ქართულ ხილ-ბოსტნეულს რუსები შემოდგომაზე მიითვლიან

ქართულ ხილ-ბოსტნეულს რუსები შემოდგომაზე მიითვლიან

ქართული ღვინო, ალკოჰოლური სასმელები რუსეთში დღე-დღეზე შევა, ხილსა და ბოსტნეულს კი შემოდგომამდე მოუწევს მოცდა. თუმცა, სარუსეთო მოსავალი (გინდ რაოდენობრივად და გინდ მოთხოვნიდან გამომდინარე) შემოდგომამდე არც კი იქნება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძის ინფორმაციით, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე ეტაპობრივად განხორციელდება. ქართულმა დელეგაციამ ასეთ შეთანხმებას 3 აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში „როსსელხოზნადზორში“ გამართულ შეხვედრაზე მიაღწია.

რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ექსპორტზე გავა ქართული ბოსტნეულიც. ხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩრდილოეთში გაგზავნა შემოდგომიდან დაიწყება.

„ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტი ქაოსურად აღარ მოხდება. ყველა პროცედურა რუსეთის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით განხორციელდება“, - აღნიშნა კირვალიძემ.

იმისათვის, რომ საშემოდგომოდ რუსეთში გასატანი რამ მოგვეძევებოდეს, საიმისოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჯეროვნად შესრულებაა საჭირო. სამინისტრო უკვე 2 თვეა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და მინისტრის ინფორმაციით, საგაზაფხულო ხვნის პროცესი აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულებულია.

„აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესი ეკვატორს კარგა ხანია გადასცდა. ახლა 100-ზე მეტი მძიმე ტექნიკა გადავა დასავლეთ საქართველოში, რათა ეს პროცესი იქ გაგრძელდეს. მას შემდეგ რაც დასრულდება ქვედა ზონის სამუშაოები, მაისის თვეში ეს მთიანეთში გადავა, და იმისდა მიხედვით დავასრულებთ, თუ როგორი ამინდი იქნება“, - განმარტა მინისტრმა.

კირვალიძემ სასოფლო-სამეურნეო სესხებზეც ისაუბრა და დღეის მდგომარეობით არსებული მონაცემები გაახმოვანა.

„საკრედიტო კომპონენტი ინტენსიურად მუშაობს. მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც 100 000 ლარამდე სესხს ითვალისწინებს, დღევანდელი მონაცემებით უკვე 18 სესხია გაცემული, ჯამური თანხით - 548 ათასი ლარი. გარდა ამისა დამუშავებაშია 193 სესხი, სავარაუდო ჯამური ღირებულებით 4 მილიონ ლარზე მეტი. ხოლო მესამე კომპონენტს რაც შეეხება, აქ პირველი სესხი უკვე გაიცა ხოლო დამუშავებაშია 23 სესხი, სავარაუდოდ 5 მილიონი დოლარის ღირებულებით. ეს არის დღევანდელი მონაცემები, თუმცა ეს ყოველდღიურად იცვლება“, - განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება ქართული ღვინისა და წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის სურვილი 80-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების და ოთხმა წყლის მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა. მათ უმრავლესობას რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა დადებითი შეფასება მისცა. წინასწარი ინფორმაციით, სამოცზე მეტი კომპანია მიიღებს დადებით პასუხს.

ღვინის რუსი იმპორტიორები ქართული პროდუქციის შეტანისთვის ემზადებიან: ამ კვირიდან ისინი აქციზურ მარკებს შეუკვეთავენ. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით კი, ქართველ მწარმოებლებს უკვე ეძლევათ შესაძლებლობა, რუსეთის ბაზარს თავიანთი ღვინო მიაწოდონ.

საქართველოდან ღვინის გატანისთვის ასევე ემზადებიან ალკოჰოლის რუსი იმპორტიორები. მაგალითად, კომპანია „მოროში“ აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში გააგზავნიან განაცხადს ქართული პროდუქციისთვის აქციზური მარკების მიღების მიზნით. მარკების პირველი პარტია 100-150-ათასიანი იქნება. მიწოდების აღდგენიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში კომპანია ქართული ღვინით დატვირთული 30-50 მანქანის მიღებას ვარაუდობს. თითო მანქანაში 18 ათასი ბოთლი ეტევა.

კომპანია „ბასტიონი-ნევა“ კი ერთი თვის განმავლობაში 100-120 ათასი ბოთლის მიღებას იმედოვნებს. მიწოდება მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. გენადი ონიშჩენკოს თქმით, პროდუქტი, სავარაუდოდ, პოდმოსკოვიეს საბაჟო ტერმინალებზე გაფორმდება.