30 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით და ექსპერტთა მონაწილეობით ჩატარდა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ანაბარი“. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მათი მიზანია, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული საკითხი, რაც ხელისუფლებას წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მაისში ამ თემაზე პირველი ანგარიში გამოქვეყნდება.
გაზეთ „ასავალ – დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ახლა ამ საკითხის შესასწავლად ყველაზე კარგი დროა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ის ერთადერთი გამონაკლისია, ვისაც მოსახლეობისთვის ანაბრების გაცემის პოპულისტური დაპირება არ გაუცია და ამ საკითხის მიმართ რაციონალური დამოკიდებულება აქვს. კაიკაციშვილის თქმით, სულ ახლახანს გაირკვა, რომ პრემიერმა ივანიშვილმა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ კომისიას 2014 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა უფლება–მოსილება. აღნიშნული კომისია 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით, ზურაბ ჟვანიას ხელმოწერით შეიქმნა. მის შემადგენლობაში შევიდნენ ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები. გაიწერა ვალდებულებები სამინისტროების მიმართ, პრობლემის გადაჭრის სტრატეგია ფინანსთა სამინისტროს უნდა მოემზადებინა, თუმცა არაფერი გაკეთებულა.
არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობა გაიზარდა და რაც მთავარია, ამ გაფართოებულ კომისიას შიდა ვალთან დაკავშირებით კონკრეტული ეფექტური ღონისძიებების შემუშავება დაევალა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის თქმით, საბჭოთა ანაბრები ინფლაციური პროცესების შედეგად დაიკარგა, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ინფლაცია ხელოვნურად გამოწვეული, ან მოხდა თუ არა კონკრეტული ჯგუფების მიერ ინფლაციის პროცესის მართვა. კაიკაციშვილი აცხადებს, რომ იმასთან დაკავშირებით, ინფლაცია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, საკუთარ მოსაზრებებს მალე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ წარმოადგენს, რომელიც ამ ტემაზე მუშაობს. თავად კაიკაციშვილი კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი, როგორც მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, 1990–იანი წლების ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობდა და ის ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ამიტომ იურისტი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა იკვეთება.
არჩილ კაიკაციშვილი ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქმე ეხება 1992–1993 წლებში 854 მილიარდი კუპონის გაცემას, რომელიც კრედიტის სახით 500–ზე მეტ ორგანიზაციაზე გაიცა.
„ჩვენ გვაინტერესებს, რა ორგანიზაციებზე მოხდა სესხების გაცემა, ვინ იყვნენ მათი მეპატრონეები და რომელმაც ორგანიზაციამ რა ოდენობის თანხა მიიღო. ეროვნულმა ბანკმა ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“. ეს უარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი“, – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი „ასავალ–დასავალთან“ საუბარში.
მისი თქმით, ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი აღნიშნულ ინფორმაციას შეგნებულად მალავს, რადგან ვიღაცეებს ამის გამჟღავნება დღესაც კი არ აძლევს ხელს. ამასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს, მაგრამ მათი ინფორმაციით, პროცესის ჩანიშვნა შეგნებულად იწელება.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ წლების მანძილზე ანაბრების გასტუმრება და შესაძლებელია თუ არა ეს დღეს, არჩილ კაიკაციშვილი პასუხობს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობდა და 1997 წელს პირველი გაცემაც მოხდა, რის შემდეგაც პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეჩერდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის დროს პრობლემის გადაჭრის ყველა პირობა არსებობდა, თუმცა არ არსებობდა პოლიტიკური ნება, მიუხედავად იმისა, რომ ანაბრების გასტუმრება ამ პარტიის ერთ–ერთი ძირითადი დაპირება იყო. ანაბრების კომპენსირების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა არ არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს სამართლიანი მოდელი. ჩვენ ამ მოდელის შექმნაში დავეხმარებით ხელისუფლებას. ანაბრების დაბრუნება, უწინარესად, სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს“, – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.