"მინდა რჩევის სახით ვუთხრა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, მთავრობას - მათ მიერ გადადგმული პოპულარული თუ არაპოპულარული ნაბიჯები გასაგებად აუხსნან საზოგადოებას. იმ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც თავისი მიზეზები აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას ვგულისხმობ. წინგადადგმულ ნაბიჯებზეც არ მიეწოდება ხალხს ამომწურავი ინფორმაცია და მოსახლეობა ვერ იგებს, რა გააკეთა მისთვის ახალმა ხელისუფლებამ. მაგალითად, ასეთი მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება პატარა საქმეა? არადა, თითქოს არაფერი მომხდარა, ამაზე არავინ საუბრობს. ინფორმაციის ნაკლებობა ძალიან ცუდად იმუშავებს საზოგადოებაზე. როგორ გგონიათ, რაში იყო სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ძალა? - პაირს, რეკლამაში, ინფორმაციის მიწოდებაში. ბოლო ერთი თვეა, მხოლოდ 19 აპრილის საპროტესტო აქციის პროპაგანდა გვესმის, რომ, თურმე, ეს არის საქართველოს გადარჩენის დღე და მთელი ქვეყანა ქუჩაში უნდა გავიდეს. გეგონება, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ არ იყო, რომ ხალხმა მათი რეჟიმისგან თავი გაითავისუფლა", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალური მოძრაობა" "კმარას" რეჟიმში გადავიდა" / "19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, დაასრულებს არსებობას!".
"არ ვიცი, რას გულისხმობს ვანო მერაბიშვილი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში "ნაციონალების" სასარგებლოდ აღარაფერი შეიცვლება, მითუმეტეს, მათი 9-წლიანი დიქტატორული მმართველობიდან ასე მოკლე დროში. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ის არის, რომ 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, დაასრულებს არსებობას. ახლა, მერაბიშვილს, შესაძლოა, სხვა პრეტენზიებიც აქვს, მაგრამ, რამდენად რეალურად მიაჩნია ამ ქვეყანაში მისი განხორციელება, ეს სხვა საქმეა. დღეს ქართველი ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას, ამოძირკვას ითხოვს და არ მესმის, ამის ფონზე რისი იმედი აქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.
"არ გამოვრიცხავ, რომ დიდი რაოდენობით ხალხს მოუყარონ თავი. რაღაც ბერკეტები ჯერ კიდევ მათ ხელშია - თვითმმართველობები, სხვადასხვა დაწესებულება, ბაღები და ასე შემდეგ. ხომ ხედავთ, როგორ მუშაობენ, ქალაქში, მგონი, ყველა ხეს 19 აპრილი აწერია. ერთი სიტყვით, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ "კმარას" რეჟიმში გადავიდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, როცა მერაბიშვილი ცვლილებებზე საუბრობს, რაღაც არეულობას გეგმავდნენ. თუმცა, ეს არ გამოუვათ. გამოუვიდოდათ, მათ პირისპირ სხვა პოლიტიკური ძალა რომ იყოს და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხალხის უდიდესი მხარდაჭერა და შესაბამისი ძალაუფლებაც აქვს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"9 აპრილი მართლაც ტრაგედია იყო, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება კითხვას, ვგრძნობ თუ არა უხერხულობას, - 9 აპრილის მემორიალთან ყოველთვის მივდიოდი დაღუპულთა პატივსაცემად. ჩემს ერთადერთ დანაშაულად ის მიმაჩნია, რომ საქართველოში მაშინვე არ გამოვფრინდი, როცა გორბაჩოვმა მითხრა, ანუ 7 აპრილს. სწორე დიმ დღეს ჩამოვფრინდით ლონდონიდან. ლიგაჩოვმა მოგვახსენა, რა ხდებოდა თბილისში. გორბაჩოვი მომიბრუნდა და მითხრა, იქნებ, შენდ ა რაზუმოვსკი დღესვე თბილისში წახვიდეთ. ვუთხარი, რომ თბილისში წავიდოდი, მაგრამ ჯერ რესპუბლიკის ხელმძღვანელთან გავარკვევდი, ჩემი ჩასვლა დაეხმარებოდა თუ უფრო გაართულებდა საქმეს. მართლაც, პატიაშვილს დავურეკე, ვუთხარი, რაც მითხრა გორბაჩოვმა და ვკითხე, რა აზრის ხარ ჩემს ჩამოსვლაზე-მეთქი. მიპასუხა, თქვენი ჩამოსვლა ყოველთვის გვიხარია, მაგრამ ახლა ეს ვითარებას დაძაბავს, აქციაზე ხალხის რაოდენობა მცირდება და ადვილად მოვუვლითო. ეს საუბარი 7 აპრილს შედგა. 8 აპრილს თბილისში პატიაშვილმა გამართა აქტივის კრება, რა დროსაც კრების წინაშე წარსდგა სამხედროების ჯგუფი კოჩეტოვის და რადიონოვის ხელმღვანელობით. დარბაზში მათ შესვლას ტაშის გრიალით შეხვდნენ. შესაძლოა, ამიტომ არ უნდოდა პატიაშვილს თბილისში ჩემი ჩასვლა. მიიღეს რეზოლუცია, რომ ყოველ ღონეს იხმარდნენ მიტინგის დასაშლელად", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.