლაპარაკი, ეს გამოიწვევს ქვეყნისთვის კატასტროფას. რეალურად პროკურატურამ უნდა გაიაროს ძალიან საფრთხილო ზოლზე, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევა და ამას არავინ არ აპატიებს”.

ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოიძიონ აგვისტოს ომის მოვლენები, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საპარლამენტო უმცრესობის წევრი გიორგი კანდელაკი. მისი სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამით საკუთარი პოზიციების რუსეთის ხელისუფლების პოზიციებთან დაახლოებას ცდილობს. გიორგი კანდელაკის თქმით, ის, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც სამშვიდობო ძალებში არ შედიოდნენ, 7 აგვისტომდე გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, ყველამ კარგად იცის:

”რუსები იტყვიან, რომ აი, ბატონო, ქართველები თვითონ ამბობენ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები და ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს აღიარებების ახალი ტალღა და საქართველოს პოზიციების ძალიან მნიშვნელოვანი შესუსტება, ისევე როგორც, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შემოთავაზებულმა ცვლილებებმა. მე, უბრალოდ, ვარ გაოგნებული და, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის ყოველი პატრიოტი მოქალაქე, ვისაც არ უნდა უჭერდეს იგი მხარს და რა პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, ვისაც გული შესტკივა საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე, დღეს არის აღშფოთებული”.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებით კი, ომის დანაშაულებათა გამოძიება ჰააგის პროკურორების მოთხოვნაა და რომის წესდება საქართველოს ამ საკითხების გამოძიებას ავალდებულებს:

”თეა წულუკიანი სწორედ ამას გამოეხმაურა, როცა თქვა, რომ, ეროვნული სუვერენიტეტიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გამოვიძიოთ, თუკი თქვენი მოთხოვნაა, იმიტომ რომ რომის წესდება გვაძლევს საშუალებას თვითონ გამოვიძიოთ ან მივცეთ ჩვენი ტერიტორია საგამოძიებოდ ჰააგის პროკურორებს. და ამაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ბატონმა ბიძინამაც, რომ კითხვის ნიშნებია, მათ შორის, ომის დაწყებაზეც, იმიტომ რომ შეიძლებოდა ამ პროვოკაციის თავიდან აცილება”.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის სატელევიზიო კომენტარის მიხედვით, შესაძლოა ომის საკითხების გამოძიების კომისია პარლამენტშიც შეიქმნას, თუმცა ამ ინფორმაციას ზაქარია ქუცნაშვილი არ ადასტურებს.