"ჩვენი მუშაობის შედეგად მიმაჩნია ის, რომ აფხაზებსა და ოსებს მოვუსპეთ ლაპარაკის საფუძველი იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი ორმხრივ ხელშეკრულებას ომის განუახლებლობის შესახებ. მოგეხსენებათ, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტი ადასტურებს პრეზიდენტის მიერ ცალმხრივად და ზეპირად აღებულ ვალდებულებას ომის განუახლებლობის თაობაზე. პარლამენტის რეზოლუცია ბევრად მაღლა დგას, ვიდრე პრეზიდენტის ზეპირი განცხადება ან თუნდაც, აფხაზებთან და ოსებთან ორმხრივი ხელშეკრულება. სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ოსები და აფხაზები არ ენდობოდნენ, მის განცხადებასაც ფარისევლურად მიიჩნევდნენ. ახალ მთავრობაში კი არის ხალხი, ვისზეც ვერ იტყვიან, არ ვენდობითო. მე, ირაკლი ალასანიას, გურამ ოდიშარიას კარგად გვიცნობენ და იციან, რომ ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით ომისა. ", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი აფხაზების თვალში ქულებს გვიწერს" / "ნაციონალები" რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო მეტს ამოვუქექავთ".
"როგორც ჩანს, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, სახელის შეცვლას არ დაუშვებს. თუმცა, ამ სიჯიუტით აფხაზების თვალში ჩვენ გვიწერს ქულებს: ისინი ხვდებიან, ვინ იყო მათი მტერი და ვინ მოყვარე. მაგრამ ეს პრობლემასაც გვიქმნის, რადგან აფხაზები პრინციპულად აცხადებენ, რომ არ დაელაპარაკებიან ამგვარი სახელის მქონე უწყების წარმომადგენელს. ჩვენ გვინდა შევცვალოთ სახელი და ჩვენთან არდალაპარაკების საფუძვლად გამოყენებული ეს არგუმენტი მოვსპოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"ჩვენი პოლიტიკა ისეა აწყობილი, რომ აფხაზებსა და ოსებს მოვუსპოთ ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების არგუმენტები. მათმა მოთხოვნამ ორმხრივი ხელშეკრულების თაობაზე, სიმძაფრე დაკარგა. ასევე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება. ამით მკაფიოდ ვამბობთ ორ რამეს: ოკუპაციის თაობაზე მიღებული კანონი რჩება ძალაში. მაგრამ რაც შესაცვლელია იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს, შევცვლით. ჩვენ შევეხეთ სააკაშვილის მიერ "წმინდა ძროხად" შერაცხილ კანონს და ამით ქვეყანა არ დაქცეულა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის ჰუმანიზაციის ინიციატივით ჩვენ უბრალო ადამიანებზე ვზრუნავთ. ეს ქმედება კვლავაც დაისჯება, ოღონდ ადმინისტრაციულად, და საზღვრის დამრღვევს პატიმრობის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება", - ამბობს რესპონდენტი.
"მიმაჩნია, რომ რკინიგზის ამოქმედება რუსეთის ინტერესებში თუ იქნება, ამ თემის განხილვა ნამდვილად შეიძლება. რკინიგზის გახსნა დამოკიდებულია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და არა რომელიმე სახელმწიფოს პოზიციაზე. თუმცა, ამ საკითხის ხსენებას რეაქცია მგონი, ყველასგან მოჰყვა, რუსეთის გარდა. როცა ადამიანი დუმს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებას ურჩევნია, საერთოდ თავი აარიდოს განცხადებას. სააკაშვილის ლეგენდა, რკინიგზის მოქმედებით რუსეთის ექსპანსია მოხდებაო, სიმართლის მარცვალსაც რომ შეიცავდეს, რუსეთი ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა ამას", - განაგრძობს პაატა ზაქარეიშვილი.
"ვინ არიან ოპონენტები - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები? ისინი რა ოპონენტები არიან? თავის დროზე, როცა ეს კანონი მიიღეს, ამით ხომ თქვეს, საქართველოს ამ ტერიტორიებზე სხვა რეჟიმი მუშაობსო, თავად შემოიტანეს ეს. ამ შემთხვევაში ოპონენტები სულაც არ მადარდებს, მათ რვა წელი ჰქონდათ მართვისთვის და ქვეყანა მიიყვანეს იქამდე, რომ ცხინვალსა და სოხუმში ვერ შევდივართ. სად არის ახლა ეს ყველაფერი? ამ პრიმიტივებს მორალური უფლებაც კი არა აქვთ, რომ პირი გააღონ და ამაზე ილაპარაკონ, მაინც უტიფრად ლაპარაკობენ და კიდევ უფრო იმარხავენ თავს. მათ არ ჩააბარეს რუსებს ახალგორი და კოდორის ხეობა? ვსვამ კითხვას: რა წვლილი მიუძღვის სააკაშვილს რუსულ ოკუპაციაში? იმ თამაშში, რაც დაიწყო პუტინმა 2006 წელს, ჰქონდა თუ არა სააკაშვილს თავისი როლი? მიმაჩნია, რომ ამის გამოსაძიებლად კომისია უნდა შეიქმნას" - დასძენს რესპონდენტი.