ხელისუფლებას უჭირს... რა იქნება 6 თვის შემდეგ?

ხელისუფლებას უჭირს... რა იქნება 6 თვის შემდეგ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული მედიის გამომცემლებსა და მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას აპირებს. შეხვედრის მიზანი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვვარაუდობ რომ ეს მიზანი შეხვედრის შემდეგაც ბუნდოვანი დარჩება. თუ პირდაპირი ტრანსლირება იქნება ვიხილავთ ალბათ დატუქსულ რედაქტორებს, გამომცემლებს და სხვა უამრავ მარგალიტსაც მოვისმენთ.

როგორც ყოველთვის, ნაცნობია რა პრინციპით შეარჩიეს მიწვეულ გამომცელეთა სია. შერჩევა ნონა ყანდიაშვილისა და მისი "მრჩევლების" პრეროგატივაა. შესაბამისად მოწვეულთა სიაც სავარაუდოდ ამ "გემოვნებით" შედგა. სიის სათავეში არიან - ჯერ, ვისაც ბევრი ფული გადაუხადეს არჩევნებამდე და შემდეგ, ამას მოჰყვებიან არჩევნებამდე რომ უხიდიდნენ და მერე ბიუჯეტის ხარჯზე გადაიყვანეს, და რამდენიმე კი დემოკრატიულობის ანტურაჟისთვის.

უცნობია შეხვედრის თემა, მაგრამ ვერც ერთი მედიასეგმენტის პრობლემის რეალური გადაწყვეტა ვერ მოხდება. თუ საერთოდ გამჟღავნდა ამ შეხვედრაზე ასეთი სურვილი. თუმცა იქნება დაპირებები ცალკეულ საკითხებზე და საქმე დიდი ხნით გამოეკიდება სხვენში, თუ პრემიერის შესაბამისი სამსახურის რომელიმე თანამშრომლის მტვერდადებულ თაროზე. იქნება ჭკუის დარიგება, ერთ ან ორ რედაქტორს კითხვის დასმის ფორმასა და შინაარს დაუწუნებენ და ა.შ. შედეგად, ისევე როგორც ივანიშვილმა ვერ გაიგო სააკაშვილთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა უნდოდა "მას", ვერც გამომცემლები გაიგებენ პრემიერისას.

ცხადია იქნებიან ბედნიერი გამომცემლებიც და რედაქტორებიც, რომ პრემიერს "მეგობრულ გარემოში" შეხვდნენ და უშუალოდ მისგან მოისმინეს ქართული მედიის თუ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი თეზისები...

მე მაგალითად რომც მიმიწვიონ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებ (ამ განცხადების მერე პრემიერის ჩინოვნიკები იტყვიან - არც ვაპირებდითო, ან როგორც ერთ-ერთი ანალოგიური შეხვედრის შემდეგ მითხრა ლაშა ტუღუშმა, იმდენად სწრაფად მოვამზადეთ შეხვედრა, რომ ეტყობა გამოგვრჩით გაფრთხილებისას, თორემ სიაში ეწერეთო). თუმცა ეს ინფორმაცია უკვე მივიღეთ, რომ სიაში ვყოფილვართ. რა პატივია. ალბათ უსაზღვროდ მადლიერი უნდა ვიყო სიის შემდგენის...

რატომ არ მივალ?

პირველი - მიმაჩნია, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუნდაც შენი სიყრმის მეგობარი იყოს ხელისუფალი, გამომცემელი არ უნდა "კოჰაბიტირებდეს" და მით უფრო, არ უნდა მეგობრობდეს ჩინოვნიკთან - ვგულისხმობ საქმიან ვითარებას, ხოლო არაფორმალურ გარემოს არ უნდა იყენებდეს საკუთარი პრივილეგიების მოსაპოვებლად.

მეორე - ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ძალიან მარტივი რამ, მედიისთვის შეექმნა კონკურენტული გარემო. რაც მაფიქრებინებს, რომ ეს შეხვედრა გავლენის მიღმა დარჩენილი ჟურნალისტებისა თუ გამომცემლების გადაბირების მცდელობას უფრო ჰგავს. აი ისეთს, რამდენიმე რომ გადაიბირეს გვარიანი სამსახურის სანაცვლოდ და მერე თავიანთივე მიცემული დავალების შესრულება რომ დაუდეს მიზეზად და ხელმოცარული დატოვეს - კი უნდა შეგესრულებინა, მაგრამ ასე არაო.

მესამე - ივანიშვილის პიარგარემოცვაში ამ დრომდე მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც მათ მიერ გადაუბირებელ მედიასაშუალებებს თავის დროზე მიაკერეს სხვადასხვა იარლიყები და ამ ყველაფრის შედეგები ცალკეულმა მედიასაშუალებებმა, როგორ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც კონკრეტული ქმედებებითა და დამოკიდებულებებით იწვნიეს. ხომ ისედაც ცხადია, ბატონ ივანიშვილს მოწვეულთა სიას რომ დაუდებენ წინ, ამა თუ იმ გვარ სახელის გასწვრივ რა ექნება მიწერილი - "ჩვენია" ან "მტერია". ჰოდა, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ან ივანიშვილის კუთვნილთა შორის ვიყო მოხსენიებული ან კიდევ მტრებს შორის, როდესაც რეალურად არც ერთი ვარ და არც მეორე.

მეოთხე - იმ პირობებში, როდესაც ბატონი პრემიერის პიარგუნდი, პრეზიდენტის შესაბამისი სამსახურის ანალოგიის მიხედვით ( გამორიცხულია თავად პრემიერის თანხმობის გარეშე), წელიწადზე მეტია უარს აცხადებს ჩემთან, საერთაშორისო მედია ალიანსის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან არა თუ საქმიან შეხვედრაზე, არამედ ინტერვიუზეც კი, სრულებით არ ვაპირებ ანტურაჟის როლი შევასრულო ვინმესთვის. ინტერვიუს მიცემა რომ არ გინდა და რომ ემალები ისეთი გამომცემელი რატომ უნდა მიიწვიო შეხვედრაზე? ან თავმოყვარე ადამიანი რატომ უნდა ეახლო ვინმეს, ასეთ ვითარებაში, სტატისტიკის პრინციპით?

მეხუთე - იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანაც და ის საქმეც რასაც ვაკეთებ, რომ ერთის ან მეორის მიმართ უსამართლო, უკეთურ და უღირს დამოუკიდებულებას როცა ვხედავ ემოციას ვერ ვმალავ ხოლმე. შესაბამისად, როდესაც ჩემთვის ცხადადაა ცნობილი, რა გაუკეთა, რას უკეთებს და რა შედეგის მიღებას ლამობს საბოლოოდ ბატონი პრემიერის გარემოცვა (შუძლებელია, რომ ეს ხდებოდეს ბატონი ივანიშვილის თანხმობის გარეშე) ქართული მედიისგან, ნამდვილად არ ვაპირებ ვიყო მედიის ერთი ხელით მართვის თამაშის მონაწილე ანუ მარიონეტი. ეს არ უკადრებით და მიკისრია სააკაშვილის ხელისუფლების ზეობისას და ამას არ ვიკისრებ არც ერთი ხელისუფლების სასარგებლოდ.

მეექვსე - როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა ფაქტობრივად სტაგნაციის პირობებშია, როდესაც ადამიანები რეალურად იმაზე ფიქრობენ რით გამოკვებონ ოჯახები, როდესაც ბანკები ფაქტობრივად არ აძლევენ კრედიტებს ქართულ მედიასაშუალებებს, ვისი ფულით ახერხებენ ცალკეული პირები, რომლებსაც არასოდეს ქონიათ ბიზნესი, მეზობელ-ახლობლების პურის ფულის ვლები რომ მართებთ - მედიასაშუელებების შექმნას და თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების გადახდას და სხვა ხარჯების დაფინასებას? ჰოდა, რა ვქნა ახლა ბატონ პრემიერთნ შეხვედრაზე? ვისხდეთ პრემიერი, რომელიც საკმაოდ ბევრ გამოცემას აფინასებს და სააკაშვილი, რომელიც იქ არ იქნება, მაგრამ ეყოლება წარმომადგენლები და რამდენიმე "მტერი", რომლებიც არც ივანიშვილის ვართ და არც სააკაშვილის? ჩაწყობილი და წინასწარ შეთანხმებული კითხვები რომ მორჩება და ან მოგვიწევს რიგი ან - არა, იმას ველოდო?

არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რასაც ამ ეტაპზე არ გავახმოვანებ..

და მაინც, ჩავთვალოთ, რომ პრემიერს გულით სწადია ქართულ მედიაში არსებული პრობლემები მოისმინოს და ისინი ოპერატიულად გადაწყვიტოს. თუ ასეა საქმე, ამას გამომცემლებთან შეხვედრა კი არ უნდა, არამედ მისმა ჭკუისკოლოფმა მრჩევლებმა, რომლებიც საქმეში ჩახედულები უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, რომ არ არიან, უნდა მოახსენონ პრემიერს:

1.არ შეიძლება მედიასაშუალებების ნაწილი იხდიდეს დღგ-ს და ნაწილი არა. ამ ხარვეზის გამოსწორებას მაქსიმუმ კანონში ცვლილება სჭირდება და მინიმუმ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც საკმარისა, რათა მოხდეს შესაბამისი მუხლის დაზუსტება და განმარტება;

2. მედიასთან მიმართებაში უნდა შეწყდეს პროტექციონიზმი, რასაც ასე წარმატებით ახორციელებენ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებად აღზევებული ინდივიდები;

3. უნდა შეიქმნას კონკურენტული გარემო, როდესაც უწყებებსა თუ კომპანიებს თავად, სხვისი რეკომენდაციების გარეშე, ექნებათ საშუალება, ითანამშრომლონ ცალკეულ მედიასაშუალებებთან საინფორმაციო თუ სარეკლამო მომსახურების კუთხით;

4. შეწყდეს, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დაწესებული სქემის არსებობა - როდესაც ცალკეულ მედიასაშუალებებს მავანნი ხელზე უხდიან სამი თვის, ექვსი თვის თუ ერთი წლის სახელფასო ფონდს და სხვა ხარჯებისთვის განკუთვნილ თანხებს;

5. როდესაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, მედიაში სამართლიანობის აღდგენა იქნება ძალიან მარტივი - ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაფუძნებულმა მედასაშუალებებმა გამოქვეყნონ იმ სახსრების წარმომავლობის დოკუმენტები თუ საიდან მოიტანეს საკუთარი გამოცემების შესაქმნელ- დასაფუძნებელი და ხარჯების დასაფინანსებელი თანხები;

6. რეკომენდაცია უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ბატონო ბიძინა, დაითვალეთ თქვენი ფული. არავის აქვს მორალური უფლება სხვის ჯიბეში ფული ითვალოს, მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ თქვენი ფულის დათვლის უფლება და იმისიც, რომ იცოდეთ რაში იხარჯება თქვენი კაპიტალი? ამ თემას არ გავშლი ახლა რიგი მიზეზების გამო.

თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ყველაფერი შეხვედრაზე მიუსვლელობის მიზეზი ვერ იქნება, ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც რაღაცით ჰგავს პრემიერისა და მისი PR-გუნდის ქმედებებს.

რამდენიმე წლის წინ, მთავარობის სხდომაზე თემურ შაშიაშვილმა, ერთი ამბავი ატეხა საღეჭი რეზინთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაზე და მის მფარველად მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე დაასახელა. ედუარდ შევარდნაძემ ხელები გაასავსავა და თქვა "კევის ბიზნესი არ გამიგიაო". მერე შაშიაშვილს ასე უთხრა, შევქმნი კომისიას და ავთო ჯორბენაძე უხელმძღვანელებსო. მოკლედ ბატონმა ედუარდმა "მხილებულ ავთოს" "სამხილის მოსპობა" დაავალა. იმ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ ვის დაავალებს პრემიერი პრობლემების მოგვარება-მოსპობას - ბიძინა ივანიშვილს თუ ნონა ყანდიაშვილს, რომელსაც თურმე ჯანსუღ ჩარკვიანი ვინაა არ გაუგია.

"ქართული ოცნების" მართველობის ექვსი თვის თავზე ხელისუფლების უჭირს. უჭირს ისევ იმ დამოკიდებულების გამო, რამაც წინა ხელისუფლება მიიყვანა იქამდე, სადამდეც მივიდა. ჯერ 6 თვეა გასული. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. რა იქნება 6 თვის შემდეგ?