მურა სიდამპლემ გეზი იცვალა

მურა სიდამპლემ გეზი იცვალა

დაავადებული ბოსტნეულის ქვეყანაში შემოტანის მიმართულება შეიცვალა. სარფის საბაჟოს მკაცრად გაკონტროლების შემდეგ, ამჯერად უვარგისი კარტოფილი სომხეთიდან შემოდიოდა. 

ნინოწმინდის საბაჟოზე დაავადებული სათესლე კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაავადებული კარტოფილი, რომელიც საერთო ჯამში 39 ტონას შეადგენდა, საქართველოში სომხეთიდან გადმოჰქონდათ.

„ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს, ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის - მურა სიდამპლის არსებობაზე აიღეს. საკარანტინო ობიექტის იდენტიფიცირებისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიმუშში მურა სიდამპლის არსებობა დადასტურდა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.  საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას დაექვემდებარა.

მოკლე პერიოდში ეს დაავადებული ბოსტნეულის შემოტანის მეოთხე მცდელობაა. ოღონდ აქამდე თურქეთის მიმართულება აქტიურობდა და მურა სიდამპლის საფრთხეც ამ ქვეყნიდან მოდიოდა. სულ ბოლოს სარფის საბაჟოზე დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი დააკავეს, რომელსაც საქართველოში 50 ტონა დასნებოვნებული პროდუქტი შემოჰქონდა.

დაავადებული კარტოფილი იწვევს სოკოვან დაავადებას.  ვიზუალურად დაავადების გარჩევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები ამას ადასტურებს. გარეგნული თვისებებით, ასეთ კარტოფილს აქვს წანაზარდები, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, თუმცა ხშირად ეს არ ჩანს.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აცხადებს, რომ ანალოგიური ფაქტები ადრეც იყო, მაგრამ ბიზნესის ლობირების გამო, ეს ინფორმაცია იმალებოდა და მომხმარებლისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.

„ახლა ჩვენ გავხდით იმ ფაქტის მოწმე, როდესაც სურსათის უვნებლობის სააგენტომ გაახმაურა მოვლენა, როდესაც საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა კიბოთი დაავადებული კარტოფილი. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ისევ გამეორდა, ფაქტიდან რამდენიმე დღეში ისევ შემოვიდა რამდენიმე ტონა დაბინძურებული პროდუქტი და ისიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.

სამომავლოდაც თუკი იქნება ნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მხრიდან, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხზე, ამით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომხმარებელი მოიგებს“, - აცხადებს მადონა კოიძე.

მწვანეთა მოძრაობის ლიდერი გია გაჩეჩილაძის ინფომარციით, სასურსათო პროდუქციის იმპორტი, რომელიც 2003 წელს შეადგენდა 170 მილიონ დოლარს, 2012 წლის მონაცემებით 1.1 მილიარდია, ეს კი საქართველოში მოხმარებული სურსათის 80 პროცენტია.

„ესაა იაფფასიანი პროდუქცია, რადგან ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. ეს კარტოფილი არის სადღაც გადაყრილი და ჩვენი ე.წ. ბიზნესმენები ამ გადაყრილ კარტოფილს კაპიკებად ყიდულობენ, შემოაქვთ საქართველოში და ჩვენ მოსახლეობაზე ყიდიან. ეს კარტოფილი მაგათ ოჯახებს უნდა აჭამო 24 სააათი“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.