პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ნაცისტებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა შორის პარალელებს ავლებს და ნაცმაღალჩინოსნებს მესამე რაიხის მთავარ პერსონებს ამსგავსებს.
- ჯერ კიდევ 2001 წელს გიორგი არველაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო, ერთ-ერთ შეხვედრაზე რატომღაც ნაცისტური პარტიის საშტურმო ჯგუფების სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მთხოვა. იმ მომენტში ვერ მივხვდი, რატომ დაინტერესდა ამით, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა რატომაც - გიორგი არველაძემ, ფაქტობრივად, ახალგაზრდული საშტურმო, ზონდერჯგუფების სტრუქტურები ჩამოაყალიბა. მათ შორის იყო სააკაშვილის პირადი დაცვის ელემენტებისგან შექმნილი ზონდერჯგუფი. როგორც კი "ვარდების რევოლუცია" მოხდა, მიშა სააკაშვილმა ეს ზონდერჯგუფები ძალოვან სტრუქტურებში დაასაქმა - კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, სოდ-სა და კუდ-ში. ყველამ ვიცით, ვინ დანიშნა მან ამ ძალოვან სტრუქტურებში და როგორ იმართებოდა ეს სტრუქტურები, უკაცრავად და, ამ ლაწირაკი ნეონაცისტების მიერ. იმავე სტილით მოქმედებდა ჰიტლერი, რომელმაც ერნსტ რემის მეშვეობით შექმნა საშტურმო რაზმები ეს-ა (SA-Sturmabteilung ) და დაცვის პირადი ჯგუფები ეს-ეს-ი (SS-Schutrstaffe). როდესაც ჰიტლერმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, ეს-ეს-ი მაშინვე გაუშვა კრიმინალურ პოლიციაში, ეს-ას წარმომადგენლები კი მოხვდნენ გერმანიის სამხედრო დაზვერვის სტრუქტურებში, რომლითაც გესტაპო შეიქმნა, საბოლოოდ კი ჰიტლერმა ჩამოაყალიბა რაიხსკანცელარიის უშიშროების მთავარი სამმართველო, ისევე როგორც მიშამ ჩამოაყალიბა ერთიანი შს სამინისტრო, სადაც შედიოდა უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სექტორები. უშიშროების სექტორს ქმნიდა ანტიტერორისტული ცენტრი, სოდ-ი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და კუდ-ი. ანალოგიური მეთოდიკა გამოიყენა ჰიტლერმა ჰიმლერთან ერთად 1933 წელს - შექმნა ერთიანი უშიშროების სამინისტრო. თუმცა იქ დაიწყო დაპირისპირება ჰიმლერსა და რემს შორის - ეს-ას და ეს-ეს-ის ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და გაუსწორდნენ ერთმანეთს, დანარჩენებმა კი შექმნეს ე.წ. შავი ორდენი. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა სააკაშვილის მიერ შექმნილ სტრუქტურებში - გავიხსენოთ ვასილ სანოძის თვითმკვლელობის ინსცენირება, რის შემდეგაც იგი და მისი გუნდის წარმომადგენლები გამოეთიშნენ თამაშს. ჩემი აზრით, აქ მოხდა ჩვეულებრივი შიგა პარტიული დაჯახება და ეს ადამიანი მოიცილეს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ცდილობდა საგარეო დაზვერვის სამსახურზე შეეგროვებინა კომპრომატები და დაეპატიმრებინა არა მხოლოდ საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, არამედ ანალიტიკური დეპარტამენტისაც. სხვათა შორის, თავის დროზე, დაკითხვაზე მიიყვანეს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვინმე კვაშილავა, აგრეთვე, თორნიკე თურმანიძე (ამჟამად უშიშროების მდივნის მოადგილეა) და ნოდარ ხარშილაძე, რომელიც შემდგომში ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. ფაქტობრივად, მიმდინარეობდა შიდა ინტრიგებისა და ძალთა ბალანსის დამყარების ტენდენცია, ისევე როგორც, დავუშვათ, გესტაპოში, რომლის ხელმძღვანელიც ობერგრუპენფიურერი მიულერი გახლდათ. გესტაპო იყო რაიხსიმპერიის მთავარი მამოძრავებელი და მმართველი ძალა, ისევე როგორც ვანოს სტრუქტურაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც დღესაც კი აკონტროლებს სისტემას - ძალოვანსაც და სამხედრო უწყებებსაც. ამ სტრუქტურაში, ფაქტობრივად, ცვლილება არ განხორციელებულა. როგორც ჰიტლერმა მისცა კარტბლანში ჰიმლერს, ჰიმლერმა კი - მიულერს, ასევე მისცა კარტბლანში მიშა სააკაშვილმა მერაბიშვილს, მან კი გიგა მაზმიშვილს - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ეროვნული უსაფრთხოების ყველა ექსპერტი დაგიდასტურებთ, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები გერმანელ ნაცისტებს ბაძავენ. ეს ისეთი თვალსაჩინოა, როგორც ორჯერ ორი ოთხი. არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილის საყვარელი წიგნი ჰიტლერის "მაინ კამპფი" ("ჩემი ბრძოლა") იყოს. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილს წამოსცდა კიდეც, რომ იგი სია
მოვნებით კითხულობს ფაშისტური გერმანიის პოლიტიკური დაზვერვის უფროსის, ვალტერ შელენბერგის მემუარებს, რითაც, ფაქტობრივად, გამოხატა სიმპათია გერმანიის მესამე რაიხის საიდუმლო სამსახურის სტრუქტურების მიმართ. გარდა ამისა, სააკაშვილის პარტიის სახელწოდება - ნაცმოძრაობა და ჰიტლერის ნაცსოციალისტური მოძრაობა ერთი და იგივეა. თავის დროზე, ნაცისტური პარტია ნაცსოციალისტური მოძრაობა იყო, მერე გადაკეთდა პარტიად, როგორც სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". თავის დროზე, ლიბერტარიანულ იდეებს ავითარებდა სააკაშვილი. ნეონაციზმის იდეებიც გერმანული რადიკალური ფილოსოფიური სკოლის ლიბერტარიანულ მიმდინარეობას ეფუძნებოდა. ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში არსებობდა პარტიული სპეცსამსახური, რომელსაც კურატორობდა მარტინ ბორმანი. ის იყო შიდა პარტიული უშიშროების სამსახური. ანალოგიური სტრუქტურა ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის შიგნით შექმნა. თუ გერმანიაში იყო ბორმანი, საქართველოში მას სათავეში ჩაუდგნენ მერაბიშვილი და გიგა მაზმიშვილი. ასე რომ, ნაცისტებსა და ნაციონალებს შორის ძალიან ბევრი მსგავსებაა.
- სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, იგივე "კილერა" თქვენ შეადარეთ ნაცისტ ექიმ იოზეფ მენგელეს, "სიკვდილის ანგელოზს", რომელიც საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდა ტყვეებზე. მართლა ასეთი საშიში იყო მუხაძე?
- ალექსანდრე მუხაძე პროფესიით ექიმია და "ნაცმოძრაობის" დაარსებიდან მისი ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი გახლდათ. ის არის კეზერაშვილისა და ბაჩო ახალაიას უახლოესი მეგობარი. ეს ოდიოზური პიროვნება ისეთი სისასტიკით გამოირჩეოდა, მეტსახელად "კილერა" შეარქვეს. ჩემი ინფორმაციით, მას ჰქონდა ფსიქიკური გადახრები. "კილერა" ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში დაინიშნა მთავარ ექიმად, შემდეგ გადმოიყვანეს გლდანის "რესბალნიცაზე" და გახდა მისი დირექტორი. იმ დღიდან "რესბალნიცაზე" დაიწყო საშინელი წამების ციკლი, როგორიცაა საცხედრეში (მორგში) გვამებთან ერთად პატიმრების ჩაკეტვა, ცემა-წამება... მისი წინამორბედი მელაძეც ჯალათობდა, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, კულტურული ჯალათი იყო. მელაძე შევარდნაძის დროინდელი კადრი იყო და ცუდად დაასრულა მოღვაწეობა - შემოაკვდა პატიმარი, დააპატიმრეს კიდეც და შემდეგ "დიდი დამსახურების" გამო აღარ გაიმეტეს დასასჯელად. ამჟამად სად არის, ვერ გეტყვით. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ლადო ბედუკაძემ განაცხადა, რომ "რესბალნიცა" ტრანსპლანტაციის ცენტრად იყო გადაქცეული. მან ბევრი რამ იცის.
- მაინც რითი ჰგავს მუხაძე მენგელეს?
- იოზეფ მენგელე ოსვენციმის ბანაკში "მოღვაწეობდა". მას და მუხაძეს წამების თითქმის ერთნაირი მეთოდები ჰქონდათ, ორივენი იყვნენ ექიმები, ნაციონალური პარტიის აქტიური წევრები და ორივეს სახელთან არის დაკავშირებული ორგანოთა ტრანსპლანტაცია. მენგელე პატიმრებს აცლიდა ჯანსაღ ორგანოებს, გზავნიდა მათ გადასანერგავად და ატარებდა ექსპერიმენტებს, პატიმრებს საცდელ ბოცვრებად იყენებდა. ის 1945 წელს გაუჩინარდა. ამბობენ, მენგელე სამხრეთ ამერიკაში გაიქცა და პარაგვაის დიქტატორის, გენერალ სტრესნერის პირადი მრჩეველი იყოო. როგორც მენგელე გაქრა და მასზე გამოცხადდა ძებნა, ისე გაუჩინარდა მუხაძეც. საინტერესოა, რომ გესტაპომ, კერძოდ, კალტენბრუნერმა შეიმუშავა სპეციალური გეგმა "ოდესის არხი" - როგორ უნდა გაეყვანათ სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები გერმანიიდან უცხოეთში და დაესახლებინათ საიმედო ადგილებში - არგენტინაში, აფრიკაში, პარაგვაიში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. არ გამოვრიცხავ, ნაცმომაც შეიმუშავა მსგავსი გეგმა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნიდან გაიყვანა ადეიშვილი, მუხაძე, დათა ახალაია და სხვები. ასევე იქცეოდნენ ნაცისტები - ქვეყნიდან-ქვეყანაში სხვადასხვა პასპორტით გადადიოდნენ.
- რატომ შეარქვეს მუხაძეს "კილერა"?
- ალექსანდრე მუხაძე გარეგნობით ჩამოჰგავდა მიულერს - საშუალო სიმაღლის, გამხდარი, გადაგლესილი თმით, თაფლისფერი, ოღონდ, უფრო ფართო თვალებით. ყოველთვის "რაციით" დადიოდა და ეკეთა ძვირად ღირებული საათი. მეც ასე წარმომიდგა - "კილერა" ვარო. მას ჩემთან ორჯერ ჰქონდა კონტაქტი. ერთხელ, შიმშილობა რომ დავიწყე, მოვიდა და მითხრა, აქ თუ დარჩები, შენს თანასაკნელებს კარცერში ჩავიყვან და იქ დავამუშავებთო. ისეთი პათოსი ჰქონდა, კინაღამ ვუთხარი, "ჰაილ ჰიტლერ"-მეთქი... მეორედ, როდესაც სასტიკად მცემეს, ღამით შემოვიდა საკანში და მითხრა, 3 საათში შენთან შემოვლენ და ჩამოხრჩობის ინსცენირებას მოვაწყობთო. მას ციხეში ფსიქიკურად დაავადებული პატიმრებიც ჰყავდა. რა უნდოდა ჩვეულებრივ ციხეში ასეთებს? ჩვენს ზონაში იყო სამი ასეთი ადამიანი, რომლებიც, წესით, ხონში ან ფოთში უნდა ყოფილიყვნენ გამწესებული. ვეჭვობ, ამ ადამიანების ციხეში ყოფნა იმით აიხსნებოდა, რომ მათზე ცდებს, ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოცდებს აწარმოებდნენ. ეს ჩემზეც სცადეს - მასმევდნენ "ბორჯომს" და "ლიკანს", რომელშიც, სავარაუდოდ, ჩაყრილი იყო "სკოპოლამინი" - ფსიქოტროპული ნივთიერება. "მორგი" და "რესბალნიცა" იყო ყველაზე დახურული ზონა და იქ არავის უშვებდნენ, ერთადერთი, ვინც შედიოდა, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში იყო და ისიც "კილერასთან" ძმაკაცობდა. რამდენჯერმე დამინახავს, ხელგადახვეულებს ჩაუვლიათ ჩემი ფანჯრის წინ.
- ამდენი მსგავსების შემდეგ, ახალ "ნიურნბერგის პროცესსაც" ხომ არ უნდა ველოდოთ?
- ახალი ნიურნბერგის პროცესი იქნება და ეს აუცილებელიც არის.
ცნობისათვის
იოზეფ მენგელემ (1912-1979 წწ.) ოსვენციმის ტყვეთა ბანაკში 21 თვის განმავლობაში იმუშავა და სისასტიკით განთქმულ ექიმს "სიკვდილის ანგელოზი" შეარქვეს. ის პირადად ხვდებოდა ტყვეებით გაძეძგილ მატარებლებს და თვითონ წყვეტდა, ვის მძიმე სამუშაოს შესასრულებლად გაგზავნიდა, ვის გაზის კამერაში ამოახრჩობდა და ვის ცდებისთვის გამოიყენებდა. ნაცისტი ექიმი ექსპერტიზის შედეგებს ჩანაწერებში, ე.წ. აქტებში აღწერდა. ადამიანების, მათ შორის, ბავშვების დანაწევრება, მამაკაცების კასტრირება ანესთეზიური პრეპარატების გარეშე მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო იყო. მენგელეს "საცდელ ბოცვრებად" ქალებიც ჰყავდა და მათ სხეულში ხშირად მაღალ ძაბვას ატარებდა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა ტყუპები. თვითმხილველთა თქმით, ნაცისტი ექიმი ტყვეთა შორის ტყუპს არჩევდა და სხვებისგან განცალკევებულ ბარაკებში აცხოვრებდა. მენგელეს მიერ საექსპერიმენტოდ შერჩეული 3000 ტყუპიდან ცოცხალი მხოლოდ სამასი გადარჩა.