რატომ არ ესროლეს ტრაილერს?

რატომ არ ესროლეს ტრაილერს?

მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდნენ როგორც პრეზიდენტის დაცვა, ისე თურქული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებული არიან, მაღალი დონის სტუმრის უსაფრთხოება უზრუნველყონ

ეს ვერსია უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომ ტრაილერი შევარდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს პირველი პირი მოძრაობდა. ასეთ შემთხვევაში, მანქანას ცეცხლს გაუხსნიდნენ და შემთხვევა
კლასიფიცირდებოდა, როგორც თავდასხმა პრეზიდენტზე

რთი შეხედვით, ეს ამბავი იქნებ კიდეც ჰგავდეს ცნობილი რუსული კომედიის "ბრილიანტის ხელის" მთავარი გმირის ფათერაკებით აღსავსე თავგადასავალს. "Ехал, упал, очнулся – гипс" - ნიკულინის გმირივით ასე მარტივადაც შეიძლება აღწეროს თავსგადახდენილი მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ის არც რიგითი საბჭოთა ტურისტი ყოფილა, არც მტრულ სახელმწიფოში იმყოფებოდა და არც უბრალოდ წაქცეულა.

ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი სხვა ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, ველოსიპედით სეირნობისას სატვირთო ავტომობილს, ტრაილერს შეეჯახა და დაშავდა, თან საკმაოდ სერიოზულად. საბოლოო დიაგნოზი ასეთია: მხრის სამმაგი მოტეხილობა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ამბავი ანტალიაში მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ვიზიტისას გამოჩენილი "ფანჯრისას" ისვენებდა. სტამბოლის საავადმყოფოში მას ორი ოპერაცია დასჭირდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს პრეზიდენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანს კი - უფრო მშვიდ და გაწონასწორებულ სტუმრებს. ხომ წარმოგიდგენიათ, მომხდარის შემდეგ რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რომელსაც სააკაშვილი სტუმრობდა, აღშფოთებისგან ცეცხლს ყრიდა და ალაჰს მადლობას სწირავდა, მაინც იოლად რომ გადარჩა ტრაილერს შეჯახებული პრეზიდენტი. მომხდარის დეტალებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჯაროდ არ ახმაურებს. სააკაშვილთან დაახლოებული პირების პირადი საუბრებიდან კი, ასე თუ ისე, შეგვიძლია ველოკატასტროფის სურათი აღვიდგინოთ. ანტალიაში სააკაშვილს ველოსიპედით სიარულს არავინ დაუშლიდა. მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდნენ როგორც პრეზიდენტის დაცვა, ისე თურქული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებული არიან, მაღალი დონის სტუმრის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ამ ვერსიის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული იყო ის ტერიტორია, რომელზეც პრეზიდენტს უნდა ემოძრავა. თუმცა მოხდა ისე, რომ ტრაილერი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ვერსიის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა, არ დაუჯერა საკუთარ თუ მასპინძელ დაცვას, გადავიდა საავტომობილო ტრასის იმ ნაწილზე, რომელზეც მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი მოძრაობს და წესით, ველოსიპედისტებს, მით უფრო პრეზიდენტ ველოსიპედისტებს, არაფერი ესაქმებათ, და ტრაილერს შეეჯახა. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომ ტრაილერი შევარდა იმ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს პირველი პირი მოძრაობდა. ასეთ შემთხვევაში, მანქანას ცეცხლს გაუხსნიდნენ და შემთხვევა კლასიფიცირდებოდა, როგორც თავდასხმა პრეზიდენტზე. ისე, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინარული ქცევით, გვახსოვს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე მისი ბათუმური ვოიაჟი, რომლის დროსაც დაცვას ხელიდან გაუსხლტა და პირდაპირ ზღვის ტალღებში გადაეშვა. ცნობილია გასულ წელს მისი ყვარლის ტბაზე სტუმრობის ამბავიც, როდესაც სწორედ ველოსიპედით სეირნობისას დაცვას 3-4 საათით დაეკარგა. სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა იმგვარ გასართობ ადგილებში, სადაც ყოფნა სარისკო იყო როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის, ასევე მისი გარემოცვისთვის, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირად დაცვას მის ხელში ორმაგი ჯაფა ადგას.

2010 წელს ამერიკულ ყოველკვირეულ გამოცემა "ნიუსვიკში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც მიხეილ სააკაშვილს "დასავლეთის ხიფათიან ნებიერად" მოიხსენიებდა. ავტორი იმ პოლიტიკურ ხიფათებს გულისხმობდა, რაც სააკაშვილმა თავისი მმართველობის დროს შეუქმნა ქვეყანას და
შესაბამისად, არაერთი თავსატეხი გაუჩინა დასავლეთს, რომელსაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდა მმართველისადმი. თუმცა მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ეხერხებოდა პოლიტიკურ პარტნიორთა ფათერაკებში გახვევაც. გვახსოვს ის უცნაური შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პოლონეთის აწ ტრაგიკულად გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ახალგორის მისადგომებთან "ასეირნა", რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა როგორც თავის, ასევე სტუმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შეგახსენებთ, პრეზიდენტების ესკორტს ამ ვოიაჟისას ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამ ამბავს პოლონეთის დაცვის უფროსის კარიერა შეეწირა, ის სამშობლოში დაბრუნებისთანავე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. შედარებით ნაკლები საფრთხის წინაშე (ასევე მიხეილ სააკაშვილის წყალობით) აღმოჩნდა 2005 წელს სომხეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, თუმცა გვარიანად კი დაშავდა. როგორც ამბობენ, საქართველოში სტუმრად მყოფ სომხეთის პრეზიდენტს სააკაშვილი შეუჩნდა - გინდა თუ არა, თხილამურებით უნდა ვისრიალოთო. ქოჩარიანი იძულებული გახდა დათანხმებოდა კოლეგას, რის შედეგადაც, კისრის მოტეხას კი გადარჩა, მაგრამ ფეხი მოიტეხა. სააკაშვილს, როგორც ჩანს, სატრანსპორტო საშუალებებში მაინცდამაინც არ უმართლებს, 2010 წელს მოლდოვაში ვიზიტისას რუსული პრესა წერდა, რომ ის თავით დაეჯახა თვითმფრინავის კარს და ტვინის შერყევა მიიღო. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ვიზიტისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მართავდა, ავარიაში მოყვა, თუმცა ეს ამბავი უკიდურესად გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურად ამის თაობაზე არაფერი თქმულა.

დასავლელი პოლიტიკოსებისთვის ველოსიპედით მოძრაობა გართობის ან ვარჯიშის საშუალება კი არა, ცხოვრების წესია. მიხეილ სააკაშვილის ლამის აკვიატებულ იდეად იქცა საქართველოში ამ ტრადიციის დამკვიდრება. ამის პოპულარიზაციას ემსახურებოდა "ვარდების მოედანზე" გიგანტური ველოსიპედის ძეგლის დადგმაც, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფმა პრეზიდენტის "მარცხის" შემდეგ ყვავილებით შეამკეს. ერთია პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მეორე კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, რისთვისაც ძველი ხელისუფლება მაინცდამაინც დიდად არ გარჯილა. ამ ამბავში კიდევ ერთი უცნაურობა ისიც იყო, რომ თურქეთში მომხდარის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა ქვეყნის მთავრობამ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან სცადა პრეზიდენტის ჯანმრთელობის ამბის გარკვევა, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, მტრების არგახარების პრინციპით გადაწყდა პრეზიდენტისა და ტრაილერის შეჯახების ამბის დამალვა, თუმცა "კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო..." საბოლოოდ კი ეს ყველაფერი უპირველესად ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

ცნობისათვის

ხიფათიანი მარტო ჩვენი პრეზიდენტი როდია. ამ თვალსაზრისით ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსს, რომელიც ორჯერ ველოსიპედიდან, ერთხელ კი სკუტერიდან ჩამოვარდა და გვარიანად დაშავდა. იმხანად ამერიკული ჟურნალ-გაზეთები წერდნენ: პრეზიდენტი ფუნთუშების ჭამაში ისე გაერთო, რომ ველოსიპედის მართვა დაავიწყდაო...

2011 წელს ბრიუსელთან ახლოს ტყეში ველოსიპედით სეირნობისას ამ ერთი შეხედვით უწყინარი ტრანსპორტიდან ჩამოვარდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ხელი მოიტეხა.

გასული წლის დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე სტუმრობისას ხელი მოიტეხა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ამის მიზეზი სასტუმროს ჰოლში წაბორძიკება გახდა, თუმცა რუსული მედია განსხვავებულ ვერსიასაც ავრცელებდა, ითქვა, რომ ლავროვმა ხელი აკვა-პარკში აქტიური დასვენებისას მოიტეხა.