წყალს გამოტანებული გადასახადები

წყალს გამოტანებული გადასახადები

წყლის მწარმოებლებისთვის ყველაფერი უცებ შეიცვალა. რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომის“ მინერალური წყლის მოსაკრებელი მეტად იაფად მიიჩნია. ამას მალევე მოჰყვა მთავრობის ინიციატივა გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით. უკვე შემოდგომიდან წყლის მწარმოებლებს ახალი ტარიფებით მოუწევთ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.

მინერალურ წყალზე მოსაკრებელი - სამჯერ, ხოლო მტკნარ წყალზე ორჯერ გაიზრდება. 1000 ლიტრ მტკნარ წყალზე მოსაკრებელი დღეს არსებული 4 ლარის ნაცვლად - 8 ლარი, ხოლო მინერალურზე - 3 ლარის ნაცვლად 9 ლარი გახდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოსაკრებლის გაზრდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდა.

„ვფიქრობთ, მინერალური წყალი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე მტკნარი წყალი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ამიტომაც „ბორჯომი“ 1000 ლიტრზე, 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარს გადაიხდის, „ნაბეღლავი“ 6 ლარის ნაცვლად - 18 ლარს, „საირმე“ კი 6 ლარის ნაცვლად - 18 ლარს, ხოლო „უწერა“ 4 ლარის ნაცვლად - 12 ლარს.

მინისტრის განცხადებით, კომპანიებს ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება არ მოუწევთ, რადგან ხარჯების ოპტიმიზაციის საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ. კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ მოსაკრებლის ზრდას კომპანიები სამომხმარებლო ფასებზე არ ასახავენ. გაზრდილი მოსაკრებლით მობილიზებული თანხა იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გადაირიცხება, საიდანაც ბუნებრივი რესურსის მოპოვება ხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, თითქმის, გასამმაგდება, გაზრდილი შემოსავლით კი რეგიონი ადგილობრივი მნიშვნელობის მეტი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

კომპანიები გაზრდილ მოსაკრებელს მესამე კვარტლიდან გადაიხდიან. მანამდე კი პარლამენტმა კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს.

მოსაკრებლის გაზრდასთან დაკავშირებით, განცხადება მხოლოდ კომპანია „აიდიეს ბორჯომმა“ გაავრცელა, სხვა კომპანიები კომენტარისგან თავს იკავებენ. „ბორჯომის“ პოზიცია გასაგებია. ისინი ისედაც ყველაზე დიდ მოსაკრებელს იხდიდნენ, თანაც ყველაზე მეტად გაუძვირდაც გადასახადი. გარდა ამისა, ახალი მოსაკრებელი ყველაზე მაღალი იქნება ევროპის მასშტაბით. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულებამ კომპანიის ხელმძღვანელთა გაღიზიანება გამოიწვია.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს გადასახადი უფრო მეტია ვიდრე საქართველოში - საფრანგეთია, თუმცა საფრანგეთში მინერალური წყლის მწარმოებლები შეღავათიან რეჟიმში იხდიან დღგ-ს გადასახადს.

„IDშ ბორჯომი საქართველო“ უარყოფით პოზიციას აფიქსირებს მთავრობის იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებლის სამჯერ გაზრდის ინიცირებას გულისხმობს. დღევანდელ დღემდე ჩვენი კომპანიისთვის ბუნებრივ რესურსზე მოსაკრებელი ყველაზე მაღალი იყო ბაზარზე და შეადგენდა 5,9 ევროს1 კბ/მ-ზე, როცა საქართველოში არსებული მინერალური წყლის სხვა კომპანიებისთვის მოსაკრებელი 1 კბ/მ-ზე 4,1 ევროს შეადგენდა. დსთ-სა და ევროპის ქვეყნებში მოსაკრებლის დონე 1 კბ/მ-ზე 0,1-დან 5,7 ევრომდე მერყეობს”, - აცხადებენ კომპანიაში.