ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს

ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს

ევროპული გამოცემა Euobserver აქვეყნებს ჟანა კობზოვას სტატიას საქართველოზე, სათაურით - "ევროკავშირის ავტოპილოტს საქართველოში ბოლო უნდა მოეღოს". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად საქართველო პოლიტიკური ტრანსფორმაციის არასწორ გზას დაადგა. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმაზე პოლარიზებულია, ვიდრე არჩევნებამდე იყო, ხოლო ეკონომიკური სირთულეები და საზოგადოებრივი მოლოდინი ცხოვრების პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისა, ახალი მთავრობისთვის დამატებით ზეწოლას ქმნის.

ათი წლის წინ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაწყებული დემოკრატიული პროცესის წარმატებით დასრულებისა და რთულ რეგიონში ევროკავშირის პარტნიორ ქვეყანად თავის დამკვიდრებისთვის, საქართველოს ევროკავშირის დახმარების ხელი იმაზე მეტად დასჭირდება, ვიდრე ოდესმე, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა.
საქართველოს ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შედეგად ჩამოყალიბდა, - წერს სტატიის ავტორი, - პოლიტიკური ტრანსფორმაციის სირთულეებს კი ის იწვევს, რომ ახლა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულებს გამარჯვებულებთან თანამშრომლობა უწევთ: სააკაშვილი ქვეყნის სათავეში რჩება ოქტომბრამდე.

მთავრობას რამდენიმე საკითხის მისაღებად პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია სავსეა დაძაბულობით, ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და აგრესიული რიტორიკით. საოცარია, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა სიტყვა "კოაბიტაციას" უფრო ნეგატიური გაგებით იყენებს, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ახალი მთავრობისგან ბევრ ქართველს დიდი მოლოდინები აქვს: ქვეყნის ეკონიმიკის აღდგენა, სამუშაო ადგილების გაზრდა, სოციალური სერვისების გაუმჯობესება და სასამართლო სისტემისა და პოლიციის ბოროტოდ გამოყენების აღკვეთა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.
თუმცა, აქამდე ხელისუფლებას არა აქვს ცხადი გეგმა, როგორ უნდა შეასრულოს ყოველივე ზემოთქმული.
მთავრობის საფეხურებზე ასვლის სწავლას ყოველთვის დრო სჭირდება, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კოალიცია არ იყო მართვისთვის მზად (რამდენიმე მწირი ინიციატივა არ ითვლება), - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირმა, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებასთან ერთად, საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში საკუთარი გამოცდილებაც უნდა გაუზიაროს.
მთავრობამ ასევე უამრავი გამოძიება წამოიწყო "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, - აღნიშნავს ჟანა კობზოვა, - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დააკავეს, არსებობს ეჭვები, რომ ამით პოლიტიკური ქულებს იწერენ. ახალი მთავრობის მაღალჩინოსნები წინა მთავრობას "კრიმინალში" ადანაშაულებენ.

რეგიონის რამდენიმე გამგებელი გადადგა და როგორც თვითონ ამბობენ, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" აქტივისტთა ზეწოლის გამო მიიღეს.
მიუხედავად სამთვიანი პოლიტიკური კინკლაობისა, - წერს სტატიის ავტორი, - საქართველოს პარლამენტმა ერთობლივად მიიღო კანონი კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილება შეეზღუდა და მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ დანიშნავს, პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ არსებობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის საკითხი ორ პოლიტიკურ ძალას შორის კვლავ განხეთქილების ვაშლია. მიუხედავად დაპირისპირებისა, ამ დრომდე ახალი მთავრობა ეკონომიკური რეფორმებისა და პროევროპული საგარეო პოლიტიკის საკითხებში მეტწილად იმ კურსის გამტარებელია, რომელსაც წინა მთავრობა ატარებდა, - ნათქვამია Euobserver-ის სტატიაშია.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ გახდა კავკასიური უკრაინა, რამაც ევროკავშირი უნდა დაამშვიდოს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ხისტი პოლიტიკისა.

აქამდე, - წერს ჟანა კობზოვა, - საქართველოს ევროპულ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა რთულად გასარჩევი იყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტიის მხარდაჭერისგან.
ევროკავშირის პოლიტიკა ავტოპილოტზე მუშაობდა: ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, ის მიმართული იყო საკუთარ კანონთა კრებულთან მიახლოებისკენ და არ აქცევდა ყურადღებას, როგორ აისახებოდა ეს საქართველოს ეკონომიკაზე, - ნათქვამია სტატიაში. ეს უნდა შეიცვალოს, - წერს ჟანა კობზოვა, - ევროკავშირმა თავისი როლი უნდა გააქტიუროს და ქვეყანაში უფრო მეტად მიუკერძოებელი საყრდენი მოიპოვოს. ნაცვლად პოლიტიკური პერსონებისა და ფრაქციების მხარდაჭერისა, ევროკავშირმა ახალი მთავრობის მასთან მაქსიმალურად მიახლოების სურვილი უნდა გაითვალისწინოს და გამოიყენოს ეს სურვილი თბილისში ნდობის შესაქმნელად. ევროპა ასევე არ უნდა მოერიდოს მთავრობის კრიტიკას, თუ ამის საფუძველი ექნება, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - ყოფილ მაღალჩინოსნებზე გამოძიების დაწყება და სასამართლოში აღძრული სხვა საქმეები საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების განხილვისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. თუმცა, - წერს ჟანა კობზოვა, - ევროკავშირმა ქართულ საზოგადოებაზე საკუთარი გავლენა უნდა გაზარდოს, რადგან ქართველთა უმრავლესობა ევროკავშირში ინტერგაციის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ სჯერათ, რომ კავშირი მათი ყოველდღიური ცხოვრების რეალობიდან შორსაა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პოლიტიკური ძალა არჩევანის წინაშეა: ან ისწავლიან თანაარსებობას და დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, ან გააგრძელოს პოლიტიკისკენ სვლა კომპრომისების გარეშე.

პირველი მათგანი საქართველოს უფრო დაუახლოვებს ევროკავშირს, უკანასკნელი კი სარისკო იქნება არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მისი დასავლელი მოკავშირეებისთვისაც. საქართველოში უფრო მეტი ჩართულობის გაღრმავებით, ევროკავშირი ამ არჩევანის გაკეთების გაადვილებაში დაეხმარება ქვეყანას, - ნათქვამია სტატიაში.