წყალზე მოსაკრებლის ერთბაშად გაზრდამ პირველი ნეგატიური შედეგი მყისვე მოიტანა. მუშაობას აჩერებს კომპანია „ფლატე“, წარმოების შეწყვეტის საფრთხის წინაშეა „რაჭის წყლები“. სამთავრობო გადაწყვეტილების წინააღმდეგ მწარმოებლები დაგვიანებით დაირაზმნენ.
მინერალური და მტკნარი წყლის კომპანიები მოსაკრებლის ზრდაში საქმიანობის შეფერხების საფრთხეს ხედავენ. კომპანია „ფლატეს“ დირექტორის თქმით, ე.წ. „სტარტ აპზე“ მყოფი კომპანიებისთვის ეს დამღუპველია. მისივე განცხადებით, მოსაკრებლის გაზრდის პირობებში „ფლატეში“ დასაქმებული 300-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩება, ხოლო დამფუძნებლები გაკოტრდებიან.
„საირმეს“ გენერალური დირექტორის თქმით კი, ყოველი ცენტით ზრდა პროდუქციის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. მტკნარი წყლების კომპანია „რაჭის წყლების“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით რაჭის რეგიონში არსებულ ერთადერთ წარმოებას საფრთხე ემუქრება. მოსაკრებლის ზრდას მიუღებლად მიიჩნევს „ბორჯომი“.
„IDშ ბორჯომი საქართველო“ უარყოფით პოზიციას აფიქსირებს მთავრობის იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის ინიცირებას გულისხმობს. დღევანდელ დღემდე ჩვენი კომპანიისთვის ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებელი ყველაზე მაღალი იყო ბაზარზე და შეადგენდა 5,9 ევროს 1 კბ/მ-ზე, როცა საქართველოში არსებული მინერალური წყლის სხვა კომპანიებისთვის მოსაკრებელი 1 კბ/მ-ზე 4,1 ევროს შეადგენდა. დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში მოსაკრებლის დონე 1 კბ/მ-ზე 0,1-დან 5,7 ევრომდე მერყეობს“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია „წყალი მარგებელში“ („ნაბეღლავი“) მიიჩნევენ, რომ ცვლილება განსაკუთრებულად უარყოფითად ექსპორტზე აისახება. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი ცვლილებები კანონმდებლობაში კომპანიებისთვის გონივრული დროით ადრე უნდა ხდებოდეს ცნობილი, რათა მათ გრძელვადიანი გეგმების სიტუაციისადმი მორგება და კომპანიის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ.
„პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩვენ კომპანიას არავინ დაკავშირებია. შემთხვევით გაგებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის ოფიციალურად გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, ჩვენი ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა და კონსულტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში, თუმცა, სხვა შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც მთავრობის ეკონომიკური ჯგუფები იქნებოდა, არ შემდგარა.
5 წლის წინ კომპანიამ აუქციონზე შეიძინა ნაბეღალვისა და ბახმაროს წყლების მოპოვების 25-წლიანი ექსკლუზიური ლიცენზია. გადასახადის გაზრდით კი ხდება ამ ლიცენზიის პირობების გადახედვა, რაც როგორც ჩვენზე, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე ნეგატიურად აისახება.
აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება ექსპორტზე, რადგან უცხოელ პარტნიორებთან გრძელვადიანი კონტრაქტების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერმა ცვლილებამ, შესაძლოა, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი წარმოშვას. ამასთან, ბუნებრივი რესურსის სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდით ჩვენს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბრენდს უწევს გაცილებით ძვირის გადახდა, ვიდრე მსოფლიოში და რეგიონში არსებულ ცნობილ ბრენდულ მინერალურ წყლებს, რომლებსაც ასწლიანი ისტორია გააჩნიათ.
ამ გადასახადის გაძვირებით, ექსპერიმენტების ჩატარება ფაქტობრივად ფინანსურად შეუძლებელი ხდება. კვლევები კი საჭიროა იმისთვის, რომ საბადოებში დადგინდეს მინერალური წყლის რაოდენობის ზრდის პოტენციალი, ისე, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლები სტაბილურად იქნეს შენარჩუნებული.
უფრო პრობლემური საკითხია გადასახადის გაზრდის გავლენა მტკნარი (ე.წ. უგაზო) წყლის კონკურენტუნარიანობასა და საექსპორტო პოტენციალზე, რაც ფაქტობრივად კანონის შემოღებასთან ერთად არაკონკურენტუნარიანს გახდის ექსპორტს და ქართულ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის შიდა ბაზარზეც.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დროში ემთხვევა ბუნებრივი რესურსის სარგებლობის გადასახადის 200%-ით გაზრდა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის ამოქმედებას, რაც ძლიერ ფინანსურ დარტყმას აყენებს ქართულ კომპანიებს“, - აცხადებენ „წყალი მარგებელში“.
ასე თუ ისე, მოსაკრებლის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. წყლის მწარმოებლებმა ახლა იმაზე უნდა იბრძოლონ, რომ 1-ლი მაისი შემდეგ როგორმე სავალდებულო ელექტრონულ მარკირება მაინც აიცილონ თავიდან.